Thumbnail

სალაჰს კლოპთან კონფლიქტი აქვს - ეგვიპტელს ლივერპულიდან წასვლა სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანური მედია 26 წლის ფეხბურთელსა და იურგენ კლოპს შორის უთანხმოებაზე წერს
  • ეგვიპტელმა ლივერპულის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენების თაობაზე მიმართა
  • მერსისაიდელები ფეხბურთელს ურჩევენ, არ აჩქარდეს და სეზონის ბოლომდე მოიცადოს

ლივერპულის გარემარბი მოჰამედ სალაჰი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის გამოცვლას აპირებს. ამის შესახებ AS იუწყება, რომლის ცნობით, ეგვიპტელს სერიოზული უთანხმოება აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან.

იუწყებიან, რომ 26 წლის ეგვიპტელმა ფეხბურთელმა მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობას მისი ტრანსფერის შესაძლებლობაზე მიმართა. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, ლივერპულში სალაჰი დაარწმუნეს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ ივარგებს, მაგრამ ამავდროულად დაპირდნენ, რომ თუკი აზრს სეზონის დასრულების შემდეგაც არ შეიცვლის, კლუბი წასვლაში ხელს არ შეუშლის.
 
მოჰამედ სალაჰი ლივერპულში 2017 წლის ზაფხულში რომადან 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა კლუბის მაისურით 45 მატჩში ითამაშა, 22 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა. 

მოჰამედ სალაჰს ლივერპულთა კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, transfermarkt კი მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 150 მილიონ ევროს ასახელებს.

პრემიერლიგაში გასული 34 ტურის შემდეგ, ლივერპული სატურნირო ცხრილს 85 ქულით ლიდერობს. კლოპის გუნდს 2 ქულით ჩამორჩება მანჩესტერ სიტი.

17 აპრილს ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად პორტუს დაუპირისპირდება, რომელთანაც შინ ანგარიშით 2:0 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები