Thumbnail

MMA თბილისში | 11 ორთაბრძოლა და 22 პროფესიონალი სპორტსმენი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში საინტერესო სპორტული საღამო შედგება
  • 22 სპორტსმენიდან 7 ქართველია, მათ შორის რაულ თუთარაული

4 მაისს, თბილისში, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში საინტერესო სპორტული საღამო შედგება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც შერეული ორთაბრძოლები და ზოგადად, სპორტის საბრძოლო სახეობები უყვარს. TGC-ის ეგიდით გაიმართება გურამ გუგენიშვილის სახელობის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტური. შედგება11 ორთაბრძოლა, რომელშიც 22 პროფესიონალი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ორთაბრძოლები 19:00 საათიდან დაიწყება, ბილეთების ფასი კი 10 და 15 ლარია. ამ პროექტს სათავეში უდგას საქართველოს უნივერსალური ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი კაბულაშვილი, რომელმაც popsport.com-ის რამდენიმე კითხვას უპასუხა...

popsport: უფრო დეტალურად გვითხარით 4 მაისს დაგეგმილი ორთაბრძოლების შესახებ...

გიორგი კაბულაშვილი

კაბულაშვილი: არის ასეთი ორგანიზაცია: TGC, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპორტსმენებს აერთიანებს. 4 მაისს, თბილისში, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდება 11 ორთაბრძოლა, რომელშიც 22 პროფესიონალი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მებრძოლები ჩამოვლენ 10 ქვეყნიდან, მათ შორის ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან და ირანიდან. ძალიან საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლებს ვიხილავთ. 

popsport: რამდენ ქართველ მებრძოლს იხილავს გულშემატკივარი?

კაბულაშვილი: სულ 7 ქართველი მებრძოლი იასპარეზებს. მათ შორის არის რაულ თუთარაული, რომელიც მსოფლიო დონის, ტიტულოვანი მებრძოლია. რაულს წარმატებები აქვს გრეპლინგში, კუდოში და რა თქმა უნდა, შერეულ ორთაბრძოლებში. ასევე, ვიხილავთ მათე სანიკიძეს, თამაზ ბოჭორიშვილს და არჩილ სარდიაშვილს, რომელიც სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ორჯერ მსოფლიოს პრიზიორი შერეულ ორთაბრძოლებში. 

popsport: თუ ექცევა საქართველოში ყურადღება სპორტის საბრძოლო სახეობებს და რა მიზნები გაქვთ დასახული?

კაბულაშვილი: დიდი გეგმები გვაქვს, პირველ რიგში კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გვსურს თავის გამოჩენა. ამ ტურნირებზე საუკეთესო ქართველი მებრძოლების გაშვებაა საჭირო, ამისთვის კი მხარდაჭერა გვჭირდება როგორც სახელმწიფოსგან, ისე კერძო სპონსორებისგან. სპორტის სამინისტროში უკვე წარვადგინეთ ყველა საჭირო საბუთი და ახლო მომავალში სპორტის სახეობად ოფიციალურად დარეგისტრირებას ველოდებით. ეს იქნება დიდი ნაბიჯი წინ. 4 მაისს დაგეგმილი ღონისძიების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატიც უნდა ჩავატაროთ, სადაც საუკეთესო ქართველ მებრძოლებს შევარჩევთ და საერთაშორისო ტურნირებისთვის საქართველოს ნაკრებს დავაკომპლექტებთ.

ისტორია მეორდება! მსოფლიოს 10 ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ! მოდი, უგულშემატკივრე ჩვენებს ! 4 მაისს დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში თავდაუზოგავი ბრძოლა გელოდება!

Posted by GURAM FIGHT CLUB on პარასკევი, 12 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები