Thumbnail
  • ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას გუნდმა ჩემპიონატში მეხუთე მატჩი მოიგო 
  • ბოლო ტურის  კოსტანაის ტობოლმა სტუმრად ოკჟეტპესს ანგარიშით 2:1 სძლია
  • ქართველმა ნახევარმცველმა ახალ სეზონში პირველი გოლი მიითვალა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის ჩემპიონატში გატანილი გოლით გამოირჩა. კოსტანაის ტობოლმა, რომლის ღირსებას კვეკვესკირთან ერთად ჯაბა კანკავაც იცავს, ყაზახეთის სუპერლიგის მე-5 ტურის მატჩში სტუმრად ოკჟეტპესს ანგარიშით 2:1 სძლია. 

ჯაბა კანკავა, როგორც ყოველთვის, ბოლომდე იბრძვის

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელმა თამაში ტობოლის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ნიკამ კი ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. კვეკვესკირი თამაშის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე შეცვალეს, ჯაბა კანკავამ კი შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მატჩი კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. ტობოლოს 65-ე წუთზე, როდესაც ანგარიშით 0:2 იყო, ფეხბურთელი გაუძევეს, დარჩენილ დროში კი ოკჟეტპესმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა.

📺 ნიკა კვეკვესკირის გოლი 4:15-იდან

ტობოლის ოფიციალურმა საიტმა Instat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ნიკა მატჩის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა. კვეკვესკირმა კარში ერთხელ დაარტყა და გაიტანა, შეასრულა ორი მნიშვნელოვანი პასი, თავად არ დაჯარიმებულა, მასზე კი ორჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო მისი Instat-ინდექსი 250 იყო. 

ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ ჩემპიონატის ხუთივე მატჩში ითამაშეს. 26 წლის ნახევარმცველისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი პირველი გოლია.

კოსტანაის ტობოლი ყაზახეთის სუპერლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც საწყის ხუთ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა.  

კომენტარები

ბოლო ამბები