Thumbnail
  • 📅 16 აპრილი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V მანჩესტერ იუნაიტედი | 📺 SILK SPORT HD1
  • კატალონიური გრანდი ‘ცალი ფეხით’ ნახევარფინალშია
  • მანჩესტერელებს, როგორც პარიზში, ახლაც სასწაულის იმედი აქვთ

სასწაულები ხდება ხოლმე, მაგრამ რამდენად ხშირად?

ბარსელონამ ‘ოლდ ტრაფორდზე’ 1:0 მოიგო და დაადასტურა, რომ ამ წყვილში აშკარა ფავორიტია, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედში ყველაზე კარგად იციან, რომ მიუხედავად საკუთარ მოედანზე წაგებისა, იმედი არ უნდა დაკარგონ. თუმცა სასწაულები ხშირად არ ხდება - ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ასეთი სასწაული ახლახან მოახდინა, როცა შინ 0:2 წაგების შემდეგ, პარი სენ-ჟერმენს სტუმრად 3:1 მოუგო და მეოთხედფინალში მაინც გავიდა. მართალია, ბარსელონა პსჟ არ არის, მაგრამ არც 0:1 არის 0:2.

“ამ წყვილის ბედი გადაწყვეტილი არ იქნება მანამდე, სანამ ‘კამპ ნოუზე’ მინიმუმ 90 და მაქსიმუმ 120 წუთი არ ამოიწურება,” - განაცხადა მატჩის წინ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა და ვინ, თუ არა სწორედ სულშერმა იცის, რაზეც ლაპარაკობს. ნორვეგიელმა სწორედ ‘ნოუ კამპზე’ ჩაატარა თავისი კარიერის მატჩი ზუსტად 20 წლის წინ, 1999 წელს, როცა მისი იუნაიტედი მიუნხენის ბაიერნთან ფინალს 0:1 აგებდა. გეხსომებათ: 91-ე წუთზე ტედი შერინგემმა ანგარიში გაათანაბრა, 93-ე წუთზე კი, იუნაიტედს ისტორიული და დაუვიწყარი გამარჯვება სწორედ სულშერის გოლმა მოუტანა. ამიტომაც აქვს ნორვეგიელს იმის უფლება, რომ ახლა უკვე მწვრთნელის რანგში ჰქონდეს ‘კამპ ნოუს’ სასწაულის იმედი.

“ბარსა საკუთარ მოედანზე არ აგებს ხოლმე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ ასეთი მარცხი ვაგემოთ, - ამბობს სულშერი, რომელსაც ზურგს პარიზული სენსაციური 3:1 (მანჩესტერული 0:2-ის შემდეგ) უმაგრებს, - მე ბედის არ მჯერა, მაგრამ მჯერა იმის, რომ მიიღებ იმას, რასაც იმსახურებ!”

ESPN-თან ინტერვიუში ნორვეგიელმა კიდევ ასეთი რამ თქვა: “მუცელში პეპლები მეყოლება! მოუთმენლად ველი მატჩის დაწყებას.”

“მატჩის დროს თავში გვექნება კადრები, თუ როგორ იზეიმა სულშერმა ბაიერნის კარში გატანილი ლეგენდარული გოლი სერ ალეს ფერგიუსონის თვალწინ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ფანებს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო ვაჩუქოთ,” - ეს ხუან მატას სიტყვებია.

“ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბარსა პსჟ არ არის. კატალონიელები სხვა დონეზე არიან!” - ამბობს რომელუ ლუკაკუ.

'ჩვენი პრიორიტეტი გოლის გატანაა - არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სტუმრად მოგების გამო უპირატესობა გვაქვს!' - ერნესტო ვალვერდე

ბარსელონას დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე ფრთხილობს: “სტუმრად გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენი მისია მარტივია: მათ არ უნდა გავატანინოთ და ვეცადოთ, რომ გავიტანოთ. ჩვენი პრიორიტეტი გოლის გატანაა - არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სტუმრად მოგების გამო უპირატესობა გვაქვს. არ ვიცი, რას გეგმავს მანჩესტერ იუნაიტედი, მაგრამ ჩვენ საკმარისად გვაქვს კარგი მაგალითები იმისა, თუ რა შეუძლია ამ გუნდს. მათ 4 გასვლითი მატჩიდან სამი მოიგეს და სტუმრად დაამარცხეს იუვე და პსჟ ბოლო წუთებზე. იუნაიტედს აქვს პოტენციალი და სწორედ ამიტომ, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს!” - აღნიშნა ვალვერდემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

სანამ დუელის საინტერესო ფაქტებზე გადავალთ, ერთი მეტად საინტერესო ფაქტი ახლავე: ლიონელ მესის მეოთხედფინალის ბოლო 12 დუელში (!) გოლი არ გაუტანია! 2015 წლის ტრიუმფის შემდეგ, ბარსა ყოველთვის მეოთხედფინალში ვარდებოდა...

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა პირველი მატჩი ‘ოლდ ტრაფორდზე’ ლუკ შოუს ავტოგოლით 0:1 წააგო. ეს იყო მანკუნიანელთა მეორე ავტოგოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მატჩში და ეს იყო გოლი, რომელიც ბარსელონას საპასუხო მატჩის წინ უდიდეს უპირატესობას აძლევს.

⚽ ბარსას, ევროთასებზე, ინგლისურ კლუბებთან, საკუთარ მოედანზე შესანიშნავი ბალანსი აქვს: 20 მოგება, 11 ფრე და მხოლოდ 2 მარცხი.

⚽ ბარსას იოლ ამოცანაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კატალონიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრებში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (27 მოგება, 3 ფრე), რაც ტურნირის რეკორდია.

⚽ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, საკუთარ მოედანზე საშუალოდ ერთ თამაშში 3,0 გოლი გააქვს და 0,5 გოლს უშვებს.

⚽ ბარსელონამ ევროთასების პლეი ოფში, სტუმრად პირველი თამაში 38-ჯერ მოიგო. აქედან 36-ჯერ მომდევნო ეტაპზე გააღწია და მხოლოდ ორჯერ გავარდა.

⚽ იუნაიტედი ერთი შეხედვით უშანსოდ ჩანს, მაგრამ ასე იყო პარი სენ-ჟერმენთან საპასუხო შეხვედრის წინაც. სწორედ პსჟ-სთან სტუმრად მოგებული მატჩი (3:1) აძლევს იუნაიტედის გუნდს იმის იმედს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო იუნაიტედის ისტორიაში, როცა შინ წაგების შემდეგ, გუნდი მაინც გავიდა მომდევნო ეტაპზე.

⚽ საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედს სტუმრად უფრო მეტი გოლი გააქვს, ვიდრე საკუთარ მოედანზე - ასე იყო წინა ოთხივე მეტოქესთან. 

⚽ გარდა ამისა, იუნაიტედს ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს წაგებული (5 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი). 

⚽ იუნაიტედის ბოლო 5 ოფიციალურ გასვლით შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ უსმან დემბელემ ბარსელონასთვის ჩემპიონთა ლიგაში 3 გოლი გაიტანა - აქედან ორი მეორე ტაიმში.

⚽ მარკუს რაშფორდმა იუნაიტედისთვის ჩემპიონთა ლიგაში ორი გოლი გაიტანა და ორივე 75-ე წუთის შემდეგ.

⚽ საკუთარ მოედანზე ბარსელონა ბოლო წუთებზე განსაკუთრებით სახიფათოა: ბოლო 4 ოფიციალურ საშინაო შეხვედრაში კატალონიელებს მე-80 წუთის შემდეგ გოლი გაჰქონდათ.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო 4 თამაშიდან სამში, ჩემპიონთა ლიგაში, პირველი გოლი პირველ 20 წუთში გავიდა.

⚽ ბარსელონასა და მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო 5 საჩემპიონთალიგო დაპირისპირებიდან 4-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობა

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, სუარესი, დემბელე.

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - დალოტი, ლინდელოფი, სმოლინგი, იანგი - მაკტომინეი, ფრედი, პოგბა - რაშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი.

კომენტარები

ბოლო ამბები