Thumbnail

პირველი დეტალები PlayStation 5-ის შესახებ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Sony-ს ახალ კონსოლს ყველა ელოდება
  • Microsoft E3-ზე სიახლეების დაანონსებას აპირებს
  • Sony-ს ახალი თაობის კონსოლი წინას საგრძნობლად სჯობია

Sony-მ უკვე გამოაქვეყნა მცირედი ინფორმაცია მომავალი თაობის კონსოლზე, რომელსაც კომპანია გამოუშვებს. გაგიკვირდებათ და მისი სახელი დიდი ალბათობით PlayStation 5 (PS5) იქნება. Wired-თან ინტერვიუში, მარკ ქერნიმ, რომელიც PS4-ის სისტემის მთავარი არქიტექტორი გახლდათ, მომავალ კონსოლზე ისაუბრა.

ინტერვიუში ქერნიმ კონსოლის სახელი არ გაგვანდო. ახალი PlayStation-ის არქიტექტურა ნაწილობრივ PS4-ზეა დამყარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა ვერსიის თამაშებს, ახალზეც გაუშვებთ. ქერნიმ განაცხადა, რომ მოწყობილობა ფიზიკურ დისკებს ამჯერადაც მიიღებს და სრულად ციფრული არ იქნება. PS4-დან PS5-ზე გადასვლა იოლი იქნება და მომავალში ვიდეო თამაშები ორივე მათგანზე გამოვა.

კონსოლში AMD-ს ჩიპი იდება. პროცესორი მესამე თაობის Ryzen-ის მიხედვითაა შექმნილი. მას რვა ბირთვი და შვიდ-ნანომეტრიანი Zen 2 მიკროჩიპი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლი 8K გამოსახულებას დაამუშავებს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ეკრანზეც, რომელზეც გამოსახულება გაიგზავნება.

გრაფიკული ბარათი Radeon-ის Navi-ს ხაზის სპეციალური ვერსია იქნება. რა თქმა უნდა, ახალ ბარათს სხივების აღქმა შეეძლება, რაც ბოლო დროს ფილმებსა და ვიდეო თამაშებში ძალიან პოპულარულია.

'რეალისტური გარემოს შესაქმნელად სხივების აღქმა და სწორად ასახვა, ძალიან მნიშვენელოვანია. ეს თამაშებს დამაჯერებლობას მატებს', - განაცხადა ქერნიმ.

სიახლეა სამგანზომილებიანი აუდიოც, რომელიც გეიმერთათვის ხელმისაწვდომი AMD-ს ჩიპის წყალობით გახდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ საუბარი VR-ზეც (ვირტუალური რეალობა) წავიდა. ქერნიმ არაფერი თქვა ახალ VR Headset-ზე, თუმცა დაადასტურა, რომ უკვე არსებულს ახალ კონსოლზეც გამოიყენებთ. სასიხარულოა ისიც, რომ მყარი დისკის სახით HDD-ს მაგივრად უკვე კონსოლებშიც SSD-ს ვიხილავთ, რაც პროცესებს საგრძნობლად ააჩქარებს. მარტივი მაგალითი - თუკი Spider Man-ის ერთ-ერთი Loading Screen PS4-ზე 15 წამი გრძელდება, მისი ხანგრძლივობა ახალ კონსოლზე 0.8 წამი იქნება.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისიც არ ვიცით, თუ როდის ვიხილავთ კონსოლის პირველ თიზერს. ტრადიციულად Sony ახალი პროდუქტის პრემიერას E3-ზე აკეთებს ხოლმე, მაგრამ კომპანიას წელს ჩვეული პრესკონფერენცია არ გაუმართავს. გაურკვეველია ისიც, თუ როდის იგეგმება PS5-გამოშვება. 2018 წლის მაისში, ჯონ კოდერამ, რომელიც PlayStation-ის დირექტორია, განაცხადა, რომ 'ჩვენ მოსამზადებლად მომდევნო სამ წელს გამოვიყენებთ. იმისთვის, რომ მაღლა ავხტეთ, ჩაკუზვაა საჭირო.'

ამასობაში კი მათი უმთავრესი კონკურენტის, Microsoft-ის Xbox-ის ხელმძღვანელი ფილ სპენსერი აცხადებს, რომ მომავალი E3-ზე დამსწრე საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები ელით. შარშან Microsoft-მა დაადასტურა, რომ ახალ Xbox-ზე მუშაობს, რომლის სახელიც, სავარაუდოდ Xbox One S იქნება. კონსოლი ფიზიკურ დისკებს არ მიიღებს და სტრიმინგზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები