Thumbnail
  • მილუოკიმ დეტროიტს პირველივე დუელი დიდი სხვაობით მოუგო
  • ანდრე დრამონდი გააძევეს, ზაზა ფაჩულიამ თითქმის 18 წუთი ითამაშა

მილუოკი ბაქსმა პლეი ოფის პირველივე მატჩში დაამტკიცა, რომ ზაზა ფაჩულიას დეტროიტთან აშკარა ფავორიტია. იანის ანტეტოკუნმპომ და კომპანიამ პისტონსი 35-ქულიანი სხვაობით, 121:86 დაამარცხეს. Greek Freak-ს ფანტასტიკურად არ უთამაშია, მაგრამ რაც ითამაშა, ისიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო.

მილუოკიმ მატჩის პირველსავე წუთებზე დიდი უპირატესობა მოიპოვა და დაადასტურა, რომ გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. თამაშის დაწყებიდან 5 წუთიც კი არ იყო გასული, რომ ტაბლოზე უკვე 20:4 ეწერა - რა თქმა უნდა, ბაქსის სასარგებლოდ. ქულების ნახევარი კი იანისის ანგარიშზე იყო, რომელმაც ამ დროში უკვე მოასწრო ‘ჯამპერი’, ‘ლეიაპი’ და ბრწყინვალე ჩატენვაც. მისმა გუნდმა პირველი მეოთხედი 38:18 მოიგო!

დეტროიტი, რომელმაც პლეი ოფის საგზური რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში მოიპოვა, აშკარად არ ჩანდა ისეთი გუნდი, რომელიც მილუოკის წინააღმდეგობას გაუწევს. თუმცა აღსანიშნავია, რომ პისტონსს ბლეიკ გრიფინის სახით უმთავრესი მოთამაშე აკლდა, რაც გუნდის შეტევაზე ძალიან უარყოფითად აისახა.

იანისმა პირველი 10 ქულის შემდეგ პაუზა აიღო, საერთო ჯამში კი, 24 ქულა და 17 მოხსნა სულ რაღაც 23 წუთში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მილუოკი შეტევაში არც მაშინ სუსტდებოდა, როცა ანტეტოკუნმპო სკამზე იჯდა. საერთო ჯამში, ბაქსის შვიდმა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის დაგროვება. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ 25 წუთზე მეტი მილუოკის არცერთ სტარტერს არ უთამაშია!

📺 ვიდეო: იანისის ფანტასტიკური ჩატენვა საჯარიმოს ნიშნულიდან

ერთი სიტყვით, დეტროიტი მთელი მატჩის განმავლობაში უშანსოდ იყო, რამაც გუნდის მთავარი ცენტრი ანდრე დრამონდი წყობიდან გამოიყვანა. მას მერე, რაც იანისმა მესამე პერიოდში შეტევაში ბურთი მოხსნა, დრამონდი გამწარდა და Greek Freak-ს ‘ლეიაპის’ მცდელობის დროს აშკარად მაგრად ეუხეშა, რისთვისაც დარბაზიდან დიდი სტვენა, მსაჯებისგან კი ორი ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა. ამით მისთვის თამაში დასრულდა - დრამონდმა თავისი წილი ორმაგი დუბლი 12 ქულით და 12 მოხსნით შეასრულა.

📺 ვიდეო: დრამონდის გაძევება

თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ დრამონდის თამაშში დარჩენა რამეს შეცვლიდა, რადგან იმ დროისთვის მილუოკი დეტროიტს უკვე 95:64 უგებდა. სამაგიეროდ, მეტი სათამაშო დრო მიეცა ზაზა ფაჩულიას - პისტონსის 35 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე ჯამში 17 წუთი და 37 წამი გაატარა. ამ დროში ფაჩულიამ 5 ქულის ჩაგდება მოასწრო და 9 მოხსნა გააკეთა. ზაზამ ექვსიდან ორი 2-ქულიანი ჩააგდო და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. მას დაცვაში 8, შეტევაში კი 1 მოხსნა ჰქონდა.

მომდევნო მატჩი 18 აპრილს, ისევ მილუოკის დარბაზში გაიმართება. პირველი მატჩის შემდეგ ფაჩულიას გუნდი აბსოლუტურად უშანსო ჩანს.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები