Thumbnail
  • NBA-ში პლეი ოფის პირველი რაუნდის მორიგი მატჩები იმართება
  • ვესტბრუკი პორტლენდთან ვერაფერს გახდა - ოკლაჰომა 0:2 ჩამორჩა
  • ტორონტომ კავაი ლეონარდის წყალობით შინ ორლანდო გაანადგურა
  • დენვერმა სან ანტონიოს 19 ქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და მოუგო 

NBA-ში პლეი ოფის პირველი რაუნდის მორიგი მატჩები იმართება. დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში პორტლენდმა საკუთარ მოედანზე ოკლაჰომა მიიღო და მეტოქე ანგარიშით 114:94 დაამარცხა. 

შეხვედრის მთავარი გმირი ბლეიზერსის მცველი სი ჯეი მაკოლუმი გახდა, რომელმაც 33 ქულა მოაგროვა. 29 ქულა იყო მასპინძელთა გამთამაშებლის დემიენ ლილარდის აქტივში. 

📺 ვიდეო: მაკოლუმი და ლილარდი ოკლაჰომას წინააღმდეგ

თანდერში ყველაზე შედეგიანი ფორვარდი პოლ ჯორჯი იყო, რომლის ანგარიშზე 27 ქულაა. სამმაგ დუბლთან ახლოს იყო რასელ ვესტბრუკი, რომელმაც 14 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა მიითვალა, მაგრამ მთლიანობაში, ძალიან ცუდად ითამაშა. მოედანზე გატარებულ 37 წუთში თანდერის ლიდერმა 14 ორქულიანიდან მხოლოდ 4 ჩააგდო, პერიმეტრიდან შესრული 6 ტყორცნიდან კი - მხოლოდ 1. ამასთან, რასელმა ბურთი 6-ჯერ დაკარგა.

ყველაფერთან ერთად, ვეტბრუკმა დემიენ ლილარდთან ლამის იჩხუბა. თამაშის მეორე მეოთხედში რასელი შეტევას ცდილობდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და დაეცა, ლილარდმა კი მისთვის ბურთის ართმევა სცადა. მეტოქეები წაკინკლავდნენ, ვითარება კი სხვა მოთამაშეებმა და მსაჯებმა დროულად განმუხტეს. 

📺 ვიდეო: ვესტბრუკისა და ლილარდის კინკლაობა

"უფრო ძლიერად უნდა ვთამაშობდე. წაგებაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. დაუშვებელია, როგორც ვმოქმედებდი. შევეცდები, უკეთესი გავხდე", - თქვა თამაშის შემდეგ რასელ ვესტბრუკმა.

ამ გამარჯვებით პორტლენდმა ოკლაჰომასთან სერიაში უპირატესობა გაზარდა - 2:0. გუნდების მესამე დაპირისპირება კი 20 პარილს, ოკლაჰომა-სიტიში გაიმართება.

ტორონტომ გაათანაბრა  

აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში ტორონტომ საკუთარ მოედანზე ორლანდო მიიღო და მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა - 111:82. 

შეხვედრის მთავარი გმირი რაპტორსის ფორვარდი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო. გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლი პასკალ სიაკამმა მიითვალა (19 ქულა, 10 მოხსნა), 22 ქულით კი კაილ ლოური გამოირჩა, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ კომენტატორის მაგიდასთან მივიდა და შეხვედრის სტატისტიკური მონაცემები გულდასმით გადაამოწმა.

📺 ვიდეო: ცნობისმოყვარე ლოური

 სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი ფორვარდი აარონ გორდონი იყო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულაა. ორმაგ დუბლთან ახლოს იყო მაიკლ კარტერ-უილიამსი (8 ქულა, 9 მოხსნა). 

ამ გამარჯვებით ტორონტომ სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. გუნდების მესამე დაპირისპირება 20 აპრილს, ორლანდოში ჩატარდება. 

დენვერი არ ნებდება

დასავლეთ კონფერენციის ¼-ფინალურ სერიაში ანგარიშის გათანაბრება (1-1) მოახერხა დენვერ ნაგეტსმა, რომელმაც საკუთარ პარკეტზე სან ანტონიო სპურსი ანგარიშით 114:105 დაამარცხა. არადა, სტუმრები ანგარიშში პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყვნენ, ფლობდნენ 19-ქულიან უპირატესობასაც, მაგრამ ბოლო მეოთხედში მეტოქეს 39 ქულის ჩაგდების შესაძლებლობა მისცეს და საბოლოოდ დამარცხდნენ. ამის შემხედვარე სტუმართა თავკაცმა გრეგ პოპოვიჩმა თავი ვეღარ მოთოკა და ტექნიკური ფოლი მიიღო.

პოპოვიჩი მატჩის შემდეგაც გაცხარებული იყო: 

"მეოთხე მეოთხედში 39 ქულა მივიღეთ. საერთოდ რაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, ეს პოლ მილსეპისა და ჯამალ მარეის დამსახურებაცაა, რომლებმაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, ჩვენ კი ვერთ ერთი შევაჩერეთ და ვერც მეორე".

ნაგეტსი გამარჯვებას ცენტრ ნიკოლა იოკიჩს უნდა უმადლოდეს, რომელმაც 21 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. მასპინძლებს 24 ქულით ჯამალ მარეი დაეხმარა, 23-ით - გერი ჰარისი, 20-ით - პოლ მილსეპი. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი სან ანტონიოს მცველი დემარ დეროზანი გახდა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო. 24 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ ლამარკუს ოლდრიჯს. 

დენვერის სერბმა ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა გუნდის მებრძოლ ხასიათზე ილაპარაკა: 

"მწვრთნელმა თქვა, რომ ჩვენი გუნდი არასდროს ნებდება და ეს სიმართლეა. სერიის პირველი მატჩი წავაგეთ, მეორეში 19 ქულით ვმარცხდებოდით, მაგრამ ჩვენს გუნდს აქვს გული. არავის მივცემთ უფლებას, იოლად გადაგვიაროს".

დენვერისა და სან ანტონიოს სერიის მესამე დაპირისპირება ამ უკანასკნელის მოედანზე, 19 აპრილს ჩატარდება. 

📺 ვიდეო: სათამაშო დღის TOP5 მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები