Thumbnail
  • ევროპულ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი 22-25 ივნისს გაიმართება
  • მწვრთნელმა შემადგენლობა გადაწყვიტა
  • ბაქოს გრანდ სლემზე სათადარიგო შემადგენლობა მიდის
  • გამონაკლისი გურამ თუშიშვილისთვის

21-30 ივნისს მეორე ევროპულ თამაშებს მინსკი  მასპინძლობს. ამის გამო წლეულს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება - ძიუდოისტებისთვის ევროპული თამაშები (22-25 ივნისი) კონტინენტის პირველობასთან გათანაბრებულია.

მართალია, იქამდე დრო რჩება, თუმცა ძიუდოისტთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ მეტრეველმა ნაკრების სიაც შეარჩია. 

ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრი მოიგო

ორი დებიუტანტი

ვაჟებმა 7-ვე წონაში მოიპოვეს ლიცენზია. ბოლო დრომდე ვერ ვინაღდებდით ლიცენზიას 81 კილოში, მაგრამ ლუკა მაისურაძემ ეკატერინბურგის გრანდ სლემის ბრინჯაოს, ანტალიის გრან პრის ოქრო დაუმატა და ლიცენზიაც გაინაღდა. ლუკა მაისურაძეს ასეთი დონის შეჯიბრებაზე დებიუტი ელის. ისევე, როგორც ბაგრატ ნინიაშვილს. 

ლუკა მაისურაძე

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გაორებულია 60 და 66 კგ წონითი კატეგორიები, სადაც 2-2 წარმომადგენელი გვეყოლება. ასე რომ, ევროპის თამაშებზე (ჩემპიონატზე) ვაჟთა შორის 9 ძიუდოისტი გვეყოლება. ორი დებიუტანტის გარდა ყველა ძალზე გამოცდილია. 

ჰოლანდია-იაპონია-კორეა-საქართველო

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეს შემადგენლობა ევროპის თამაშებამდე არსად არ იასპარეზებს (ერთი გამონაკლისის გარდა). ნაკრები უკვე ჰოლანდიაშია, სადაც შეკრებას გადის. გუნდს მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი აკლია. ამ სამეულს მცირე ტრავმები აქვს და ისინი თბილისში ემზადებიან.

ბექა ღვინიაშვილი

აპრილის ბოლოსთვის ნაკრები იაპონიაში მიფრინავს 2-კვირიან შეკრებაზე, შემდეგ იქნება 2-კვირიანი კორეული შეკრება. მზადების ბოლო ეტაპი კი გუნდს სამშობლოში ექნება. 

საქართველოს ნაკრები ევროპის თამაშებისთვის

60 კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ: ლუკა მაისურაძე

90 კგ: ბექა ღვინიაშვილი

100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი

100+ კგ: გურამ თუშიშვილი

საინტერესო ფაქტები

🥋 9 მონაწილიდან 2 ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია.

🥋 ლიპარტელიანი და თუშიშვილი თავიანთი წონის რეიტინგის ლიდერები აწიან.

🥋 მარგველაშვილი წონაში მე-2 ადგილზეა, პაპინაშვილი და შავდათუაშვილი - მესამეზე.

🥋 ღვინიაშვილი და ჩხვიმიანი წონაში მე-10 ადგილზე არიან. 

🥋 ქალმა ძიუდოისტებმა ლიცენზია ვერ მოიპოვეს. თუმცა ვაილდ ქარდის შანსი რჩება.

ბაქოში სათადარიგო შემადგენლობით

ვინაიდან ეროვნული ნაკრებში მოხვედრილი შემადგენლობა ევროპულ თამაშებამდე არსად არ იასპარეზებს, 10-12 მაისს ბაქოს გრანდ სლემზე სათადარიგო შემადგენლობა მიდის. 10-ეულში ორი გამოცდილი ძიუდოისტია - ნუგზარ ტატალაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.

ავთანდილ ჭრიკიშვილი

საქართველოს ნაკრები ბაქოს გრანდ სლემზე

60 კგ: თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი

81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

90 კგ: ლაშა ბექაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი

100 კგ: გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე

100 + კგ: გელა ზაალიშვილი, გიორგი ზაქარიაძე

გამონაკლისი თუშიშვილისთვის

გურამ თუშიშვილი

ევროპის თამაშების მონაწილე შემადგენლობიდან მხოლოდ გურამ თუშიშვილი ერთადერთია, რომელიც ტურნირზე იჭიდავებს. მას ყაზახურ ჭიდაობაში ასპარეზობისთვის 25 მაისამდე დისკვალიფიკაცია აქვს და საჭიდაო პრაქტიკა აკლია. 

1-2 ივნისს რუმინეთში ევროპის ღია თასი გაიმართება, სადაც გურამ თუშიშვილიც იჭიდავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები