Thumbnail
  • საინტერესო და სახალისო აქცია 2019 წლის მსოფლიო თასთან დაკავშირებით
  • მსოფლიო რაგბის ლეგენდებმა ფრანგულ ალპებში, თოვლში ითამაშეს

ინგლისური და მსოფლიო რაგბის ლეგენდა ჯონი ვილკინსონმა კარიერა 2014 წელს დაასრულა, რამდენიმე თამაშს რაგბის უჩვეულო ნაირსახეობით დაუბრუნდა. იაპონიაში გასამართი 2019 წლის მსოფლიო თასთან დაკავშირებული აქციის ფარგლებში, მორაგბეებმა თამაში ფრანგულ ალპებში, ზღვის დრონიდან დაახლოებით 3,5 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე,  თოვლში გადაწყვიტეს. 

ალპებში ყოფილმა მორაგბემ დიმიტრი იაშვილმაც იბურთავა - ქართული წარმომავლობის მქონე 38 წლის ფრანგმა, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრებს 2011 წლის მსოფლიო თასზე ვიცე-ჩემპიონობა მოაპოვებინა. 

თოვლის რაგბი ალპებში მომავალ მსოფლიო თასს მიეძღვნა

საინტერესოა, რომ ვილკინსონი და იაშვილი კარიერის განმავლობაში ერთმანეთის პრინციპული მეტოქეები იყვნენ. ექვსი ერი, ჯონი ვილკინსონის მსგავსად, დიმიტრი იაშვილმაც ოთხჯერ მოიგო, ზოგადად კი, ინგლისი და საფრანგეთი, უელსთან ერთად, ევროპის ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო ქვეყნებია.

სხვათა შორის, მომავალ მსოფლიო თასზეც - ინგლისი და საფრანგეთი ერთ ჯგუფში იასპარეზებენ.

ამჯერად ლეგენდები ერთმანეთის პირისპირ კიდევ ერთხელ, ოღონდ ალპებში შეხვდნენ. თითოეულს თავ-თავისი გუნდი ჰყავდა, რომლის მწვრთნელებიცა და კაპიტნებიც თავად იყვნენ. თამაში, რომელიც მსოფლიო თასის თანხლებით გაიმართა, საინტერესო და სახალისო კი გამოვიდა.

"მთელი ცხოვრება რაგბის ვთამაშობდი და მთელი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დღევანდელი მატჩი - ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და შთამბეჭდავი გამოვიდა. საინტერესო იყო დიმიტრის გუნდის წინააღმდეგ თამაში იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბერში მორიგი დერბი Le Crunch (ინგლისისა და საფრანგეთის სარაგბო ნაკრებების მატჩი) გველის.

მიუხედავად მოედნის საფარისა, პლაჟი იქნება, მთა თუ ტრადიციული მინდორი, რაგბი ყველგან და ყოველთვის ხასიათდება მეგობრობით, გუნდურობითა და მეტოქის პატივისცემით. ამ მატჩმაც დაამტკიცა, რომ სპორტის ამ სახეობას საზღვრები არ აქვს", - ამბობს ვილკინსონი. 

ალპებს ვებ ელისის თასიც სტუმრობდა

"უწინ არასდროს მითამაშია რაგბი თოვლში და ძალიან ვიხალისეთ. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში თამაში არაჩვეულებრივი გამოცდილებაა", - თქვა იაშვილმა. 

რაგბის მსოფლიო თასი, რომელსაც ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიადის შემდეგ, სპორტის სამყაროში მნიშვნელობით მესამე ტურნირად სახელდება, იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება, 2 ნოემბერს კი ფინალური შეხვედრით დასრულდება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მასთან ერთად ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებიც გამოვლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები