Thumbnail
  • ჩინეთის გრანპრი მერსედესმა ისევ დუბლით მოიგო
  • სებასტიან ფეტელმა მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა
  • შარლ ლეკლერი უკმაყოფილოა

ჩინეთში უფრო მაგარ ბრძოლას ველოდით! ფორმულა 1-ის ისტორიაში მე-1000 რბოლა ლუის ჰემილტონმა მოიგო, მეორე ადგილზე შანხაიში ვალტერი ბოტასი გავიდა, მესამეზე კი - სებასტიან ფეტელი.

ამრიგად, მერსედესმა სეზონის მესამე რბოლაშიც დუბლი შეასრულა! მეოთხე ადგილი მაქს ფერსტაპენმა (რედ ბული) დაიკავა, მეხუთეზე კი - შარლ ლეკლერი (ფერარი) გავიდა.

ეს იყო მე-1000 რბოლა ფორმულა 1-ის ისტორიაში

ჩინეთის 2017 და 2018 წლების დაძაბული რბოლების შემდეგ, ეს გრანპრი მეტწილად მოსაწყენი გამოვიდა. თუმცა სტარტი შესანიშნავი იყო: პოულის მფლობელმა ბოტასმა ლიდერობა მაშინვე დაკარგა (ჰემილტონმა გაასწრო), ლეკლერმა კი ფეტელს გადაასწრო. პირველივე წრეზე, რბოლა ვირტუალურმა Safety Car-მა შეანელა - ეს კვიატის ბრალი იყო!

მე-11 წრეზე ფერარის პილოტებმა ბოქსებიდან ბრძანება მიიღეს: ლეკლერს ფეტელისთვის გასწრების უფლება უნდა მიეცა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი უფრო სწრაფი იყო, თუმცა ლეკლერს ეს მაინც არ მოეწონა.

“ისეთი განცდა მქონდა, რომ მე უფრო სწრაფი ვიყავი. თუ მთელ რბოლას გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. მერსედესისთვის კონკურენციის გაწევა მაინც ვერ მოვახერხეთ,” - განაცხადა ფეტელმა რბოლის შემდეგ.

“შარლის აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ სებასტიანი უფრო სწრაფი იყო და ამიტომაც გავეცით ასეთი ბრძანება,” - ეს ფერარის გუნდის ბოსის, მატია ბინოტოს სიტყვებია.

რბოლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კიმი რაიკონენმა შექმნა:

მე-19 წრეზე ფეტელი ბოქსებში შევიდა, საბურავები შეცვალა და გამოსვლისას მას ფერსტაპენმა მაგრად შეუტია! ფერარის გერმანელმა პილოტმა თავი დაიცვა, ჰოლანდიელს გზა გადაუკეთა და მე-4 პოზიციის შენარჩუნება შეძლო. წინ მერსედესის პილოტები უპირატესობას არ თმობდნენ. 22-ე წრეზე ბოტასმა მიაშურა ბოქსებს, ერთი წრის შემდეგ ჰემილტონმა და მერე ლეკლერმაც. 

ამის შემდეგ დიდხანს აღარაფერი მომხდარა. 35-ე წრეზე ფერსტაპენმა საბურავები მეორედ შეცვალა, მერე ბოქსებს ფეტელმაც მიაშურა, რის შემდეგაც ჰემილტონი და ბოტასიც შევიდნენ პიტ სტოპზე.

ლეკლერი ტრეკზე დარჩა და ჰემილტონის უკან, მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა. თუმცა, ბოქსებიდან გამოსულმა ბოტასმა, ლეკლერს ახალი საბურავებით ადვილად გადაასწრო (მე-40 წრეზე).

ახალი საბურავებით ლეკლერს ფეტელმაც აჯობა, მერე კი შარლმაც მეორედ შეცვალა საბურავები, თუმცა პოდიუმზე ასვლის შანსი უკვე აღარ ჰქონდა. ჰემილტონმა და ბოტასმა რბოლა ადვილად მიიყვანეს გამარჯვებამდე, ყველაზე სწრაფი წრე კი პიერ გასლიმ (რედ ბული) დააფიქსირა.

საერთო ჩათვლა - TOP 10 (21-დან 3 რბოლის შემდეგ)

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 68 ქულა

2. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 62

3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 39

4. სებასტიან ფეტელი (ფერარი) - 37

5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 36

6. პიერ გასლი (რედ ბული) - 13

7. კიმი რაიკონენი (ალფა რომეო) - 12

8. ლენდო ნორისი (მაკლარენი) - 8

9. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) - 8

10. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) - 6

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 130 ქულა

2. ფერარი - 73

3. რედ ბული - 52

4. რენო - 12

5. ალფა რომეო - 12

6. ჰაასი - 8

7. მაკლარენი - 8

8. რეისინგ პოინტი - 7

9. ტორო როსო - 4

10. უილიამსი - 0

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები