Thumbnail

დერიკ ვაითი აქ არის და დიდი ხნით რჩება - სან ანტონიომ დენვერს ისევ მოუგო

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სან ანტონიო - დენვერი 118:108
  • დერიკ ვაითმა 33 წუთში 36 (!) ქულა ჩააგდო
  • სპურსი სერიაში 2:1 დაწინაურდა, მეოთხე თამაში კვლავ ტეხასშია

სან ანტონიოში გამართულ მესამე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ ორ შეხვედრაში გუნდებმა მოგებები გაიყვეს და მესამე მატჩში მოგებული სერიაში სტრატეგიულ უპირატესობას ეუფლებოდა. თამაშიც დაძაბული გამოვიდა და მეოთხე მეოთხედამდე ქულა-ქულაში მიდიოდა. მხოლოდ უკანასკნელი მეოთხედში მოახერხა პოპოვიჩის გუნდმა საბოლოოდ წინ გასვლა.

შეხვედრას მოულოდნელი გმირი ჰყავდა - 2017 წლის დრაფტის 27 ნომერმა დერიკ ვაითმა სპურსს 33 წუთში ჩაგდებული 36 (!) ქულით ულიდერა. ეს მისი კარიერაში საუკეთესო შედეგია. 25 ჩაგდებული ქულით დაასრულა მატჩი დემარ დეროზანმა.

დენვერი ტრადიციულად გუნდურ კალათბურთზე ჩამოვიდა ფსონს - 25 ქულას არცერთი მოთამაშე არ აცილებია, საუკეთესო კი ნიკოლა იოკიჩი იყო 22 ქულით.

დენვერი უკეთესად ისროდა (51.9 პროცენტი ზუსტი სროლები, სპურსი -49.4) და 15 სამქულიანი ჩააგდო (პერიმეტრიდან ზუსტი სროლების 51.9 %) სპურსის 7 სამიანის წინააღმდეგ, თუმცა შეხვედრა მაინც დათმო. გადამწყვეტი სხვა კატეგორიები აღმოჩნდა - ტრადიციულად, სან ანტონიო თითქმის არ კარგავდა ბურთს (მხოლოდ 6 დაკარგვა თამაშში, დენვერს 13 დაკარგვა ჰქონდა) და დაცვაში აგრესიისა და მონდომების ხარჯზე მასპინძლებმა 9-ჯერ მოიპარეს ბურთი და კოლორადოელებს ფარიც მოუგეს (15 მოხსნა შეტევაში). დენვერი უკეთ ისროდა, თუმცა სან ანტონიოს უფრო მეტი სროლა ჰქონდა, ბურთს ისინი უფრო ხშირად მოიპოვებდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს კიდეც.

მეოთხე მატჩს ისევ სან ანტონიო მასპინძლობს, კიდევ ერთი გამარჯვება და პოპოვიჩის გუნდს რეალური შანსი ექნება სენსაცია მოახდინოს და მეორე ნომერი დენვერი პირველ რაუნდშივე გააგდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები