Thumbnail

The Division 2 - ტომ ქლენსის სერია გრძელდება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • The Division 2-ს უმთავრესი ნაკლი სუსტი ნარატივია
  • სამყარო დამაჯერებელი და დამაინტრიგებელია
  • ენდგეიმი Ubisoft-ის უახლესი ქმნილების საუკეთესო ნაწილია

სეთინგი და ისტორია

არ იცი, თუ რატომ ხარ ვაშინგტონში, გახსოვს, რომ უცნობი ქალის რჩევით მოხვდი აქ. მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ. ქუჩაში შეიარაღებული დაჯგუფებები დადიან, ხოლო სიტუაციის გამოსწორება კი მხოლოდ შენ შენ, შენს მეგობრები და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეორე შესწორებას (მოქალაქეთა უფლება იქონიონ და ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი) შეგიძლიათ. მართალია ბევრი არაფერი გახსოვს, მაგრამ ხალხს ეხმარები და შენი აზრით ცუდ ადამიანებს ხოცავ

ტომ ქლენსის The Division 2-ის სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატები ვირუსის შედეგად განადგურდა და საზოგადოებაც სახეცვლილია. ადამიანთა ნაწილი დაჯგუფებებში გაერთიანებას ცდილობს, რათა გადარჩეს, ხოლო სტრატეგიული დივიზია კი წესრიგის აღსადგენად სპეციალიზირებულ აგენტებს ააქტიურებს. ისტორია ძალიან საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან მას აქვს პოტენციალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს თანამედროვე საზოგადოების სტრუქტურები. The Division 2 შეიძლებოდა ყოფილიყო ვიდეო თამაში ქაოსზე, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც რადიკალური მოსაზრებების მქონე დაჯგუფებები ერთმანეთს კანონგარეშე გარემოში ეჯახებიან. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არაა.

ისტორია უბრალოდ არ არსებობს. Division 2-ის მთავარი კამპანიის თამაშისას ხვდებით, რომ დეველოპერებმა თამაშის შინაარსს არასაკმარისი დრო დაუთმეს. ხშირად გაუგებარია, თუ რატომ არიან 'მნიშვნელოვანნი' ის პერსონაჟები, რომლებსაც გადააწყდებით. მოვლენები და პერსონაჟი ლოგიკურად არ ვითარდებიან, უბრალოდ რაღაც ხდება, შემდეგ კი ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება. ხმოვან გზავნილებს, რომლებსაც სამყაროს შესწავლისას პოულობთ, თამაშზე მცირე გავლენა აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელსაც ქეისში ანტივირუსი უდევს, უპატიებლად ცოტა დრო ეთმობა. The Division 2-ის პოტენციალი ამ მხრივ გაფლანგულია.

სამყარო და გეიმფლეი

ნაცვლად ამისა, Ubisoft-ის ახალი თამაში სამყაროზეა კონცენტრირებული. განადგურებული ვაშინგტონი თავიდან ჩვეულებრივ დასავლურ ქალაქს ჰგავს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ შეამჩნევთ, რომ სხვადასხვა უბნები, შენობები და პარკები შეცვლილია. ეს ცვლილება არ არის მკვეთრი, უფრო დეტალებში დაინახავთ და ნელნელა თამაშის სამყაროში სრულად ჩაეფლობით. The Division 2-ის ერთ-ერთი მთავარი პლუსი სწორედ გარემოა - ღია სამყარო, რომელიც დამაჯერებელი და ჩამთრევია.

უსაფრთხო ადგილიდან ღია სამყაროში გასვლა და მომდევნო მისიები, თითქოს ერთმანეთთან დაკავშირებული არაა. ეს თამაშიც პირველ ინსტალაციაშიც ასე იყო, მაგრამ ამჯერად ქუჩებში სიარული სასიამოვნო და საინტერესოა. ერთმა გზამ შესაძლოა მოწინააღმდეგე ჯგუფთან შეგახვედროთ, მეორემ კი უბრალოდ უსაფრთხო ქუჩები შემოგთავაზოთ. შემთხვევით აღმოჩენილ მოკლე გზაზე, თუ მიტოვებულ სახლებში, ბევრ სასარგებლო ნივთს იპოვნით და გაქვთ არჩევანი თქვენი ქონება იმ პატარა დასახლებებს გადასცეთ, რომლებშიც მოქალაქეები ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობენ.

World building თამაშის ძლიერი მხარეა

დასახლებები თავიდან უბრალო მცირე ზომის ქოხებისგან შედგება, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას ვითარდება, იზრდება და უფრო და უფრო მიმზიდველ ლოკაციებად იქცევა. მთავარი მისიების გარდა, რომელთა უმთავრესი მიზანიც მოწინააღმდეგეთა დასუსტებაა, თამაშში არსებული 'პროექტები' პერსონაჟის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. პროექტებს მარტივი მოთხოვნა აქვთ - შეწირე დასახლებებს რესურსები და მონაწილეობა მიიღე გარკვეულ აქტივობებში. აღნიშნული გეიმერს თამაშის სამყაროს შესწავლისკენ და მასში მეტი დროს გატარებისკენ უბიძგებს. აღმოაჩენთ ახალ ტერიტორიებს, გაიჩენთ ახალ მტრებს, მოიპოვებთ ახალ ეკიპირებას და ამ ყველაფრით კარგად გაერთობით. The Division 2 თამაშია, რომელშიც მუდმივად კონფლიქტია, რომელსაც სასიამოვნო ჯილდო მოჰყვება. პერსონაჟი და სამყარო პარალელურად პროგრესირებენ, რაც თამაშის ერთ-ერთი უმთავრესი აქტივია.

საკმაოდ დიდ დროს გაატარებთ დამალული, დაელოდებით უტვინო მტერს, რომელიც სულ მალე თქვენი მსხვერპლი გახდება. იარაღების არჩევანი მრავალფეროვანია და საბრძოლო სცენები შესანიშნავადაა შესრულებული. ამას რვა შესაძლებლიდან ორი სპეციალური უნარის არჩევა ემატება. თუმცა მთავარი, რის შედეგადაც The Division 2-ის ორთაბრძოლები მიგიზიდავთ, მტრების და მათი ქცევების მრავალფეროვნებაა.

The Division 2-ში დროის დიდ ნაწილს დამალული გაატარებთ

დაგაინტერესათ, თუ რატომ ატარებთ დროის დიდ ნაწილს დამალული? იმიტომ, რომ ღია სივრცეებში ძალიან მარტივად გაგისწორდებიან. თამაშში უამრავი მტერია, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ თქვენს დასამარცხებლად უკეთესი პოზიცია მოიპოვონ. გახსოვთ, ნახსენები უნარები? იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ხშირ შემთხვევაში მათი სრული პოტენციალის გამოყენება გიწევთ. ზოგიერთ, უფრო რთულად დასამარცხებელ მტერს დაცვის რამდენიმე ბარიერი აქვთ, რომელთა გადალახვაც მოგიწევთ. სამაგიეროდ, ზოგიერთ მტერს აშკარა სუსტი წერტილი აქვს, რომელსაც თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. საწვავის ავზი, რომელიც ცეცხლმტყორნის მქონე მტერს აქვს, აშკარა სუსტი წერტილია, მაგრამ როდესაც რობოტებთან მოგიწევთ დაპირისპირება, მიხვდებით რომ სუსტი წერტილები, მხოლოდ წამიერად ჩანს და მისი გამოჩენისთანავე თავს მტრის რისხვა დაგატყდებათ. The Division 2 თქვენთვის მრავალგვარ წინაღობას ქმნის, რაც ორთაბრძოლებს მუდმივად უნარჩუნებს დაძაბულობას.

აუცილებლად გაგიხარდებათ, როდესაც გეტყვით, რომ პრაქტიკულად თითოეული წინაღობის გადალახვის შემდეგ, დამაკმაყოფილებელ ჯილდოს მიიღებთ. ეკიპირების გაუმჯობესება თამაშის ძირეული ნაწილია, რომლითაც გრძნობ, რომ პროგრესი გაქვს. იარაღების მრავალფეროვნება გაიძულებს გაითვალისწინო ისეთი რამეები, რაზეც სხვა თამაშებში არ იფიქრებდი. Ubisotft-მა The Division 2-ს მიკროტრანზაქციებიც დაუმატა, რომლითაც პერსონაჟის ვიზუალურ მხარეს გააუმჯობესებთ, თუმცა ეს ფუნქცია უშუალოდ გეიმფლეიზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

ეკიპირების მრავალფეროვნება თამაშს მიმზიდველს ხდის

მსგავსად ორთაბრძოლებისა, თამაშის დადებითი მხარეა ეკიპირების მრავალფეროვნებაც. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო შტამბეჭდავი სტატების მქონე იარაღის დაჭერა გსურთ, არამედ იმიტომ, რომ რაც უფრო იმატებს თამაშის სირთულე, მით უფრო შესამჩნევია უკეთესი ეკიპირების პლუსები. მნიშვნელობა აქვს აბჯრის სახეობასაც. ერთი და იმავე მწარმოებლის ეკიპირების ჩაცმის შემთხვევაში, დამატებით უპირატესობას მიიღებთ. ეს ბონუსები განსაკუთრებით ეფექტური და მიმზიდველი თამაშის მიწურულსაა, როდესაც მტრულად განწყობილი დაჯგუფება Black Tusk ყველაზე ძლიერი და დაუნდობელია.

