Thumbnail
  • 49 წლის სპეციალისტის მიწვევით სერია A-ს სამი კლუბი ინტერესდება
  • როგორც ჩანს, ტურინელები ალეგრისთან გამომშვიდობებას აპირებენ
  • ანტონიო კონტემ ის პირობა დაასახელა, რითაც არჩევანს გააკეთებს 

ტურინის იუვენტუსმა, რომელიც ახლახან ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, ანტონიო კონტესთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართა. Sky Sport Italia-ს ცნობით, ტურინელთა ხელმძღვანელობა უმუშევრად მყოფი იტალიელი სპეციალისტის მიწვევის შესაძლებლობას ზაფხულში, მასიმილიანო ალეგრისთან გამომშვიდობების შემთხვევაში განიხილავს, რაც მოულოდნელი ალბათ არავისთვის იქნება.

49 წლის ანტონიო კონტეს მიწვევით არაერთი იტალიური კლუბი ინტერესდება. დაიწერა, რომ სპეციალისტთან უკვე ითათბირა რომამ, რომელსაც სეზონის ბოლომდე კლაუდიო რანიერი წვრთნის. ასევე ცნობილია, რომ კონტეზე თვალი უჭირავს მილანის ინტერსაც, რომელიც ლუჩანო სპალეტისთან დამშვიდობებას ზაფხულში აპირებს.

მედიის ცნობით, კონტემ მსურველებს უკვე შეუთვალა, რომ შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ წლიური ხელფასი, სულ ცოტა, 10 მილიონი ევრო იქნება. თავად სპეციალისტი კი თავის მომავალზე ასეთ რამეს ამბობს:

"რომელ გუნდს გავწვრთნი მომავალ სეზონში? ჯერ კიდევ არ ვიცი, სად წავალ, მაგრამ ნამდილად შემიძლია იმის თქმა, რომ ავირჩევ გუნდს, რომლის პროექტიც ჩემთვის ყველაზე დამაჯერებელი იქნება", - აქვეყნებს კონტეს სიტყვებს calciomercato.

ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით იუვენტუსი ზედიზედ სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (2011/12, 2012/13, 2013/14), ორჯერ კი იტალიის სუპერთასის (2012, 2013) მფლობელი.

კონტეს ბოლო კლუბი ჩელსი იყო. ამჟამად იტალიელსა და ლონდონურ კლუბს შორის დავა პირგასამტეხლო თანხაზე მიმდინარეობს.

სპეციალისტს ლონდონის ჩელსის გარდა არეცო, ბარი, ატალანტა, სიენა, იუვენტუსი და იტალიის ეროვნული ნაკრები გაუწვრთნია.

კომენტარები

ბოლო ამბები