Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნმა ფორტუნა 4:1 დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა
  • მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს

როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის ბაიერნმა დიუსელდორფის ფორტუნა სტუმრად ადვილად დაამარცხა და ბუნდესლიგაში ლიდერობა დაიბრუნა! რეკორდმაისტერმა 4:1 მოიგო - პირველი ორი გოლი კინგსლი კომანის ანგარიშზეა.

22 წლის ფრანგმა ხუთშაბათს, ვარჯიშზე რობერტ ლევანდოვსკისთან იჩხუბა - დღეს ორივე ძირითად შემადგენლობაში იყო. ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა კომანი და პოლონელი შეარიგა - მიუნხენურმა გრანდმა ფეხბურთელები არ დასაჯა.

მეორე ტაიმში სერჟ გნაბრიმ სხვაობა სამამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს ფორტუნამ პენალტის გატანა შეძლო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლეონ გორეტცკამაც გაიტანა და საბოლოოდ, 4:1 ბაიერნის სასარგებლოდ. ბავარიულმა გრანდმა ამ მოგებით არა მარტო ლიდერობა დაიბრუნა, არამედ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობაც გაინაღდა - მეხუთეადგილოსან გლადბახს უკვე 16 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე კი 5 მატჩია დარჩენილი.

ფორტუნასთან გამარჯვების შემდეგ ბაიერნში მხოლოდ ერთი რამის გამო არიან უკმაყოფილოები: მანუელ ნოიერმა 53-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია.

ტრავმირებული ნოიერი სვენ ულრაიხმა შეცვალა

ფორტუნა 1:4 ბაიერნი

გოლები: 0:1 კომანი (15), 0:2 კომანი (41), 0:3 გნაბრი (55), 1:3 ლუკებაკიო (89-პენ), 1:4 გორეტცკა (92)

ფორტუნა (4-1-2-3): რენზინგი - ციმერმანი, ჰოფმანი, კამინსკი, აიჰანი - სობოტკა (67. მორალესი) - შტიოგერი, ბარკოკი - რამანი, ჰენინგსი (68. ლუკებაკიო), კოვნაკი (80. უსამი).

ბაიერნი (4-1-2-3): ნოიერი (53. ულრაიხი) - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი - თ. მიულერი (70. გორეტცკა), ტიაგო ალკანტარა - გნაბრი (80. ხამეს როდრიგესი), ლევანდოვსკი, კომანი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები