Thumbnail
  • რუსეთში ცნობილმა კომენტატორმა საინტერესო ამბავი მოყვა
  • რა მოხდა მოსკოვის ლოკომოტივის ერთ-ერთ ვარჯიშზე  

მოსკოვის ლოკომოტივის ქართველ ახალწვეულ, 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთში ძალიან აქებენ. პირველ რიგში, ეს რუსეთის ჩემპიონების მთავარ მწვრთნელზე, იური სიომინზე ითქმის, რომელიც ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებას არც მალავს და მას სულ უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევს.

ახლახან კი რუსეთში ცნობილმა საფეხბურთო კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა Sport24-თან ინტერვიუში მოსკოვის ლოკომოტივის 18 წლის ქართველ ნახევარმცველზე საინტერესო ამბავი მოყვა.

"როდესაც თბილისში ვიყავი, ფეხბურთის მცოდნე ხალხმა ხვიჩა კვარაცხელიაზე მიამბო. პრინციპში, მასზე მანამდეც მსმენოდა. მეუბნებოდნენ: "ვერცკი წარმოიდგენ, რა მოთამაშეა! 18 წელიწადი ჯერ სულ ახლახან,  თებერვალში შეუსრულდა, შარშან კი ბენფიკა იყო ჩამოსული მის აგენტთან. სთავაზობდა მილიონ ევროს, პლუს, 10 პროცენტს მისი მომავალი ტრანსფერიდან".

ხვიჩა კვარაცხელია და საბა კვერკველია მეტწილად ერთად ვარჯიშობენ

ლოკომოტივში ერთი ასეთი კურიოზი მოხდა - ნამდვილი ამბავია. თურმე, ერთ-ერთ ვარჯიშზე კვარაცხელიამ ჩორლუკას ფეხებშუა ორჯერ გაუტარა ბურთი. ძალიან არაკორექტულია, როდესაც ვარჯიშზე მოსული 18 წლის ბიჭი ორჯერ ფეხებშუა უტარებს ბურთს გუნდის კაპიტანსა და ლიდერს. როგორც ყვებიან, ხვიჩასთან მაშინე კვერკველია მისულა და უთქვამს: "ხვიჩა, თუ ასე კიდევ გააკეთებ, მას, ჩორლუკას, ცუდი რეაქცია ექნება". და იცით რა გააკეთა კვარაცხელიამ? მომდევნო ჯერზე ბურთი ფეხებშუა კი არ გაუტარა, თავზე გადაუგდო და შემოურბინა", - ყვება კომენტატორი.

ლოკომოტივის 33 წლის ხორვატი მცველი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი რუსთავთან აკავშირებს, მოსკოვის ლოკომოტივში კი სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის. ახალგზარდა ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის 3 მატჩში უკვე ითამაშა.

მოსკოვის ლოკომოტივს რუსეთის პრემიერლიგაში გასული 22 ტურის შემდეგ, 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში რკინიგზელები 13 აპრილს, სტუმრად ახმატს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები