Thumbnail
  • ლევან ხარაბაძის ფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა
  • ნაკრების დებიუტანტი უკვე ათეულშია

transfermarkt.com-მა 15 აპრილს შვეიცარიის სუპერ ლიგის ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა, რის შედეგადაც ციურიხის 19 წლის მცველის, ლევან ხარაბაძის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

ბოლო განახლებისთვის - იანვარში - თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი 450 ათასი ევრო ღირდა. ხარაბაძე ზამთარში გადავიდა დინამოდან ციურიხში და სუპერ ლიგის გუნდის სასტარტო შემადგენლობაშიც უპრობლემოდ დაიმკვიდრა ადგილი. მეტიც, 19 წლის მარცხენა მცველის ანგარიშზე 11 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასია. ის ერთხელ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. 
ამიტომაც განახლებულ სიაში ხარაბაძე უკვე 1.25 მილიონი ევრო ღირს. 

შვეიცარიის სუპერ ლიგის კიდევ ერთი ქართველი, ლუცერნის მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე 1 მილიონი ევრო ღირს. მისი ფასი არ შეცვლილა. 

კარგი თამაში ციურიხში და დებიუტი ნაკრებში

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისმა ხარაბაძე ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველი ორი თამაშისთვის ნაკრებში მიიწვია. მას 26 მარტს ირლანდიასთან დებიუტი ჰქონდა - 65-ე წუთზე დავით ხოჭოლავა გამოცვალა. 

მოკლედ, კარგი თამაში და თავის გამოჩენა მსოფლიო ფეხბურთში ფასდება, ზოგჯერ, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. 

ხარაბაძის გოლი გრასჰოპერსის კარში 

საინტერესო ფაქტები

⚽ ლევან ხარაბაძის ფასი 85 დღეში 2.77-ჯერ გაიზარდა. 

⚽ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა შორის ხარაბაძე ფასით მე-8 ადგილზეა ვაკო გვილიასთან ერთად. 

⚽ 20-წლამდელ მარცხენა მცველებში საბაზრო ფასით ხარაბაძე მსოფლიოში მე-18 ადგილზეა.

⚽ 2000 წელს დაბადებულ მარცხენა მცველებში ხარაბაძე ფასით მე-2 ადგილზეა.

⚽ მას მხოლოდ ბარსელონას სარეზერვო გუნდის მარცხენა მცველი ხუან მირანდა (5 მილიონი) უსწრებს. 

⚽ მირანდას უკვე ჩემპიონთა ლიგაზე აქვს ნათამაშები ბარსას შემადგენლობაში - 90 წუთი ტოტენჰემთან. 

საქართველოს ნაკრები. TOP 10

1. გიორგი ჩაკვეტაძე - 9 მლნ.
2. საბა კვერკველია - 8
3. დავით ხოჭოლავა - 3
3. გიორგი ქვილითაია - 3
5. ვაკო ყაზაიშვილი - 2
6. გურამ კაშია - 1.5
6. ჯიმი ტაბიძე - 1.5
8. ვაკო გვილია - 1.25
8. ლევან ხარაბაძე - 1.25
10. ჯაბა კანკავა - 1
10. ჯანო ანანიძე - 1
10. ნიკა კვეკვესკირი - 1
10. ოთარ კაკაბაძე - 1
10. ოთარ კიტეიშვილი 1

კომენტარები

ბოლო ამბები