Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა კლიპერსთან მეორე მატჩში 131:135 წააგო
  • უორიორსმა 31-ქულიანი უპირატესობა ქარს გაატანა
  • დემარკუს კაზინსმა სერიოზული ტრავმა მიიღო

NBA-ს მოქმედ ჩემპიონს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა! ლოს ანჯელეს კლიპერსთან პლეი ოფის მეორე შეხვედრაში დიდხანს ისე ჩანდა, რომ უორიორსი მორიგ იოლ გამარჯვებას იზეიმებდა, მაგრამ სტივ კერის გუნდი საბოლოოდ, სენსაციურად დამარცხდა და დემარკუს კაზინსიც დაკარგა!

არადა, პირველ ტაიმში გოლდენ სტეიტისთვის ყველაფერი შესანიშნავად იყო. სტეფ კარი და კომპანია თამაშს 31-ქულიანი უპირატესობითაც კი იგებდნენ, მაგრამ მერე სასწაული მოხდა: კლიპერსი დაუჯერებლად კარგად ათამაშდა და თამაშის თავის სასარგებლოდ შეტრიალება შეძლო. NBA-ს ისტორიაში უდიდესი ‘ქამბექი’ ტაბლოზე ასე აისახა: 131:135 სტუმართა სასარგებლოდ! აქამდე, პლეი ოფში ‘ქამბექების’ რეკორდი ლოს ანჯელეს ლეიკერსს ეკუთვნოდა, რომელმაც 1989 წელს 29-ქულიანი ჩამორჩენა შემოატრიალა.

კლიპერსი საფინალო სირენამდე 16,5 წამით ადრე, ლანდრი შამეტმა დააწინაურა, რის შემდეგაც სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა მიზანს ვერ მიაღწიეს და გოლდენ სტეიტმა უპირატესობა ვეღარ დაიბრუნა. 29 ქულით კარი გოლდენ სტეიტიდან საუკეთესო იყო, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი კლიპერსის შესანიშნავ ფორმაში მყოფი კალათბურთელი, ლუ უილიამსი გახდა (36 ქულა, 11 პასი).

გოლდენ სტეიტისთვის განსაკუთრებით ცუდი ამბავი ის არის, რომ მატჩის დასაწყისში უორიორსის ცენტრმა დემარკუს კაზინსმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია, მაგრამ ESPN-ის ინფორმაციით, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და დიდი შანსია, რომ კაზინსისთვის ეს სეზონი დამთავრებული იყოს.

📺 ვიდეო: დემარკუს კაზინსის ტრავმა

გოლდენ სტეიტსა და კლიპერსს შორის სერიაში ანგარიში გათანაბრდა: 1:1. მომდევნო მატჩი 19 აპრილს, ლოს ანჯელესში გაიმართება.

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 131:135 კლიპერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები