Thumbnail

მეოთხედფინალის ყველაზე დრამატული სერია მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემის დაპირისპირება გამოდგა. ერთი შეხედვით, სიტის მეტოქე იოლად უნდა დაემარცხებინა, თუმცა გვარდიოლას გუნდების ნეგატიური სტატისტიკა პლეი ოფში, სპეციალისტებს იმის მოლოდინს უჩენდა, რომ ტოტენჰემს გასვლის არცთუ ურიგო შანსი ჰქონდა. ასეც მოხდა.

ყველაფერი იმის შესახებ, რატომ უჭირს პეპს პლეი ოფში და რა დააკლდა სიტის ტოტენჰემის დასამარცხებლად.

გვარდიოლას პრობლემები პლეი ოფში

ვერავინ უარყოფს, რომ გვარდიოლა უდიდესი მწვრთნელია. მეტიც, ალბათ რინუს მიხელსთან, იოჰან კრუიფსა და არიგო საკისთან ერთად, ის ადამიანია, რომელმაც ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა. მსოფლიო ფეხბურთი თამამად შეგვიძლია დავყოთ - გვარდიოლამდე და გვარდიოლას შემდეგ. თუმცა, პეპის მთელი გენიალურობის მიუხედავად, მისი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის გასვლით შეხვედრებში ძალიან ჯიუტია.

2009 წლის შემდეგ მოგებული 6 თამაში, რბილად რომ ვთქვათ არცთუ კარგი შედეგია. ეს სტატისტიკა კიდევ უფრო უარესად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რომ ამ 6 გამარჯვებიდან გვარდიოლას გუნდებმა (ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი) 4 მერვედფინალურ სტადიაზე მოიპოვეს ლევერკუზენის, არსენალის, ბაზელის და შალკეს წინააღმდეგ. დამეთანხმებით ალბათ, რომ ოპონენტების არცთუ ისე შთამბეჭდავი სიაა. ამას ემატება კიდევ ერთი გამარჯვება მეოთხედფინალში ბარსელონასთან ერთად დონეცკის შახტარის წინააღმდეგ (2011 წელი, 1-0) და ერთადერთი დიდი გასვლითი გამარჯვება რეალის წინააღმდეგ 2011 წლის ნახევარფინალში (2-0).

მესის გოლი რეალთან ბერნაბეუზე

გვარდიოლას სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს ის ფაქტორი, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში უდიდესი კონკურენციაა და ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ გასვლაზე თამაშის მოგება იოლი ამოცანა არ არის. თუმცა, ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლებში გვარდიოლა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ბარსელონას (4 წელი), უძლიერეს ბაიერნს (3 წელი) და ამბიციურ სიტის (3 წელი) წვრთნიდა და ამ შეხვედრების აბსოლუტურ უმრავლესობაში გვარდიოლას გუნდები ფავორიტები იყვნენ.

ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ გვარდიოლას კრიზისული გუნდები ჰყოლოდა - ამ სეზონებში პეპის გუნდები ყოველთვის წარმატებით თამაშობდნენ შიდა ლიგებში და პეპს 2009 წლის შემდეგ მხოლოდ ორჯერ არ აქვს თავისი ჩემპიონატი მოგებული - 2011 წელს ბარსას მოურინიოს რეალმა აჯობა, 2017 წელს კი სიტის - ანტონიო კონტეს ჩელსიმ. ანუ მის გუნდებს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ და პრობლემები ლიგის გასვლით შეხვედრებში იწყებოდა.

ის ფაქტი, რომ პეპს 2011 წლის შემდეგ ლიგის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში არ მოუგია და მისი იშვიათი გამარჯვებები შალკეს და ბაზელის ტიპის გუნდებზე მოდის, გვარწმუნებს, რომ გვარდიოლას ფეხბურთი პლეიოფურ სისტემას შედარებით ნაკლებად ერგება.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ სიტი ტოტენჰემთან უპირობო ფავორიტი იყო, სტატისტიკა საპირისპიროს გვეუბნებოდა - ტოტენჰემს გვარდიოლასთვის გასვლაზე პრობლემები უნდა შეექმნა. ასეც მოხდა, პირველმა თამაშმა ყველა ის ხარვეზი გვაჩვენა, რის გამო პეპის გუნდებს წლების მანძილზე პლეი ოფში გასვლაზე არცთუ ისე კარგი შედეგი აქვთ.

რატომ უჭირს პეპს პლეი ოფში

პეპის გენიალურობის მიუხედავად, მისი ფეხბურთი პლეი ოფის თამაშზე მორგებული ნაკლებად არის. ტოტენჰემთან თამაშმა გაგვახსენა წინა წლების ის წარუმატებლობები, როდესაც გვარდიოლას გუნდები თავისზე სუსტ თუ ნაკლებად ვარსკვლავურ მეტოქეებთან გავარდნენ.

გასულ წელს მისი სიტი ლივერპულთან ენფილდზე 0:3 დამარცხდა (ორი თამაშის ჯამში 1:5) და გავარდა. შეხსენებისთვის, შარშანდელი ლივერპული მერსისაიდელების წლევანდელ გუნდთან შედარებით, ბევრად სუსტი და გამოუცდელი იყო, პრემიერლიგაში კლოპის გუნდი სიტის საერთოდაც 25 ქულით ჩამორჩა. ორი წლის წინ სიტი მონაკოსთან გავარდა, გადამწყვეტი კვლავ გასვლაზე მარცხი აღმოჩნდა (1:3), ძალიან ძლიერ ბაიერნთან ერთად პეპი ორჯერ გავარდა ნახევარფინალში ისეთ შეხვედრებში, როდესაც მისი გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა - ატლეტიკოსა და ანჩელოტის რეალთან. ორივე შეხვედრაში მიუნხენელებმა გასვლითი შეხვედრები დათმეს (ორივეჯერ ანგარიშით 0:1). ბარსელონასთან ერთად კი 2012 წელს დასუსტებულ ჩელსისთან გავარდა - გადამწყვეტი მარცხი კვლავ გასვლაზე (0:1).

პეპს ცუდი სტატისტიკა აქვს იმ სხვა მწვრთნელებთან შედარებით, რომლებსაც მის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგა ერთზე მეტჯერ აქვთ მოგებული და პლეი ოფში დაახლოებით იდენტური რაოდენობის შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მაგალითად, კარლო ანჩელოტის პეპზე მეტი მოგება აქვს გასვლაზე და მასზე იშვიათად აგებს.

ანჩელოტის გვარდიოლაზე უკეთესი შედეგი აქვს

თვით ჟოზე მოურინიოსაც კი, რომელიც დაცვით ფეხბურთთან ასოცირდება და მით უმეტეს, გასვლაზე ყოველთვის დაცვიდან თამაშს ამჯობინებს, პეპზე მეტი მოგება აქვს პლეი ოფის გასვლით შეხვედრებში (7 მოურინიოს, 6 გვარდიოლას და მასზე იშვიათად აგებს - მოურინიო 8 წაგება, პეპი 10 წაგება). შეხსენებისთვის, გვარდიოლასგან განსხვავებით, მოურინიოს (და ანჩელოტისაც) გაცილებით ნაკლებად დომინანტ გუნდებში აქვთ ნამუშევარი - მოურინიომ ეს სტატისტიკა პორტუში, ინტერში, არცთუ ისე ძლიერ ჩელსისა (მეორე მისვლა) და კრიზისულ იუნაიტედში აჩვენა.

გვარდიოლას თამაში პლეი ოფის სტილისტიკას იდეალურად რამდენიმე ასპექტით არ ერგება.

1. გადამწყვეტი ეტაპებისთვის მისი გუნდები გადაღლილები არიან

სიტისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში გვარდიოლას ხასიათი კარგად ჩანს. პეპი პერფექციონისტია. იგი თავისი გუნდისგან ყველა თამაშში ბოლომდე დახარჯვას და ყველაფრის მოგებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ მაგალითად, მისმა სიტიმ გასულ სეზონში ჩემპიონატი 100 ქულით დაასრულა და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, მისმა ბაიერნმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა და გერმანიის ჩემპიონი ყველაზე ადრე, ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გახდა და ა.შ. პეპის პერფექციონიზმი ჩემპიონატებში მის გუნდებს საშუალებას აძლევს, რომ უნაკლოდ იასპარეზონ და ქულათა მაქსიმუმი მოაგროვონ.

ჩემპიონთა ლიგა სხვა ტიპის ტურნირია. აქ გადამწყვეტ მომენტებში ძალების მობილიზების უნარი ფასობს - სწორედ ამიტომ იყო ბოლო სეზონებში ზიდანის რეალი ამ ტურნირზე ასე წარმატებული. ზიდანიც ახერხებდა იმას, რომ გუნდი გადამწყვეტი ეტაპებისთვის ფორმის პიკზე ყოფილიყო, თუნდაც სეზონის სხვა მონაკვეთების ჩაგდების ფონზე (მაგალითად, გასული სეზონის სტარტი).

წაიკითხე | ზიდანის ფეხბურთი - როგორ შექმნა წაუგებელი რეალი

ამავე სტრატეგიით მუშაობს კარლო ანჩელოტი - ლიგაზე კიდევ ერთი ძალიან წარმატებული მწვრთნელი. ანჩელოტის 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და თითოეულ იმ სეზონში, როდესაც  ლიგას იგებდა (ორჯერ მილანი, რეალი), მისი გუნდები შიდა ჩემპიონატში ტიტულის გარეშე რჩებოდნენ.

პეპი თავისი გუნდებისგან მუდმივად მაქსიმუმს ითხოვს. მთელი სეზონის ფორმის პიკზე თამაში შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ხშირად ლიგის გადამწყვეტი ეტაპებისთვის გვარდიოლას გუნდებს ფიზიკური ფორმის პიკი უკვე გადავლილი აქვთ ხოლმე. მაგალითად, გასულ სეზონში "ენფილდზე" სიტი მზად არ აღმოჩნდა ლივერპულის აგრესიისა და სისწრაფის წინააღმდეგ - ლივერპული უბრალოდ უფრო ენერგიული იყო.

2. დოგმატური ფეხბურთი

პეპი იდეალისტია. იგი ღიად აცხადებს, რომ არასოდეს უღალატებს თავის სათამაშო პრინციპებს, თუნდაც ეს წარუმატებლობად დაუჯდეს.

"მაშინაც კი არ ვუღალატებ ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიას, რომც ვიცოდე, რომ ეს გამარჯვებას ვერ მომიტანს. მჯერა, რომ ფეხბურთი ასე უნდა ითამაშო", - გვარდიოლა თავის პრინციპებზე

მიუხედავად იმისა, ვინ იქნება გვარდიოლას მეტოქე და როგორ შეცვლის იგი სათამაშო ნიუანსებს და შემადგენლობას, პეპის გუნდების საერთო თამაში და ხელწერა არ იცვლება - პეპი მუდმივად ბურთის დაჭერაზე დაფუძნებულ დომინანტ ფეხბურთს ითამაშებს. ეს არის გვარდიოლას მთავარი სიძლიერეც და სისუსტეც.

ლიგის გადამწყვეტ ეტაპებზე ყველაზე მეტად ტაქტიკური მოქნილობა ფასობს - უნარი შეცვალო შენი თამაში მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეების მიხედვით. მაგალითად, ბევრი მწვრთნელი შარშანწინ მონაკოსთან 5:3 მოგებული პირველი შეხვედრის შემდეგ, მეორე თამაშს ფრთხილად, დაცვიდან ითამაშებდა. პეპმა თავის თავს არ უღალატა, გარისკა და მეორე თამაშშიც 3 გოლი მიიღო.

გვარდიოლა თავისი პრინციპების და თამაშის ერთგულია, ის თამაშს არ ცვლის და პლეი ოფში ხშირად მეტოქეები ტაქტიკურად უფრო მოქნილად გამოიყურებიან მის წინააღმდეგ. შეუძლებელია, პეპის ეს თვისება პატივისცემას არ იმსახურებდეს, სწორედ ამიტომ უყვარს იგი გულშემატკივარს, თუმცა ეს სტრატეგიულად და ტაქტიკურად ყოველთვის ყველაზე მომგებიანი გზა არ არის.

ამასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ძალთა ბალანსიც ისეა გადანაწილებული, რომ ძალიან რთულია სხვა გრანდის წინააღმდეგ გასვლაზე გვარდიოლასთვის ჩვეული დომინანტი ფეხბურთი ითამაშო. ზემოთ აღწერილი ყველა ის სერია მინახავს და კარგადაც მახსოვს, როდესაც გვარდიოლას გუნდები გავარდნილან. თითოეულ შემთხვევაში, პეპის გუნდები გასვლაზე ერთი დილემის წინაშე დგებოდნენ - არც დაცვიდან ფრთხილად თამაშობდნენ და ვერც იმ მასშტაბის უპირატესობას ფლობდნენ, რომ მეტოქისთვის კონტრთამაშის საშუალება არ მიეცათ. ეს ძალიან ცუდი კომბინაციაა - თითქოს არც დაცვაში ხარ და ვერც ჩვეულად უტევ.

სწორედ ამიტომ, პეპისთვის ტაქტიკურად ბევრად უფრო იოლია საშინაო შეხვედრებისთვის მომზადება. საკუთარ კედლებში, გულშემატკივრების მხარდაჭერისა და დაცვაზე მობილიზებული მეტოქის ფონზე, გვარდიოლას გუნდებს იმ მასშტაბის უპირატესობა აქვთ (ბურთის ფლობა და ა.შ.), რომ პეპისთვის სახასიათო ფეხბურთი ითამაშონ.

შედეგსაც გვარდიოლას გუნდები ჩვეულებრივ, საშინაო თამაშებში დებენ.

3. შემადგენლობის და სათამაშო დეტალების ხშირი ცვლილება

როგორც აღვნიშნე, პეპი პერფექციონისტია. მას ძალიან უყვარს არასტანდარტული სვლებით მეტოქის გაკვირვება. სწორედ ასეთ სვლებს უკავშირდება გვარდიოლას ტაქტიკური ინოვაციები. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი ის ეტაპია, როდესაც სიახლეების მოსინჯვაზე მეტად, გამოცდილი კადრები ფასობს.

4. ჩემპიონთა ლიგის სპეციფიკა

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს თავისი სპეციფიკა აქვს - ერთი გოლის ფასი ძალიან დიდია და ხშირად აქ შეცდომის არდაშვების უნარი უფრო ფასობს, ვიდრე შექმნის. გვარდიოლა ყოველთვის რისკზე და შექმნაზეა ორიენტირებული და შეცდომების მინიმალიზაციის გზით არასოდეს მიდის, თუნდაც პლეი ოფის გასვლით შეხვედრაში.

პირველი თამაში - ჩვეული პრობლემები

ტოტენჰემი - სიტი [1:0]

ერთი შეხედვით, ტოტენჰემი სიტისთვის იოლი მეტოქე უნდა ყოფილიყო. პრემიერლიგურ შეხვედრებში გვარდიოლას გუნდი ლონდონელებს თითქმის ყოველთვის უგებს ხოლმე. რეალურად კი, სულ სხვანაირად გამოვიდა და თამაში ისე დასრულდა, როგორც გვარდიოლას გუნდებისთვის ჩემპიონთალიგური გასვლითი პლეი ოფები სრულდება ხოლმე, მით უმეტეს, რომ პეპის გუნდები აქამდე რამდენჯერმე უკვე გავარდნენ ისე, რომ სახლში ძალიან კარგი თამაშის მიუხედავად, უაზრო შეცდომების შედეგად გაშვებულმა გოლებმა მათ საბოლოო გამარჯვება წაართვა (მაგალითად, ბაიერნი-ატლეტიკო 2:1; ბარსელონა-ჩელსი 2:2).

ჯერ კიდევ შემადგენლობამ გვაჩვენა, რომ პეპი სიახლეების გზით წავიდა. მან უძლიერესი შემადგენლობა არ დააყენა - სკამზე დარჩნენ ლეროი სანე და კევინ დე ბრუინი. იგი პლეი ოფისთვის გამოუცდელ რიად მაჰრეზის ენდო, დაცვაში ფლანგზე დელფი გამოჩნდა, რომელსაც თამაში იშვიათად უწევს. ერთდროულად ითამაშეს ფერნანდინიომ და გიუნდოგანმა, მოთამაშეებმა, რომლებსაც პეპი საყრდენად მოიაზრებს ხოლმე და ერთად იშვიათად ათამაშებს.

ერთდროულად ორი საყრდენის დაყენებით პეპი შეეცადა, რომ მოედნის ცენტრში თავისუფალი ზონები არ დაეტოვებინა. მოკლედ, შედარებით ფრთხილი გზით წავიდა. თუმცა კი, საპირისპირო გამოვიდა - სიტი ვერც ჩვეულად ფლობდა ბურთს და დაცვაშიც ვერ ირიდებდა შეცდომებს. ბურთს ისინი ისეთ ზონებში ფლობდნენ, საიდანაც მეტოქეს საფრთხეს ვერ უქმნიდნენ მაშინ, როდესაც პეპი ბურთის ფლობას მეტოქის კარის სიახლოვეს ამჯობინებს. აგრესიული ტოტენჰემის პრესინგის წინააღმდეგ სიტის ბურთი ძირითადად თავის ნახევარსა და მოედნის ცენტრის სიახლოვეს ეჭირა.

პირიქით, სიტის დაცვიდან ამოსვლა უჭირდა და მომენტებში ტოტენჰემის პრესინგი ძალიან ეფექტური იყო. ამას ერთი სტატისტიკური დეტალი გვარწმუნებს - ოტამენდის და ლაპორტს 16 ბურთის გამოტანა ჰქონდათ ერთად - ძალიან ბევრი გვარდიოლას გუნდისთვის. პეპის გუნდები ერიდებიან ხოლმე, როგორც ბურთის გამოტანას და გაუაზრებლად მოგერიებას, ასევე შეტევის გრძელი პასით დაწყებას. ისინი შეტევას მოკლე პასით იწყებენ - ტოტენჰემის პრესინგმა კი მას ამის საშუალება არ მისცა.

ტოტენჰემის პრესინგი სიტის შეტევის დაწყების ოპციებს არ უტოვებდა

ერთდროულად ორი საყრდენით და დე ბრუინის გარეშე კი სიტის ბურთის ჩვეულად გათამაშება უჭირდა.

გვარდიოლამ, ტრადიციულად, უარი თქვა უკან დახევაზე - არადა, მას სამი ისეთი შემტევი ჰყავდა (აგუერო, სტერლინგი, მაჰრეზი), რომლებიც სივრცეში, კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობენ. მით უმეტეს, ტოტენჰემის ნელი ცენტრალური მცველების (ალდერვეირელდი, ვერტონგენი) წინააღმდეგ ეს შესაძლოა ძალიან ეფექტური ყოფილიყო. მაგალითად, სწორედ ასე ითამაშა ამ სეზონში ტოტენჰემთან გასვლაზე ბარსამ და კონტრშეტევებზე 4 გოლი შეაგდო.

პოზიციურ და მჭიდრო თამაშში, სიტის შემტევები ტოტენჰემის მცველებსა და ნახევარმცელებს გაბარიტებსა და ძალაში ჩამორჩებოდნენ. შედეგად, სიტის პოზიციური შეტევები ნაკლებად ეფექტური იყო - მხოლოდ 2 დარტყმა ლონდონელთა კარში.

კიდევ ერთი სტატისტიკური დეტალი - სიტის ბურთის ფლობა 59 პროცენტი ჰქონდა (ტოტენჰემს 41), თუმცა თამაშის მხოლოდ 27 პროცენტი წარიმართა ლონდონელთა მესამედზე მაშინ, როცა სიტის მესამედზე თამაშის 25 პროცენტი წარიმართა. ანუ ბურთის ფლობაში უპირატესობის მიუხედავად, ორივე გუნდი დაახლოებით ერთნაირად მწვავედ გამოიყურებოდა და ერთნაირი სიხშირით ფლობდა ბურთს მეტოქის კარის სიახლოვეს.

პეპის გუნდი უფრო ნაკლებად ენერგიულად და აგრესიულად გამოიყურებოდა და ეს გასაგებიც არის. პეპის გუნდი 4 ფრონტზე იბრძვის და ყველა თამაშში მოსაგებად ბრძოლად უწევს. ეს ბუნებრივად აისახება მის ფიზიკურ ფორმაზე. შედეგად, ტოტენჰემს 22 ვარდნა ჰქონდა, სიტის კი მხოლოდ - 12.

სონის გოლმა სიტი რთული გამოწვევის წინაშე დატოვა. გვარდიოლას გუნდს საკუთარ მინდორზე სახლში ტრადიციული უპირატესობის იმედი უნდა ჰქონოდა.

დაუვიწყარი თამაში

სიტი-ტოტენჰემი [4:3]  

გვარდიოლას საფეხბურთო იდეოლოგიის თვალსაზრისით, მეორე მატჩი სიტისთვის სტრატეგიულად იოლი იყო. სიტის მთელი ძალით უნდა შეეტია ანუ გაეკეთებინა ის, რაც გვარდიოლას გუნდებს ყველაზე უკეთ გამოსდით. სწორედ ამაზე ამახვილებდა პეპიც ყურადღებას პირველი წაგებული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ფსიქოლოგიურად შესაძლოა მისი გუნდისთვის 0:1-ზე უფრო იოლიც ყოფილიყო თამაში, ვიდრე უგოლო ფრეზე. იცი, რომ უნდა შეუტიო და გოლები გაიტანო, სხვა გზა არ გაქვს - ეს თამაში გვარდიოლას საფეხბურთო პრინციპებთან ყველაზე ახლოს არის. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ სიტის გოლების გატანა შეეძლო, პეპის გუნდები საუკეთესო თამაშებს ყოველთვის სახლში თამაშობენ - გვარდიოლას ანგარიშზე რამდენიმე დიდი დაბრუნებაა, მათ შორის მილანთან გასვლაზე 0:2 მარცხის შემდეგ "კამპ ნოუზე" მოგებული თამაში (0:3) და პორტუსთან წაგების შემდეგ (1:3) მიუნხენში 6:0-ით მოტრიალებული შეხვედრა.

მთავარი კითხვა სიტის დაცვას უკავშირდებოდა - შეძლებდა თუ არა გვარდიოლას გუნდი დაცვაში შეცდომების გარეშე თამაშს. 1:0-ის შემდეგ, ტოტენჰემის გატანილი გოლი/გოლები გასვლაზე განსაკუთრებულად ფასობდა.

პეპმა შემტევი შემადგენლობა გამოიყვანა და გაითვალისწინა წინა შეხვედრის წარუმატებელი ცდების ნეგატიური გამოცდილებაც - შემადგენლობაში დაბრუნდა კევინ დე ბრუინი და ბენჟამენ მენდი, უფრო დაცვითი ფერნანდინიო სკამზე დარჩა და სიტიმ საყრდენის პოზიციაზე ილქაი გიუნდოგანი ათამაშა, რომელიც უფრო შექმნაზეა ორიენტირებული, ვიდრე დაცვით ამოცანებზე. ლეროი სანე კვლავ სათადარიგო სკამზე დარჩა, თუმცა ორივე ფლანგის შემტევი - ბერანდო სილვა და რაჰიმ სტერლინგი იმდენად კარგად გამოიყურებოდნენ, რომ გვარდიოლას გადაწყვეტილება ლოგიკას ემორჩილებოდა. მთავარი სიახლე კევინ დე ბრუინის გამოჩენა იყო, რომელიც ძალიან კარგად ამოძრავებს ბურთს ვერტიკალურად, ხაზებს შორის და გადააქვს ნახევარდაცვიდან თავდასხმის ხაზამდე.

დე ბრუინის პირველი საგოლე პასი

ბელგიელმა თამაშში 38 პასი გააკეთა - სიტის ნახევარმცველის კვალობაზე არცთუ ისე ბევრი (შედარებისთვის ილქაი გიუნდოგანს 64 პასი ჰქონდა), თუმცა გიუნდოგანისგან განსხვავებით, დე ბრუინის პასებს სახიფათო ზონებში გაყავდა თანაგუნდელები. მან შეხვედრა სამი საგოლე პასით დაასრულა.

დე ბრუინის მეორე საგოლე პასი

დე ბრუინი ძალიან კარგად მოძრაობს დრიბლინგით ხაზებს შორის და მასთან ერთად სიტი ბევრად უფრო მწვავედ უტევს და განსხვავებული გუნდია.

დე ბრუინის მესამე საგოლე პასი

სიტიმ ძალიან კარგად ითამაშა, მთელი თამაში შეტევაში გაატარა (66 პროცენტი ბურთის ფლობა), 4 გოლის გარდა, შექმნა უამრავი მომენტი. მოკლედ, ითამაშა ისე, რისთვისაც გვარდიოლა და მისი ფეხბურთი უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ სიტი უფრო ძლიერ გუნდად გამოიყურებოდა, მანჩეტერელებმა დაცვაში უაზრო შეცდომები დაუშვეს.

შეცდომა დაცვაში და ლონდონელთა გოლი

ტოტენჰემმა ისე მოახერხა 3 გოლის გატანა, რომ მთელ თამაშში დიდი ძალებით მხოლოდ რამდენჯერმე შეუტია. ემერიკ ლაპორტის ორ შეცდომას ორი გოლი მოჰყვა.

ლაპორტის მეორე შეცდომა და სონის გოლი

მესამე გოლზე კუთხურიდან ლორენტეს საკმაოდ იოლად მისცეს დარტყმის საშუალება. საბოლოოდ გამოვიდა, რომ სიტის კართან, მის მესამედზე, თამაშის მხოლოდ 18 პროცენტი წარიმართა, ტოტენჰემის მესამედზე კი თითქმის ორჯერ მეტი - 32 პროცენტი. ამის მიუხედავად, ტოტენჰემმა 3 გოლის გატანა შეძლო და კარშიც ზუსტად 7 დაარტყა (სიტიმ 8-ჯერ) ანუ გვარდიოლას გუნდი იშვიათად ახერხებდა ტოტენჰემის შეტევების მოგერიებას. მეტიც, თავადაც დაეხმარა მას თავისი შეცდომებით.

"მომენტების შექმნა იოლი არ იყო, თუმცა ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით. მაგრამ შეცდომებიც დავუშვით და ამ ტურნირში შეცდომები ძალიან ბევრს წყვეტს. დაცვაში შეცდომები გუნდს კიდევ ერთხელ დაუჯდა საწყენ გავარდნად", - გვარდიოლა მატჩის შემდეგ

ამ სერიაში ყველაფერი ვნახეთ - ის, რის გამოც გვარდიოლას ფეხბურთი უყვართ და ის, რის გამოც პეპის გუნდები ხშირად პლეი ოფში თავის შესაძლებლობებზე უარეს შედეგს აჩვენებენ. წარუმატებელი პირველი შეხვედრის შემდეგ, გვარდიოლას სიტიმ დიდი თამაში დადო და ითამაშა ისე, რომ მილიონობით გულშემატკივარს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა, თუმცა დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა მთელი ეს შრომა წყალში ჩაყარა. პეპი ისეთია, როგორიც არის, ეს არის მისი სიძლიერეც და მისი სისუსტეც.

კომენტარები

ბოლო ამბები