როგორც ყველა როლურ თამაშში, The Division 2-შიც შეგხვდებათ ასობით ნივთი, რომლებიც სრულიად გამოუსადეგარია, შესაბამისად მათი გაყიდვისა და ნაწილებად დაშლის ფუნქციებს ხშირად გამოიყენებთ. რა თქმა უნდა, თავადაც შეგიძლიათ შექმნათ, ან გააუმჯობესოთ უკვე არსებული ეკიპირება.

იმავეს თქმა შეიძლება მულტიპლეიერზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ მეგობრებთან ერთად ითამაშოთ. შეგიძლიათ შექმნათ, ან შეუერთდეთ კლანს, რის შემდეგაც ყოველკვირეულ გამოწვევებს გაუმკლავდებით და კუთვნილ ჯილდოს დაიმსახურებთ. თუკი მარტოს გსურთ თამაში (რაც უფრო რთულია, მაგრამ სრულიად შესაძლებელი), მისიის დაწყებამდე შემთხვევით შემხვედრთან გაერთიანების შანსი გაქვთ, რაც ძალიან სასარგებლო ფუნქციაა.

ენდგეიმი

გაგიკვირდებათ და თამაში ბოლო ბოსის მოკვლით არ სრულდება. სწორედ მაშინ, როდესაც გეგონებათ, რომ The Division 2 დახურეთ და ვაშინგტონი გაათავისუფლეთ, ქალაქს უკვე ნახსენები დაჯგუფება - Black Tusk იპყრობს. სწორედ ამ დროს გეძლევათ შანსი სამიდან ერთი კლასი აირჩიოთ, რომლებსაც საკუთარი უნარების ხე აქვს. კამპანიის დასრულების შემდეგ თამაშში უამრავი აქტივობაა, რომლებითაც შეგიძლიათ დაკავდეთ. მეტის გაკეთების მოტივიაციას The Division 2-ის თამაშისას არასდროს დაკარგავთ. ამ დროს, უკვე ხელმისაწვდომია უფრო რთული და შეცვლილი კამპანიის და ხანგრძლივი 'სტრონგჰოლდ' მისიები. ბრძოლის ახალი და უფრო რთული სცენარები სამყაროს ძალიან მიმზიდველს ხდის. დაჯგუფებები ერთმანეთს ტერიტორიაზე კონტროლისთვის ებრძვიან, ღია სამყაროში მოვლენები უფრო სწრაფად, ქაოტურად ვითარდება და პერსონაჟის განვითარების მეტი შანსი გეძლევათ. The Division 2-ს მთავარი უპირატესობა მისი ენდგეიმია.

არ უნდა გამოგვრჩეს სამი Dark Zone არეა, რომელიც კამპანიის დროსაც ხელმისაწვდომია. ამ ტერიტორიებზე მაღალი ხარისხის ეკიპირების მოპოვების შანსი იზრდება, თუმცა რისკიც მეტია. ბნელ ზონაში მოთამაშეებს შეუძლიათ სხვებთან ითანამშრომლონ, ან პირიქით, ერთმანეთს შეუშალონ ხელი. ბნელი ზონის გამოკვლევა The Division 2-ის კიდევ ერთი დამაინტრიგებელი და გამაოგნებელი ნაწილია.

The Division 2-ს მულტიპლეიერი თამაშს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს

დასკვნა

The Division 2-ის სეთინგს უდიდესი პოტენციალი აქვს და გულდასაწყვეტია, რომ დეველოპერებმა ეს კონკრეტული ამბის მოსათხრობად და ინფორმაციის გასაზიარებლად ვერ გამოიყენეს. გეიმერს ხშირად უჩნდება განცდა, რომ არ იცის, თუ რატომ არის ამ სამყაროში მოხვედრილი და რა არის მისი მტრების მოტივაცია, რისი მიზეზიც სუსტი ნარატივია. თამაშის პირველმა საათებმა შესაძლოა იმედგაცრუებული დაგტოვოთ, მაგრამ თუკი გაძლებთ და ენდგეიმამდე მიხვალთ, მიხვდებით, რომ დრო არ დაგიკარგავთ და წინ გართობის ათობით საათი გელით. The Division 2-ში დაძაბულობის, გამარჯვების და ჯილდოს მიღების მუდმივი წრეა შეკრული, რომლისგანაც თავის შორს დაკავება, ძალიან რთულია.

კომენტარები

ბოლო ამბები