Thumbnail

იტალიის დიდი ტალანტი ბაიერნში? გერმანელებს 50 მილიონის გადახდა მოუწევთ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაიერნი რომას მეგატალანტისთვის იბრძოლებს
  • ბილდის ინფორმაციით, ნიკოლო ძანიოლოც დაინტერესებულია

მიუნხენის ბაიერნი ზაფხულში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას და გაახალგაზრდავებას რომ გეგმავს, ამის შესახებ არაერთხელ დავწერეთ. რეკორდმაისტერმა მომავალი სეზონისთვის უკვე განახორციელა ორი ხმაურიანი ტრანსფერი - მიუნხენში მადრიდის ატლეტიკოდან მარცხენა მცველი ლუკა ერნანდესი (80 მილიონი ევრო) მიდის, შტუტგარტიდან კი მსოფლიოს ჩემპიონი ბენჟამენ პავარი (35 მილიონი ევრო). დაცვის ხაზის გაძლიერების შემდეგ, ბავარიელები შეტევაზეც ფიქრობენ.

‘ბილდის’ ინფორმაციით, ბაიერნის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იტალიელი მეგატალანტი ნიკოლო ძანიოლო იქნება. რომას 19 წლის ნახევარმცველი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

1,90 მეტრი სიმაღლის ძანიოლოს, რომელსაც ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგზეც, რომას შემადგენლობაში 32 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლი გაიტანა. ძანიოლოს უკვე იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი - ‘სკუადრა აძურას’ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში შეცვლაზე ათამაშა. 

იტალიური მედია წერს, რომ ძანიოლოს გადაბირება არაერთი გრანდს სურს. ბაიერნის გარდა, მისი შეძენით რეალი და იუვენტუსიც დაინტერესებულები არიან. თუმცა ‘ბილდი’ წერს, რომ ძანიოლო ბაიერნს ანიჭებს უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ იტალიური ‘გაძეტა დელო სპორტი’ ბაიერნის ინტერესზე ჯერ კიდევ თებერვალში წერდა.

წაიკითხეიტალიური ფეხბურთის ახალი იმედი - ტოტისთან შედარება უხერხული არ არის!

ძანიოლო რომაში გასულ ზაფხულს, ინტერიდან გადავიდა. ‘ჯალოროსის’ მისი ტრანსფერი 3,5 მილიონი ევრო დაუჯდა. ნიჭიერმა ნახევარმცველმა რომაელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. თუკი ძანიოლო ბაიერნში გადასვლაზე მართლაც თანახმა იქნება, რეკორდმაისტერს დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები