Thumbnail
  • Матч ТВ-ის კომენტატორმა კვერკველიას ევროპაში ტრანსფერის შანსზე ისაუბრა
  • მოსკოვის ლოკომოტივში ქართველი მცველის ხელფასი არცთუ მაღალი ყოფილა
  • მოსკოველებთან 27 წლის მცველის კონტრაქტში საინტერესო დეტალია ჩადებული 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა კვერკველია მესამე სეზონია, მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას იცავს. 27 წლის ფეხბურთელმა ამ გუნდთან ერთად ჯერ რუსეთის თასი მოიგო, შარშან - ჩემპიონობა, წელს კი წარმატების გამეორების შანსს ინარჩუნებს.

საბას, რომელსაც მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული, კარგა ხანია სათამაშოდ ევროპაში წასვლას უწინასწარმეტყველებენ. სატრანსფერო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, ეს ხმები სულ უფრო მრავლდება. 

რუსული Матч ТВ-ის კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა, რომელიც ადგილობრივ ფეხბურთში კარგადაა გარკვეული, საბა კვერკველიას ტრანსფერის შესაძლებლობაზე ისაუბრა და ვფიქრობთ, ეს ქართველ გულშემატკივრისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

საბა რუსეთის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა

"ჩემი ინფორმაციით, კვერკველიას კონტრაქტში არის ოფცია, რომლის თანახმად მას 1-ელი ივლისიდან კლუბის დატოვება 3,6 მილიონ ევროდ შეუძლია. ის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია თავის პოზიციაზე და შესაბამისად, მას წინადადების ზღვა ექნება, თუკი ლოკომოტივი კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს.

დიახ, მას უყვარს რუსეთი, მაგრამ ასევე შეიყვარებს ინგლისსა თუ გერმანიას. აქ საკითხი შეთავაზებაზეა

კვერკველიას უყვარს ლოკომოტივი, მაგრამ თუკი კარგ ხელფასს შესთავაზებენ, სავსებით მოსალოდნელია, რომ წავიდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ძლიერ ფეხბურთელზე, რომელიც ლეგიონერად მოვიდა და აქ აღზრდილი არაა. დიახ, მას უყვარს რუსეთი, მაგრამ ასევე შეიყვარებს ინგლისსა თუ გერმანიას. აქ ხომ საკითხი შეთავაზებაზეა. 

საბას რუსეთში წელს კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს

ლოკომოტივში მას არცთუ მაღალი ხელფასი აქვს - სოლიდური, მაგრამ არა ყველაზე დიდი. ევროპაში მის მიმართ არის ინტერესი დიდი ჩემპიონატების საშუალო გუნდებიდან. ამ ფასად მას სავსებით შეუძლია ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში და გერმანიაში წასვლა. არანაკლებ მოსალოდნელია, მისთვის ვარიანტების შეთავაზება რუსეთშიც. 3,6 მილიონი - სასაცილო თანხაა ასეთი კლასის მოთამაშეში. 

3,6 მილიონი ევრო - სასაცილო თანხაა ისეთი კლასის მოთამაშეში, როგორიც კვერკველიაა

კონკრეტიკა ჯერ არაა, მაგრამ გასულ ზამთარსა და წინა ზაფხულში მის მიმართ ინტერესი იყო ბრაიტონის, ლესტერისა და სხვებისგან. ვიმეორებ: გამოსასყიდი თანხა 9 მილიონი იყო, რომელიც ახლაც აქტუალურია, მაგრამ 1-ელი ივლისიდან 3,6 მილიონამდე შემცირდება და რა თქმა უნდა, მისი შეძენის მეტი მსურველი გამოჩნდება. ძალიან რეალური ვარიანტია, თუ ლოკომოტივი რაღაცას არ მოიმოქმედებს", - ამბობს არუსტამიანი.

საბას უთქვამს, რომ მისი ოცნება ინგლისის პრემიერლიგაში თამაშია

საბა კვერკველიამ მიმდინარე სეზონში მოსკოვის ლოკომოტივის ღირსება 33 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა. ცენტრალურ მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 31 შეხვედრაში უთამაშია.

მოსკოვის ლოკომოტივს რუსეთის პრემიერლიგაში გასული 23 ტურის შემდეგ 42 ქულა აქვს და მხოლოდ სატურნირო ცხრილის ლიდერ ზენიტს ჩამორჩება (48).

კომენტარები

ბოლო ამბები