Thumbnail

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

მამუკა გორგოძემ აქტიური სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა! ამის შესახებ მან გადაცემაში 'სპორტი იმედზე' ისაუბრა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 'გორგოძილას' უდიდესი კარიერა.

ქართული და მსოფლიო რაგბის გამორჩეულმა მოთამაშემ საქართველოს ნაკრები 2017 წელს დატოვა, მაგრამ 2019 წლის მსოფლიო თასზე დაბრუნდა და ეროვნულ გუნდს კიდევ ერთხელ დაეხმარა. მამუკა გორგოძე არის ადამიანი, რომლის სახელიც საქართველოში ყველამ იცის, მათ შორის ისეთებმაც, ვისაც რაგბი თვალით არასდროს უნახავს. მას მთელი სარაგბო სამყარო იცნობს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და უამრავი ადამიანის თვალში ქართული რაგბი მის სახელთან ასოცირდება.

კალათბურთელი მამუკა გორგოძე

იყო შანსი, მორაგბე გორგოძე საერთოდ ვერ გვეხილა. 17 წლამდე იგი კალათბურთს თამაშობდა და თან ისეთი კალათბურთელების გვერდით, როგორებიც ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და ლაშა ფარღალავა არიან. როგორც თავად ამბობს, იმ დროს რაგბი პოპულარული გახდა, ყველა ამ სპორტზე საუბრობდა და პროფესიის შეცვლაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. არ ვიცით, როგორი კალათბურთელი იქნებოდა მამუკა გორგოძე, მაგრამ გორგოძის გარეშე რაგბი ნამდვილად ბევრს დაკარგავდა.

კალათბურთის გუნდი მართვე: #10 მამუკა გორგოძე, #4 გიორგი ცინცაძე, #5 ლაშა ფარღალავა
 

პირველი ნაბიჯები რაგბში

თამაში მამუკამ ლელოში დაიწყო და ფიზიკური მონაცემების ხარჯზე თავიდანვე გამორჩეული იყო. გორგოძის გასაჩერებლად მხოლოდ ერთი მორაგბე საკმარისი არასდროს ყოფილა. რა თქმა უნდა, იმ დროის საქართველოს ჩემპიონატებში დაცვის ტექნიკა რბილად რომ ვთქვათ უკეთესის სურვილს ტოვებდა და ამის ხარჯზე მამუკას დომინაცია უფრო ჩანდა, თუმცა საკუთარი სტილისთვის მოგვიანებით არც ნაკრებში და საფრანგეთში უღალატია. არანორმალური ჯანის ხარჯზე მეტოქეების დაჩაგვრა მის სავიზიტო ბარათად იქცა, სარაგბო სამყარომაც სწორედ ამიტომ შეარქვა ‘გორგოძილა’.

საერთაშორისო დონეზე პირველად 2002 წლის გაზაფხულზე, 19 წლამდე ნაკრებში, იტალიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ეროვნულში დებიუტი კი შემდეგ წელს, ერთა თასზე, ესპანეთთან 34-3 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა. ითამაშა შემდეგ შეხვედრაში, რუსეთის წინააღმდეგაც, თუმცა საბოლოოდ მსოფლიო თასის განაცხადს მიღმა დარჩა და 2003 წელს ავსტრალიაში არ უასპარეზია. 2004 წლიდან უკვე ნაკრების სტაბილურ წევრად იქცა და ამავე წლის ერთა თასზე, ჩეხეთთან სადებიუტო ლელოც გაიტანა. ლელო დაუდო რუმინეთსაც, 18-25 წაგებულ შეხვედრაში. იმავე წელს საქართველოს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, ბულზი ეწვია და ეროვნულ გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრა. მამუკა კი ამ შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე იყო.

ესპანელ მეტოქეს ბურთი მაისურთან ერთად წაართვა 

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მორკინალს აქ დიდხანს არავინ რომ არ გააჩერებდა ცხადი იყო და 2005 წელს კონტრაქტი ფრანგულ მონპელიესთან გააფორმა. თავიდან გუნდში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სარაგბო ელემენტების ცოდნაში მოიკოჭლებდა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. თამაში გვიან დაიწყო, ის ელემენტარული სარაგბო უნარ-ჩვევები რაც ბავშვობაში უნდა ესწავლა არ გააჩნდა. ქართული სამწვრთნელო სკოლაც ფრანგულს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა, როგორც ტაქტიკური ცოდნით, ასევე მომზადების მეთოდებით და მამუკასაც საფრანგეთში რაგბის სწავლა პრაქტიკულად ნულიდან მოუწია. შესაბამისად, პირველი ორი წელი ძირითადად მონპელიეს ესპუართა გუნდში გაატარა და მთავარ გუნდში თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრები გამართა.

მონპელიეში გადასვლის პარალელურად, გორგოძე ნელ-ნელა საქართველოს ნაკრების ლიდერად იქცა და 2007 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციოს დაძლევაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

დისციპლინის პრობლემები

2007 წელი ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. სწორედ 2007-ში მოვახერხეთ მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრის მოგება (ნამიბიასთან 30-0), თუმცა მანამდე იყო ლეგენდარული მატჩი ირლანდიასთან, რომელმაც საქართველო სარაგბო სამყაროს გააცნო. ეს ის შეხვედრაა, რომელშიც 14-10 დავმარცხდით და ნახევარი ნაბიჯი დაგვაკლდა მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე დიდ სენსაციამდე. ამ მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე კი სწორედ მამუკა გორგოძე იყო, რომლისთვისაც ეს კარიერაში პირველი მსოფლიოა.

წარმატებული მსოფლიოს შემდეგ, მამუკამ თავი მონპელიეშიც დაიმკვიდრა, თუმცა პრობლემა მისი უდისციპლინობა იყო. 2007-2014 წლებში გორგოძემ 22 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო და მათი უმეტესობა მოედანზე ჩხუბისთვის. 2011 წელს მიცემულ ინტერვიუში თავად ამბობდა, რომ მოწინააღმდეგეები ბევრ აკრძალულ ილეთს იყენებდნენ და ასეთი რამის მოთმენა ძალიან რთული იყო.

„…თვალში თითის ჩათხრა, ჩარტყმები... ასეთი რაღაცები მაგიჟებს. ყველაზე ხშირად ჩხუბი იმიტომ მომდის, რომ, თუ მსგავს რამეს დავინახავ, მაშინვე, ავვარდები ხოლმე. წესით, შენც იმავე წესით უნდა გადაუხადო სამაგიერო, მაგარი 'ზახვატი' გაუკეთო, ისე შებოჭო, რომ საშინლად ატკინო, მაგრამ, ვერ ვითმენ ხოლმე. იმ წამსვე მაქვს რეაქცია, უპასუხოდ არ ვტოვებ არც ერთ ასეთ საქციელს.“

ჩხუბის ინიციატორი თითქმის არასდროს ყოფილა. თუმცა, მაშინ რაგბიც სხვა სპორტი იყო და მოედანზე გამართულ მუშტი-კრივს დღევანდელივით მკაცრად არ სჯიდნენ. სხვა შემთხვევაში, მამუკას ნახევარი კარიერის გატარება დისკვალიფიკაციებში მოუწევდა. სხვათა შორის, ამას თავადაც აღნიშნავს და ამბობს იმასაც, რომ რაგბი ნელ-ნელა მის ფასეულობებს კარგავს და სხვა სპორტს ემგვანება.

„... ვინმე თუ დამარტყამს, ძირს გორაობას არ ვაპირებ. სამწუხაროა, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაგბი ნელ-ნელა ფეხბურთს ემსგავსება. დაგიბარებენ პარიზში და სადისციპლინო კომიტეტი გკითხავს: 'ბავშვებს რა მაგალითს აძლევ.' უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ვინმე თავს გესხმის, მედიასთან ტირილი არ უნდა დაიწყო. უნდა უპასუხო. თუ დამარტყამ, გიპასუხებ - ეს არის რაგბის ღირებულება. ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში პირველი თავს არავის დავსხმივარ.“

საკლუბო კარიერა

2009 წელს მონპელიეში მთავარ მწვრთნელად ფაბიან გალტიე მივიდა და მამუკა, რომელიც მანამდე თითქმის სულ მეორე ხაზში თამაშობდა, მესამეში გადაიყვანა. აქედან მოყოლებული გორგოძეც სხვანაირად ათამაშდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

2011 წელს, მონპელიე, რომელიც მანამდე ერთი არაფრით გამორჩეული, საშუალო დონის გუნდი იყო, ტოპ14-ის ფინალში გავიდა და ამ წარმატებაში მამუკას როლი უდიდესია. ხოლო ფრანგულმა მთავარმა სპორტულმა ჟურნალმა ‘ეკიპმა’ ის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ მამუკასთან ერთად იმ გუნდს კიდევ ორი გამორჩეული მოთამაშე ჰყავდა - საფრანგეთის ნაკრების ლიდერები, ფუჟენს ოედრაგო და ფრანსუა ტრინდიუკი. მონპელიეს წარმატებამ პრაქტიკულად ამ სამ კაცზე გადაირა.

ამის შემდეგ მამუკა ძალიან ახლოს იყო ტულონში გადასვლასთან, გუნდთან წინასწარ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, თუმცა ბოლო მომენტში მონპელიეში დარჩენა გადაწყვიტა. უარმა ძალიან გააბრაზა ტულონის მფლობელი, მურად ბურჯელალი და კონტრაქტის დარღვევის გამო სასამართლოში იჩივლა.

საბოლოოდ მამუკა ტულონში ორი წლის შემდეგ მაინც აღმოჩნდა. 2014-ში ტრავმებმა გატანჯა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მაინც ხშირად თამაშობდა. იმ დროის ტულონი ძალიან ვარსკვლავური გუნდი იყო და მის შემადგენლობაში ისეთი მორაგბეები ირიცხებოდნენ, როგორებიც მეთ გიტო, ფერნანდეს ლოვე, დრუ მიტჩელი, კარლ ჰეიმანი, ლი ჰალფპენი, ბრაიან ჰაბანა და ბაკის ბოთა იყვნენ.

2015 წლის აპრილში, ლა როშელთან, მნიშვნელოვან მომენტში მამუკამ ყვითელი ბარათი მიიღო, ამაზე გაბრაზებულმა ბერნარ ლაპორტმა ის შემადგენლობიდან ამოაგდო და პლეი-ოფები და ჩემპიონთა თასის ფინალი აღარ ათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ტულონი ჩემპიონი გახდა და მედალი მამუკასაც ერგო, თავად თავს გამარჯვებულად არ თვლის, რადგან ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

2015-16 წლების სეზონში, მამუკამ არანაკლებ ვარსკვლავურ ტულონს ულიდერა და გუნდი ტოპ 14-ის ფინალში გაიყვანა, სადაც ლელოც დადო. თუმცა ტულონი 14 კაციან რასინგთან და ლეგენედარულ დენ კარტერთან დამარცხდა.

2017 წელს ტულონმა ტოპ 14-ის კიდევ ერთი ფინალი წააგო, ამჯერად კლერმონთან და საფრანგეთის ჩემპიონობა მამუკასთვის დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება.

სანაკრებო კარიერა

2011 წელს გორგოძემ მისთვის მეორე მსოფლიო თასზე ითამაშა, სადაც ოთხიდან ორ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს, მათ შორის ინგლისთან.

2015 წლის მსოფლიო თასზე რაგბის ვარსკვლავის სტატუსით ჩავიდა და ოთხივე მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამჯერადაც ორი მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. პირველი იყო ტონგასთან მოგებული ისტორიული შეხვედრა, ხოლო მეორედ თვით ახალ ზელანდიასთან 42-10 წაგებულ მატჩში.

