Thumbnail
  • squawka.com-ის უიღბლოთა XI
  • ზოგიერთ მათგანს საოცნებო ტიტულამდე 2 წუთი აშორებდა

ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი კლუბი აგრძელებს ბრძოლას. ბევრისთვის კი ტიტულისთვის ოცნება დასრულდა, ზოგიერთი მათგანისთვის სულაც სამუდამოდ. squawka.com-მა შემოგვთავაზა იმ დიდი ფეხბურთელების "სიმბოლური ნაკრები", რომელთაც კარიერაში არასდროს მოუგიათ ჩემპიონთა ლიგა. 

დღევანდელი სუპერვარსკვლავებიდან, კრიშტიანო რონალდოს 5-ჯერ აქვს ტიტული მოგებული, ხოლო ლიონელ მესის - 4-ჯერ. წლეულს, ლეოს კრიშტიანოს დაწევის შანსი გაუჩნდა, რადგან პორტუგალიელი იუვენტუსი ლიგას დაემშვიდობა, არგენტინელის ბარსელონა კი ნახევარფინალშია.

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

ბუფონმა იუვენტუსთან ერთად ფინალში სამჯერ, 2003, 2015 და 2017 წლებში ითამაშა, მაგრამ ტურინელებმა სამივე წააგეს: მილანთან, ბარსელონასთან და მერე რეალთან. ჯიჯის ლიგაში 122 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლო მატჩი კი მერვედფინალზე მოდის, როცა პსჟ სენსაციურად გამოაგდო მანჩესტერ იუნაიტედმა.

მიუხედავად ამისა, ბუფონი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

მარჯვენა მცველი: ლილიან ტურამი

კიდევ ერთი ექსიუვენტუსელი - ტურამმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი იუვესთან ერთად 2003 წელს მილანთან წააგო. ფრანგ მცველს ლიგაზე 69 მატჩი აქვს ნათამაშები. ტურამი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ლიგაზე არ გაუმართლდა.

ცენტრალური მცველი: ლორან ბლანი

მას ისეთ ტოპკლუბებში უთამაშია, როგორიც ინტერი, ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ტიტული საოცნებოდ დარჩა. როგორც ტურამი, ბლანიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. ლიგის მოგება მან მწვრთნელობითაც სცადა, მაგრამ პსჟ-სთან ერთად მეოთხედფინალის იქით ვეღარ წავიდა.

ცენტრალური მცველი: ფაბიო კანავარო

ყველას ახსოვს კადრი, როცა 2006 წელს კანავარო მსოფლიოს თასით ზეიმობს. მისთვის სამწუხაროდ, იტალიელმა მთავარი საკლუბო ჯილდო ვერ მოიგო. ეს იმის მიუხედავად, რომ ინტერში, იუვენტუსში და რეალში ითამაშა. ინტერთან ერთად მან ერთხელ ნახევარფინალში ითამაშა, სულ ეს არის.

მარცხენა მცველი: ჯანლუკა ძამბროტა

როცა ის ბარსელონაში იყო, კატალონიელებს ტიტულების მხრივ "მშრალი" სერია ჰქონდათ. იუვენტუსსა და მილანში შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, მაგრამ ლიგის ტიტულს ვერ შეწვდა. 
საოცარია, მაგრამ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს საკლუბო ასპარეზზე არ გაუმართათ - განსაკუთრებით ეს იუვენტუსის ძლიერ მცველებს ეხება. 

ცენტრალური ნახევარმცველი: მიხაელ ბალაკი

2002 წელს ბალაკის საუკეთესო სეზონში, მან ჩემპიონთა ლიგის ფინალი დათმო ლევერკუზენთან ერთად, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიც წააგო.

ბალაკმა ბაიერნთან ერთად შინაურ ასპარეზზე ყველაფერი მოიგო, მაგრამ ლიგაზე ვერ იყოჩაღა. ჩელსისთან ერთად მან 2008 წელსაც ითამაშა ლიგის ფინალში, ისევ წააგო.

ცენტრალური ნახევარმცველი: ლოთარ მათეუსი

მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. მოკლედ ყველანაირი ტიტულის მფლობელი მათეუსი ჩემპიონთა ლიგის ტიტულით ვერ დაიკვეხნის. არადა, 1999 წელს მას ამ ტიტულთან 2 წუთი აშორებდა, მაგრამ უკვე გამოცვლილი მათეუსის ბაიერნის კარში ტედი შერინგემმა და ოლე გუნარ სულშერმა მანჩესტერს მოაგებინეს. 57 წლის ყოფილ ვარსკვლავს ეს ალბათ, ახლაც კოშმარებში ესიზმრება.

ცენტრალური ნახევარმცველი: პაველ ნედვედი

თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს ევროთასებზე 100 მატჩი დაუგროვდა, მაგრამ მას ლიგის ფინალშიც კი არ უთამაშია. 2003 წელს ის მილანთან ფინალს ყვითელი ბარათების გამო დააკლდა. კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა იმ თამაშში, ნედვედს, რომ ეთამაშა.

თავდამსხმელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ჩემპიონთა ლიგაზე ზლატანს 7 გუნდის მაისურით აქვს ნათამაშები. მან ნახევარფინალში ბარსელონასთან ერთად ითამაშა, მაგრამ მაშინ პეპის გუნდი ზლატანის ყოფილმა გუნდმა, ინტერმა გააგდო.

თავდამსხმელი: გაბრიელ ბატისტუტა

90-იანი წლების ბოლოს გაბრიელ ბატისტუტაზე კარგი ფორვარდი არ ყოფილა მსოფლიოში. ის დიდხანს იყო ფიორენტინას ერთგული და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის, რომ საკლუბო დონეზე ბევრი ტიტულით ვერ დაიკვეხნის.

თავდამსხმელი: რონალდო

საკმაოდ მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ ბრაზილიელმა რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედთან ჰეთ თრიკი შეასრულა და მას "ოლდ ტრაფორდმა" ოვაციები მოუწყო. ეს მის კარიერაში ყველაზე კარგი მოგონებაა, რაც ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება - ფენომენს ლიგა არ მოუგია.

მიუხედავად ამისა, სანაკრებო კარიერით რონალდომ დაამტკიცა, რომ ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 

სიაში მოხვედრას იმსახურებდნენ, რომ არა ზემოთ ნახსენები 11-ეული.

Honourable mentions

ჯორჯო კიელინი
რობერ პირესი
სესკ ფაბრეგასი
ფრანჩესკო ტოტი
დენის ბერგკამპი
ფილიპ კოკუ
ჟორჟ ვეა
პატრიკ ვიეირა
ერნან კრესპო
რუუდ ვან ნისტელროი
რობერტო ბაჯო  

კომენტარები

ბოლო ამბები