Thumbnail
  • 📅 16 აპრილი | ⌚ 23:00 | ⚽ იუვენტუსი V აიაქსი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ტურინის იუვენტუსს ამსტერდამში მოპოვებული ფრე უპირატესობას აძლევს
  • ამსტერდამის აიაქსს ალიანც იუვენტუსზე მინიმუმ ერთი გოლი აქვს გასატანი
  • მასიმილიანო ალეგრი მეტოქის უპატივცემულობას გამორიცხავს

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული საპასუხო შეხვედრა სამშაბათს ტურინში გაიმართება, სადაც იუვენტუსი ამსტერდამის აიაქსს მიიღებს. ტურნირის ამ ეტაპზე ეს ერთადერთი წყვილია, რომლის პირველ დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - ფრე 1:1

ახლა ტურინელებს მიზნის მისაღწევად უგოლო ფრეც აძლევთ ხელს, აიაქსს კი ნახევარფინალში გასასვლელად გამარჯვება ან შედეგიანი ფრე სჭირდება - 2:2 ან მეტი. 1:1-ის შემთხვევაში კი, გამარჯვებულს პენალტების სერია გამოავლენს.

წინასწარ ცნობილია, რომ იუვე-აიაქსის წყვილში მოგებულს 1/2-ფინალში მეტოქედ მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემის დაპირისპირებაში გამარჯვებული ეყოლება.
 

იუვენტუსი

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ამსტერდამულ მატჩში მეტისმეტად რაციონალური იყო, მოქმედებდა მძიმედ და პასიურად, არ ცდილობდა ბურთის გაკონტროლებას. მართალია, იუვემ აიაქსის კარის ჩარჩოში სულ ორჯერ დაარტყა, მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მოგებასთან მაინც უფრო ახლოს იყო  - მატჩის მიწურულს დუგლას კოშტას იერიშის შემდეგ, აიაქსი წაგებისგან ძელმა იხსნა.

რონალდომ ლიგის ამ სეზონში 5 გოლი შეაგდო, აქედან 4 - ტურინში

ტურინელებს მეტოქის დაუფასებლობა არ სჩვევიათ და ნაკლებად სავარაუდოა, რეალის შეცდომა გაიმეორონ. მასიმილიანო ალეგრიმ აიაქსთან საპასუხო დაპირისპირებას სერია A-ს ბოლო ტური უკვე შესწირა - მოკრძალებულ სპალ-ს სარეზერვო გუნდი დაუპირისპირა, წააგო (1:2) და ჩემპიონობის გაფორმება მომავლისთვის გადადო. სკუდეტო მოიცდის, ტურინელთა ლიდერები კი აიაქსთან თამაშს დასვენებულები შეხვდებიან.
 
"ამსტერდამის აიაქსი ერთნაირად მაღალ დონეზე თამაშობს როგორც შინ, ისე - სტუმრად. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მეტოქეს, რადგან წინ უმძიმესი თამაში გველოდება", - ამბობს მომავალ დაპირისპირებაზე ტურინელთა თავკაცი.

ტურინელებს აიაქსთან საპასუხო შეხვედრაში მარტინ კასერესისა და მატია პერინის იმედი არ ექნებათ, რომლებსაც ტრავმები აქვთ. ძალიან საეჭვოა ემრე ჯანის, ჯორჯო კიელინისა და დუგლას კოშტას თამაში.

📸 ტურინელთა მზადება მომავალი მატჩისთვის

აიაქსი

დე იონგის თამაში სათუოა

პირველ მატჩში ამსტერდამელებმა შთამბეჭდავად, ყოველგვარი რიდის გარეშე ითამაშეს და საკუთარი ფეხბურთი აჩვენეს. აშკარად გამოჩნდა, რომ ჰოლანდიელები მხოლოდ ⅛-ფანალში რეალის ბარიერის დაძლევით არ კმაყოფილდებიან და გაცილებით მეტის ამბაცია აქვთ. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა კარგი ფეხბურთით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. საკუთარ მოედანზე 1:1 ისეთი ტოპ-კლუბის წინააღმდეგ, როგორიც იუვენტუსია, ერთი მხრივ ცუდი არაა, მაგრამ ეს აიაქსის შანსებს ძალიან ამცირებს. მეორე მხრივ ჩნდება შეკითხვა: აიაქსმა თუკი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეძლო რეალის დამარცხება, რატომ ვერ უნდა მოახერხოს ტურინში ერთი-ორი გოლის შეგდება? 

აიაქსის თავკაცი კრიშტიანო რონალდოს შეჩერებას პერსონალურად არავის დაავალებს

აიაქსმა ტურინში გამგზავრებამდე, ერედივიზიეში ეკსელსიორი მიიღო და ანგარიშით 6:2 სძლია. ამ მატჩში მოედანი უკვე 28-ე წუთზე დატოვა ტრავმირებულმა ფრენკი დე იონგმა. 21 წლის ნახევარმცველი, რომელიც მომავალი სეზონიდან ბარსელონას შეუერთდება, ტენ ჰაგს იუვენტუსთან მატჩის განაცხადში კი ჰყავს, მაგრამ მისი თამაში ბოლო დრომდე საეჭვო იყო და ეს აიაქსისთვის უმნიშვნელო ამბავი ნამდვილად არაა.  

"კრიშტიანო რონალდოს არავის მივუჩენთ. დე იონგის თამაში კი ჯერ ისევ საეჭვოა. იუვენტუსი ფავორიტია, განსაკუთრებით ამსტერდამული შედეგის შემდეგ. მაგრამ თუ კარგად ვითამაშებთ, ნებისმიერი ბარიერის დაძლევა შეგვიძლია", - თქვა თამაშის წინ ტენ ჰაგმა.

📸 აიაქსის ვარჯიში ალიანც იუვენტსზე

ცნობილია, რომ ამსტერდამულ გუნდს ტრავმის გამო ფორვარდი ჰასან ბანდე ვერ დაეხმარება, დისკვალიფიკაციის მიზეზით კი - მცველი ნოკოლას ტალიაფიკო. ამ უკანასკნელის არყოფნა ტენ ჰაგისთვის განსაკუთრებით დიდი დანაკლისია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ტურინის იუვენტუსი ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში მეცხრამეტედ თამაშობს (12 მოგება, 6 მარცხი). 

⚽ ამსტერდამის აიაქსი ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში მეთორმეტედ თამაშობს (8 მოგება, 4 მარცხი). 

⚽  წარმატების შემთხვევაში, იუვე ½-ფინალში ბოლო ხუთი სეზონიდან მესამედ გავა. აიაქსს კი ამ ეტაპზე 1996/97 წლების შემდეგ არ უთამაშია.

⚽ იუვენტუსს ჰოლანდიურ კლუბებთან ბოლო ათი დაპირისპირებიდან არცერთი წაუგია, ბოლო შვიდიდან კი ხუთში გაიმარჯვა.

⚽ აიაქსმა იუვენტუსს ევროთასებზე ჩატარებული 13 მატჩიდან მხოლოდ 2-ჯერ მოუგო და არცერთხელ 1974 წლის შემდეგ. 

⚽  გუნდები ჩემპიონთა თასის ფინალში ორჯერ შეხვდნენ. 1973 წელს, ბელგრადში, აიაქსმა მოიგო (1:0), 23 წლის შემდეგ კი იუვემ რომში რევანში აიღო (1:1, პენ: 4-2).

⚽ იუვენტუსმა აიაქსს ოთხივე ორრაუნდიანი დაპირისპირება მოუგო. ბოლოს ეს 2009/10 წლების ევროპალიგის 1/16-ფინალში შეძლო (2:1 ამსტერდამში, 0:0 ტურინში).

⚽ იუვენტუსს ტურინში ამსტერდამელებთან არასდროს წაუგია (3 მოგება, 2 ფრე), თუმცა ბოლო ორ მატჩში სულ ერთი გოლი გაუტანა. 

⚽ აიაქსს სტუმრად იტალიურ კლუბებთან 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 2 ფრე). ამასთან, ჰოლანდიელებს ამ მატჩებში არცერთი გოლი გაუშვიათ.

⚽ ტურინის იუვენტუსის სტატისტიკა მატჩის შემდგომ 11-მეტრიანების სერიაში: 3 მოგება, 3 მარცხი.

⚽ ამსტერდამის აიაქსის სტატისტიკა მატჩის შემდგომ 11-მეტრიანიების სერიაში: 1 მოგება, 5 მარცხი. 

ამსტერდამელებს ტურინის სტადიონზე არასდროს გაუმარჯვიათ

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდო.

აიაქსი (4-2-3-1): ონანა - ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, სინკგრავენი - ბიიკი, შიონე - ზიეში, ტადიჩი, ნერეში - დოლბერგი. 

კომენტარები

ბოლო ამბები