ტურნირის დასრულებისთანავე, „ვორლდ რაგბიმ“ მსოფლიო თასის საუკეთესო თხუთმეტეული დაასახელა, სადაც მამუკა გორგოძეც მოხვდა, ფლანკერის პოზიციაზე.

მამუკა გორგოძე 2015 წლის მსოფლიო თასის სიმბოლურში

გორგოძეს სარაგბო სამყაროში მანამდეც იცნობდნენ და აფასებდნენ, თუმცა 2015 წლის მსოფლიოს შემდეგ უკვე საყოველთაო აღიარება და ცნობადობა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების პროგრესში გორგოძის როლი განუზომლად დიდია. ბორჯღალოსნები მამუკას და მამუკას გარეშე ორი სხვადასხვა გუნდი იყო. ერთა თასის შექმნისთანავე, ამ ტურნირის დომინანტი გუნდი რუმინეთი იყო და მამუკას გამოჩენის შემდეგ როგორ შეიცვალა ძალთა ბალანსი, ამას სტატისტიკა შესანიშნავად აჩვენებს: რუმინეთთან მამუკას გარეშე ჩატარებულ შეხვედრაში დავმარცხდით 6-ჯერ და მოვიგეთ 2 თამაში. გორგოძესთან ერთად მოვიგეთ 9 და წავაგეთ 3 მატჩი, ხოლო ერთიც ფრედ დასრულდა.

2005 წლიდან მოყოლებული, მთელი 12 წელი, ერთა თასზე ჩატარებული ყველა მატჩი, რომელშიც მამუკა მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრები არ დამარცხებულა. 12 წლის თავზე, 2017 წელს, მოულოდნელად რუმინეთთან დავმარცხდით და ეს იყო გორგოძის უკანასკნელი მატჩი ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში.

სათამაშო სტილი და ხასიათი

კარიერის დასაწყისში მამუკა გორგოძის სათამაშო სტილი მთლიანად ძალისმიერ რაგბზე იყო აგებული. შეტევაში უპირატესობის მოსაპოვებლად ლამის ერთადერთ იარაღად მეტოქისთვის თავზე გადავლა ჰქონდა. როგორც ზემოთ ვთქვით, ამის მიზეზი სარაგბო უნარ-ჩვევების ნაკლებობა იყო. რაგბში უმნიშვნელოვანესი ხასიათი და სათამაშო ალღოა, რომელიც გორგოძეს თავის დამკვიდრებაში დაეხმარა.

გორგოძე ჯონი ვილკინსონის წინააღმდეგ

დაცვაში გამოირჩევა დომინანტი ბოჭვით და შემტევს თითქმის ყოველთვის უკან ახევინებს, რაც დამცველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მესამე ხაზში, განსაკუთრებით კი რვა ნომერზე გადანაცვლებამ ტექნიკა და სათამაშო უნარები შესძინა. კარიერის ბოლოსკენ კი უკვე პასების და ოფლოუდების კეთება დაიწყო. თუმცა, ძალისმიერი რაგბი დღემდე მის მთავარ სათამაშო სტილად რჩება და ალბათ სხვანაირი მამუკა უბრალოდ წარმოუდგენელია.

როგორც ყველა ვარსკვლავს, ადვილი ხასიათი არც მამუკა გორგოძეს აქვს. დიდად არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ინტერვიუები. როგორც ამბობს, ხშირად ეკრანზე ან პრესის ფურცლებზე არ უნდა ჩანდე და ხალხს თავი არ უნდა მოაბეზროო. თუმცა, იმ შემთხვევებში, როცა ინტერვიუს იძლევა, ყოველთვის პირდაპირია და რასაც ფიქრობს დაუფარავად ამბობს, შორსაა პოლიტკორექტულობისგან.

გორგოძე მორაგბეების ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენელია და თანამედროვე რაგბში გაჩენილი ტენდენციები დიდად არ მოსწონს. ამბობს, რომ რაგბმა ის სული დაკარგა, რაც ამ სპორტს ჰქონდა. ნელ-ნელა ჩნდება სიმულაციები, მსაჯები კი უკვე ყველაფერზე უსტვენენ.

