Thumbnail

შვედეთთან კრახის შემდეგ საფეხბურთო იტალიის მთავარი სასაუბრო თემა “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის საკითხია.

“გაძეტა დელო სპორტმა” თავის მკითხველებს 4 კანდიდატი წარუდგინა და ფავორიტის დასახელება მოსთხოვა. ჩვენი იტალიელი კოლეგების აზრით, საუკეთესო კანდიდატები მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი), ანტონიო კონტე (ჩელსი), რობერტო მანჩინი (ზენიტი) და კარლო ანჩელოტი (უმუშევარია) არიან. იტალიელებს ყველაფრის ნულიდან დაწყება სურთ.

ანჩელოტი ტოპ-ფავორიტია

იტალია ანჩელოტის პასუხის მოლოდინშია

ავტორიტეტული იტალიური სპორტული გამოცემის მკითხველთა 67,5 პროცენტს მიაჩნია, რომ ჯამპიერო ვენტურა კარლო ანჩელოტიმ უნდა შეცვალოს. გამოკითხვაში მეორე ადგილი კონტემ დაიკავა, რომელმაც ხმების 21,9 პროცენტი მიიღო. ალეგრიმ და მანჩინიმ კი 5-პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახეს.

მეორე იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” საინტერესო კანდიდატებად ფაბიო კანავაროს და ფაბიო გროსოს მიიჩნევს.

ანჩელოტი მთელი საფეხბურთო იტალიისთვის უმთავრესი ფავორიტია, მაგრამ თავად კარლოს ჯერ არაფერი უთქვამს. ბაიერნიდან გათავისუფლების შემდეგ მან განაცხადა, რომ მხოლოდ ისეთი სამსახური სურს, სადაც პატარა შეცდომების გამო არ გაათავისუფლებენ. კარლოს ისიც აქვს ნათქვამი, რომ ზაფხულამდე დასვენება სურს, თუმცა როცა ასეთი განცხადება გააკეთა, მაშინ იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის თანამდებობა ვაკანტური არ იყო.

იტალიური პრესა წერს, რომ თუკი ანჩელოტის ზაფხულამდე დასვენება სურს, შესაძლოა, ფედერკალჩომ “აძურის” დამრიგებლად დროებით ლუიჯი დი ბიაჯო დანიშნოს, რომელიც ახლა იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია.

ამ თემაზე კომენტარი ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც გააკეთა - მისი თქმით, საუკეთესო კანდიდატი სწორედ ანჩელოტია. “კარლო იდეალურ ასაკშია იმისათვის, რომ იტალიის ნაკრები ჩაიბაროს. “სკუადრა აძურას” ახლა სწორედ ანჩელოტის მსგავსი გამოცდილი სპეციალისტი სჭირდება,” - უთხრა კაპელომ ესპანურ სპორტულ გამოცემა AS-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები