Thumbnail
  • NBA-ს პლეი ოფის პირველი 4 მატჩიდან სამი მოულოდნელი შედგით დასრულდა
  • კლიპერსთან მოგებულ მატჩში დურანტი გააძევეს, რაც ბევერლის დამსახურებაა
  • ფილადელფიამ ბრუკლინთან წააგო, ტორონტომ - ორლანდოსთან
  • სან ანტონიომ სტუმრად დენვერის დამარცხება შეძლო

NBA-ს ცნობილმა პროვოკატორმა პატრიკ ბევერლიმ კიდევ ერთხელ მიაღწია მიზანს - მისი მორიგი მსხვერპლი გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავი კევინ დურანტია!

პლეი ოფის პირველ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და ბევერლის ლოს ანჯელეს კლიპერსი ხვდებოდნენ, ამ უკანასკნელმა თავისი ვიზავი გაამწარა და მეოთხე პერიოდში პარკეტი ორივეს ტექნიკური ჯარიმით დაატოვებინეს. მიუხედავად ამისა, უორიორსმა კლიპერსი პირველივე დუელში დამაჯერებლად, 121:104 დაამარცხა.

ბევერლი და დურანტი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის არაერთი სიტყვიერი შელაპარაკება იყო, საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე კი, ორივემ ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა. დურანტმა ბევერლის ხელი ჰკრა და რამდენიმე უსიამოვნო სიტყვაც უთხრა. კლიპერსის მოთამაშე, რომელიც ცნობილია იმით, რომ მოწინააღმდეგეებს მუდმივად პროვოკაციულად ექცევა მანამდე, სანამ ისინი ნერვებს ვეღარ მოთოკავენ, წამოდგა და დურანტისკენ გაიწია - ამ დროს მათ შორის მსაჯი ედ მელოი ჩადგა და მერე ორივე გააძევა.

“ძალიან გაბრაზებული ვარ. კევინი პროვოკაციას აჰყვა და უკვე ორი ტექნიკური აქვს. პლეი ოფში მეშვიდე ტექნიკური ჯარიმის შემდეგ თამაშს ტოვებ და მნიშვნელობა არა აქვს, პლეი ოფში 24 მატჩს ჩაატარებ, თუ ოთხს - 7 მაგიური ციფრია. ახლა მას მხოლოდ 4 ტექნიკური ჯარიმის მიღების უფლება აქვს და ჯერ მხოლოდ ერთი მატჩია გასული,” - უკმაყოფილო იყო თამაშის შემდეგ გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი.

დურანტმა თავის მართლება სცადა: “საკუთარ თავს ვაკონტროლებ. დიდი ხანია, პატის წინააღმდეგ ვთამაშობ და ჩვენ ვიცით, რასაც აკეთებს. ის ყოველთვის ასე იქცევა. კარგად ვიცი, რაც მელის ამ სერიაში. დღეს საკმაოდ ვისიამოვნე,” - აღნიშნა კევინმა.

“ბევერლიზე არაფერს ვიტყვი. მისი საქმე სწორედ ეს არის. ის ძალიან მაგარი მცველია, ხისტად თამაშობს, ჩვენ მას პატივს ვცემთ. საქმე ისაა, რომ პროვოკაციას არ უნდა აჰყვე. ორივე გააძევეს და ამით მხოლოდ ჩვენ წავაგეთ,” - დასძინა კერმა.

“მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე. ვიყავი ის, ვინც ვარ. სიამოვნება მივიღე!” - ეს ბევერლის სიტყვებია.

კევინ დურანტი საბოლოოდ 23 ქულაზე შეჩერდა, სტეფ კარი კი 38 ქულითა და 15 მოხსნით გამოირჩა და ახალი რეკორდიც დაამყარა. მან კლიპერსს 8 სამქულიანი ჩაუგდო - ყველაზე მეტი პოსტსეზონში! 12-დან 8 ჩაგდებული სამიანით კარის პლეი ოფში უკვე 386 სამქულიანი აქვს - ერთით მეტი, ვიდრე რეი ალენს (385), რომელიც აქამდე იყო პირველ ადგილზე.

სხვა მატჩები

ფილადელფია 102:111 ბრუკლინი (0:1)

NBA-ს პლეი ოფი ფილადელფია სიქსერსისა და ბრუკლინ ნეტსის მატჩით დაიწყო, რომელიც, ბევრისთვის მოულოდნელად, ბრუკლინმა 111:102 მოიგო. აღმოსავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანმა საკმაოდ ცუდი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი უცნაური ამბავიც მოხდა: მატჩის დროს, მეოთხე პერიოდში, ფილას ცენტრი და ლიდერი ჯოელ ემბიიდი თანაგუნდელის, ამირ ჯონსონის სმარტფონში იყურებოდა - გამოჩნდა, რომ ისინი ტექსტურ შეტყობინებას კითხულობდნენ. მოგვიანებით, ჯონსონი გასახდელში შევიდა და მერე ისევ დაბრუნდა.

“მის მობილურ ტელეფონს იმიტომ ვუყურებდი, რომ ამირმა მითხრა, ჩემი შვილი ძალიან ავად არისო და უნდოდა, ეჩვენებინა, როგორ იყო,” - განაცხადა 25 წლის ემბიიდმა თამაშის შემდეგ. სიქსერსის ცენტრს ამის გამო არ დასჯიან, ჯონსონს კი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ემბიიდმა 22 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი და 5 დაფარება დააგროვა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ 24 წუთი ითამაშა. ფილადელფიადან მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ ჯიმი ბატლერი (34 ქულა, 9 მოხსნა) იდგა.

ტორონტო 101:104 ორლანდო (0:1)

ბრუკლინზე უფრო დიდი სენსაცია ორლანდომ მოახდინა: მეჯიქმა ტორონტო რეპტორსს პლეი ოფის პირველი მატჩი, სტუმრად, 104:101 მოუგო! ორლანდოდან საუკეთესო დი ჯეი ოგასტინი გახლდათ 25 ქულით (6 პასი). ტორონტოს ლიდერმა კავაი ლეონარდმაც 25 ქულა ჩააგდო (6 მოხსნა).

დენვერი 96:101 სან ანტონიო (0:1)

ასევე მოულოდნელი იყო სან ანტონიოს გამარჯვება დენვერში - სპურსმა ნაგეთსი სტუმრად 101:96 დაამარცხა! სან ანტონიოს წარმატების მთავარი შემოქმედი დემარ დეროზანი გახლდათ, რომელმაც 18 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. დენვერიდან იოკიჩმა სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო (10 ქულა, 14 მოხსნა, 14 პასი), ქულებით კი საუკეთესო გარი ჰარისი გახლდათ - მან 20 ქულა ჩააგდო).

კომენტარები

ბოლო ამბები