„უკვე აღარც ვიცი, რა ვქნა. ყველაფერზე ჯარიმას დებენ მსაჯები, რაგბი ბალეტს ემსგავსება. ამაზეც თუ არ ამოიღეს ხმა რაგბის მამებმა, საშინელება იქნება. მაგალითად, მე დიდი მომხრე ვიქნები, თუ შემოიღებენ წესს, როცა გუნდს ვიდეორეფერის ჩართვის მოთხოვნა შეეძლება, სიმულაციაში მხილებული მოთამაშე წითელი ბარათით გააგდონ და დისკვალიფიკაციით დასაჯონ. ესაა სასწრაფო და გადაუდებელი ზომა, უფსკრულისკენ მიექანება რაგბი. კატასტროფაა, რასაც სიმულანტები კადრულობენ.

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ როცა 200-კილოიან კაცს კისერი საერთოდ არ აქვს და მის მხარზე ხელი აგიცდება, ამხელა კაცი გაითხლაშება და ვითომ ფეხზე ვეღარ დგება, ეს სირცხვილია.”

მოედნის გარეთ ჩაკეტილი ადამიანია. არ არის ისეთი მხიარული, როგორიც მაგალითად ლევან ჩილაჩავა ან ზურაბ ჟვანია არიან. მიუხედავად უდიდესი გამოცდილებისა, ახალგაზრდებისთვის გასახდელში ჭკუის დარიგებაც არ უყვარს. თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა მოედნის გარეთ, ქართველ მორაგბეებს თუ არ ჩავთვლით, ძმაკაცობა და მეგობრობა  თითქმის არავისთან აკავშირებს.

რატომ წავიდა ნაკრებიდან

თანამედროვე რაგბში უდიდესი დატვირთვებია. კონტაქტური სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის ყველა შეხვედრაში მორაგბეები მიკროტრავმებს იღებენ და ბევრ სპორტსმენს დაუჩივლია, რომ მატჩიდან-მატჩამდე აღდგენას ფიზიკურად ვერ ასწრებენ. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმს აღდგენისთვის სულ უფრო მეტი დრო სჭირდება. როგორც თავად მამუკა ამბობს, ორ ფრონტზე ბრძოლა მასაც გაუჭირდა. ორგანიზმი აღდგენას ვეღარ ასწრებდა და მისთვის ჩვეულ დონეზე ვერც კლუბში თამაშობდა, ვერც ნაკრებში. ამას ტრავმებიც დაერთო და 2017 წელს ნაკრებში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

“…არავითარ შემთხვევაში არ გავალ მოედანზე, თუ 100%-ით არ ვიქნები დარწმუნებული ჩემს თავში. გულშემატკივრისგან ისეთი სიყვარული ვნახე, ამის შემდეგ არ მინდა, ვინმეს ვათქმევინო - დაბერდა და სახლში წასვლა ვერ გაიგოო! როგორც კი შევატყობ, რომ სათანადო ფორმაში აღარ ვარ, ჩემი სამშობლოს უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, ნაკრებში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, კარგი სახელით დავასრულო სანაკრებო კარიერა...” - ამბობდა გორგოძე 2015 წლის ინტერვიუში.

დღეს, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდე, შეუძლებელია რაგბს უყურებდე და მამუკა გორგოძის სახელი გაგონილი მაინც არ გქონდეს. საქართველოში უამრავი წარმატებული და ტიტულოვანი სპორტსმენი გვყოლია, თუმცა გუნდურ სახეობებში ძნელი გასახსენებელია ინდივიდუალურად ისეთი აღიარებული სპორტსმენი, როგორიც მამუკა გორგოძეა. ქართველ გულშემატკივარს მისთვის მადლობის მეტი სათქმელი არაფერი აქვს. მამუკამ ქართულ რაგბში ეპოქა შექმნა და მისი მიღწევებისა და აღიარების გამეორება ნებისმიერი ქართველი მორაგბისთვის ურთულესი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები