Thumbnail

Assassin's Creed Unity - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამსახურში

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Assassin's Creed Unity-მ შესაძლოა Notre Dame იხსნას
  • ვიდეო თამაშში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზუსტი რეპლიკაა
  • Ubistoft-მა მხოლოდ ამ შენობის რეპლიკის შექმნაზე 2 წელი დახარჯა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლებას მისი აღდგენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მათ დახმარება მოულოდნელი წყაროდან მიიღეს. Assasins Creed Unity - კვაზი-ისტორიული ვიდეო თამაშია, რომელშიც პროტაგონისტი ასასინების (მკვლელების) გილდიის წევრია.

ვიდეო თამაშში რეალური ადგილებია გამოყენებული და რაც არ უნდა თქვათ თამაშის დეველოპერებზე, ერთი რამ უდავოა - მათ თამაშში გადატანილი ლოკაციები ძირეულად შეისწავლეს და Unity-ში ასახული რეალური ნაგებობები, პრაქტიკულად მათი 100%-იანი რეპლიკებია.

ასე შთამბეჭდავად გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი Unity-ში

ახლა, დეველოპერების მიერ ჩატარებული კვლევა, შესაძლოა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის ძირეული აღმოჩნდეს. ემანუელ მაკრონმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ტაძრის თავიდან აშენებას აპირებს, მაგრამ ამისათვის არქიტექტორებს ბევრი ისეთი ინფორმაცია დასჭირდებათ, რომელიც მარტივი მოსაპოვებელი არაა. უფრო სწორად, არ იქნებოდა, რომ არა Assassin’s Creed - Unity.

AC-ს სერიებს ბევრი მოყვარული ჰყავს, მაგრამ Unity მათი დიდი ნაწილის ფავორიტი არაა. ამის მიზეზი მარტივია - ბაგები და თამაშის დახურვისას სატელეფონო აპლიკაციაზე დამოკიდებულება. მიუხედავად ნაკლებისა, თამაშმა სერიაში დამკვიდრებული სტანდარტი გააგრძელა და რევოლუციის დროინდელი პარიზი იდეალურად შექმნა.

რა თქმა უნდა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი თამაშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წერტილია და პროტაგონისტ არნო დორიანს იმის საშუალება ეძლევა, რომ ისტორიული შენობა კარგად შეისწავლოს.

არნოს შენობის თითოეულ წერტილთან აქვს წვდომა

თამაშის დონეების შემქმნელმა, კაროლინ მიუსმა, კათედრალის შექმნაში 2 წელი დახარჯა - ‘ვუყურებდი ფოტოებს და ნახაზებს, რომ არქიტექტურის კუთხით შეცდომა არ დამეშვა. შემდეგ კი ტექსტურებზე ვიმუშავე, მსურდა თითოეული აგური ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის. ისტორიკოსებსაც კი გავესაუბრე, რათა ზუსტად გამეგო, თუ რა წერტილში, რომელი ნახატი ეკიდა’.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშში არსებულ ისტორიულ პერიოდში, შენობას ეს დეტალები არ ჰქონდა, ​მიუსმა ტაძარს იკონური გუმბათებიც დაამატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Unity-ში ‘აშენებული’ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რეალურ შენობასთან ძალიან, ძალიან ახლოსაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე დეტალური რეპლიკაა, რომელზეც არქიტექტორები იმუშავებენ.

გუმბათებიც ადგილზეა

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცით ნამდვილად გამოიყენებენ თუ არა Ubisoft-ის ხელთ არსებულ ინფორმაციას, მაგრამ ნათელია, რომ ფრანგული ვიდეო თამაშების კომპანიის მასალები, შესაძლებელია შეუფასებელი გამოდგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები