Thumbnail
  • ესპანური მედია: რეალის მთავარი სამიზნე აინტრახტის თავდამსხმელია
  • მადრიდელები მზად არიან, ფრანკფურტელებს 70 მილიონი გადაუხადონ

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის რეალის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ფრანკფურტის აინტრახტის თავდამსხმელის, ლუკა იოვიჩის შეძენა იქნება - ამ ინფორმაციას დღეს წამყვანი ესპანური სპორტული გაზეთები, Marca და AS ავრცელებენ.

ხსენებული გამოცემები წერენ, რომ გერმანული კლუბი 21 წლის სერბი ცენტრფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს და ‘სამეფო კლუბი’ მზადაა, ეს თანხა გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ იოვიჩი ჯერ კიდევ ლისაბონის ბენფიკას საკუთრებაა და აინტრახტში განათხოვრების წესით თამაშობს, თუმცა ფრანკფურტულ კლუბს ზაფხულში მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვს და სულ რაღაც 12 მილიონი უნდა გადაიხადოს. ცხადია, რომ გერმანელები ამ ოპციას გამოიყენებენ, რადგან ამ სეზონში სერბის ფასი დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა. მართალია, აინტრახტი იოვიჩს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ დიდ მოგებას ნახავს.

იოვიჩი ბუნდესლიგაში ბრწყინვალე სეზონს ატარებს

ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ გასულ ხუთშაბათს, ბენფიკასა და აინტრახტის მატჩს (2:4) რეალის სკაუტები დაესწრნენ. იოვიჩმა გოლი გაიტანა და, როგორც ჩანს, მადრიდულ კლუბს ინტერესი გაუღვივა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ესპანელმა ჟურნალისტებმა ორი კვირის წინ, იოვიჩის მრჩეველი ფალი რამადანი მადრიდში რეალის ბოს ხოსე ანხელ სანჩესთან ერთად ნახეს. როგორც ჩანს, საქმე მართლაც სერიოზულადაა!

ცნობილია, რომ რეალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნებულ ზინედინ ზიდანს ზაფხულში დიდი საკადრო ცვლილებები აქვს გადაწყვეტილი. როგორც ირკვევა, ფრანგს ქარიმ ბენზემას საუკეთესო შემცვლელად სწორედ იოვიჩი მიაჩნია, რომელსაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 17 გოლი აქვს გატანილი და გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ რობერტ ლევანდოვსკის მხოლოდ 4 გოლით ჩამორჩება. 

ზინედინ ზიდანი რეალში დიდ საკადრო ცვლილებებს გეგმავს

თუმცა, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, იოვიჩის გადაბირებაზე ბარსელონაშიც სერიოზულად ფიქრობენ. სერბი ცენტრფორვარდის მამამ ცოტა ხნის წინ, ‘ბილდთან’ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბარსა მართლაც დაინტერესებულია.

აინტრახტის სპორტული დირექტორი, წარსულში ცნობილი თავდამსხმელი ფრედი ბობიჩი კი უკვე შეეგუა იმას, რომ იოვიჩი ფრანკფურტში არ დარჩება. “დიახ, ჩვენ ვიცით, რომ მისი შეძენა გრანდებს სურთ. შესაბამისად, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ლუკა ზაფხულში დავკარგოთ,” - უთხრა ბობიჩმა ტელეკომპანია RTL-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები