Thumbnail

'ჯოჯოხეთი ელით ჰომოსექსუალებს, ათეისტებს...' - ფოლაუ ნაკრებიდან მოკვეთეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ავსტრალიის ნაკრების მორაგბე სასჯელს ვეღარ გადაურჩა
  • ისრაელ ფოლაუს ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოიძახებენ

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიქაელ ჩეიკამ დაადასტურა, რომ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ისრაელ ფოლაუ სოციალურ ქსელში გაკეთებული უპატივცემულო განცხადებების გამო ნაკრებიდან მოიკვეთა და ის 2019 წლის მსოფლიოს თასზე აღარ იასპარეზებს.

ფოლაუ, რომელსაც ორი კვირის წინ სუპერ რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი ლელო დაუგროვდა, ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ეს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მოხდა, სადაც ფოლაუმ დაწერა, რომ ლოთებს, ჰომოსექსუალებს, მოღალატეებს, მატყუარებს, მეძავებს, ქურდებს, ათეისტებსა და კერპთაყვანისმცემლებს ჯოჯოხეთი ელოდებათ და მათი გადარჩენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

ისრაელ ფოლაუმ ინსტაგრამ პოსტის აღწერაში აღნიშნა, რომ ქრისტეს ყველა უყვარს, ყველას შეუძლია ცოდვების გზიდან გადახვევა და მასთან მისვლა. ავსტრალიელმა მორაგბემ მსგავსი შინაარსის პოსტი შარშანაც გამოაქვეყნა, რის გამოც სერიოზული საყვედური მიიღო.

ფოლაუს კონტრაქტი ავსტრალიის რაგბის ნაკრებთან 2022 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ახალი კონტრაქტის გათვალისწინებით, ფოლაუს მსგავსი განცხადებებისგან თავი უნდა შეეკავებინა. მან პირობა არ გაითვალისწინა და ხელმძღვანელობამაც მისი დასჯა გადაწყვიტა.

ავსტრალიელმა მორაგბემ ნაკრებიდან გაშვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. "ღმერთის მჯერა. ვიცი, რომ ის აკონტროლებს ყველაფერს. როგორც მას სურს, ისე იქნება. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვაკეთებ იმას, რაც ღმერთს სურს. ღმერთისთვის ვცხოვრობ, მისი გეგმები ჩემ შესახებ უფრო კარგია, ვიდრე ის, რაზეც მე ვფიქრობ.'' - განაცხადა ფოლაუმ საკვირაო წირვაზე დასწრების შემდეგ.

🗣 ფოლაუს განცხადებას სარაგბო სამყარო გამოეხმაურა და ავსტრალიელი მორაგბის საქციელი დაგმო.

სემ უაითლოკი (ახალი ზელანდიისა და კრუზეიდერსის მორაგბე): 'სოციალური მედია იმისთვისაა, რომ ხალხმა შენი პირადი აზრი იცოდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასე არ უნდა მოიქცე.'

გარეთ თომასი (უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე): 'ვინც ის პოსტი წაიკითხა და ზეგავლენის ქვეშ არ მოექცა, კარგი ადამიანია. ჯოჯოხეთი კი არა, თქვენ ბედნიერება გელოდებათ.'

პოლ უილიამსი (უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე და მსოფლიო რაგბის თანამშრომელი): 'არ მომწონს, როდესაც ადამიანები სამსახურს კარგავენ, მაგრამ ფოლაუმ ზღვარს გადააბიჯა. ავსტრალიის რაგბის კავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო.'

სკოტ მორისონი (ავსტრალიის პრემიერმინისტრი): 'ფოლაუს კომენტარები ცუდი მოსასმენი იყო. მნიშვნელოვანია, როდესაც საჯარო პირი ხარ, ბევრი იფიქრო იმ თემაზე, რომ შენი სიტყვებით სხვებს არაფერი დაუშავო.'

ვარატასის მორაგბეს ეროვნულ ნაკრებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 32 ლელოა. ავსტრალიის ნაკრები მსოფლიო თასს მთავარი ვარსკვლავის გარეშე შეხვდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში ავსტრალიასთან ერთად თამაშობს. ''ბორჯღალოსნები'' 'ვოლაბებს' 11 ოქტომბერს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები