Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსიას დაცვის მარცხენა ფლანგზე გაძლიერება სჭირდება
  • ფილიპე ლუიშს ატლეტიკოსთან კონტრაქტი უმთავრდება და უფასოა

დორტმუნდის ბორუსიას მადრიდის ატლეტიკოს ვეტერანი მცველის, ფილიპე ლუიშის გადაბირება სურს, რაც გერმანული კლუბის ბოსმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა. ახალი ინფორმაციით, დორტმუნდელებმა ბრაზილიელთან შეთანხმებას მიაღწიეს. ეს ინფორმაცია ესპანელმა ჟურნალისტმა ტანია მარტინმა გაავრცელა.

33 წლის ფილიპე ლუიშს ატლეტიკოსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდი მას უფასოდ გადაიბირებს. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რის გამოც ბორუსიას მისი ხელში ჩაგდება სურს.

“როცა იგებ, რომ ასეთი ფეხბურთელი ბაზარზე უფასოა, მინიმუმ სერიოზულად დაფიქრდები. თანაც, მარცხენა მცველის პოზიციაზე გაძლიერება ნამდვილად გვჭირდება,” - აღნიშნა ვატცკემ ცოტა ხნის წინ, Sky-სთან ინტერვიუში.

დორტმუნდში მარცხენა მცველის პოზიციაზე ყველაზე ხშირად აბდუ დიალო თამაშობს, რომელიც პირველ რიგში ცენტრალური მცველია. ბორუსიას, რა თქმა უნდა, მარსელ შმელცერიც ჰყავს, მაგრამ BVB-ს მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი მას იშვიათად ენდობა. არის რაფაელ გერეიროს ვარიანტიც, თუმცა ის უფრო მარცხენა გარემარბია და დაცვის ფლანგზე თამაში მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა გუნდს სხვა ვარიანტი არ აქვს.

ფილიპე ლუიში აგვისტოში 34 წლის ხდება და ცხადია, რომ დორტმუნდისთვის მისი ტრანსფერი მაქსიმუმ ერთ სეზონზე იქნება გათვლილი, მაგრამ ბრაზილიელს დიდი გამოცდილება აქვს - დეპორტივოს, ჩელსის და ატლეტიკოს მაისურით მას თითქმის 500 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები