Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან შეხვედრა გამართა
  • ჟურნალისტების კითხვებს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც უპასუხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სპორტულ მედიასთან საგანგებო შეხვედრა გამართა და აქტუალურ კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციას დაესწრო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და რამდენიმე კითხვაზე მისი პოზიციაც მოვისმინეთ.

სანამ ვაისს და იაშვილს გადავცემთ სიტყვას, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამხანაგური მატჩის ორგანიზებაზე მუშაობს და დიდი შანსია, სექტემბერში საქართველოს ჩილეს ეროვნული ნაკრები ესტუმროს...

ხშირად ამბობთ რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს იმ დონის ფეხბურთელები, როგორიც მეტოქეებს. თუ ასე ფიქრობთ, რატომ გაახანგრძლივეთ კონტრაქტი ფეხბურთის ფედერაციასთან?

ვაისი: მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც შევხვდით შვეიცარიას, ჩვენი მოთამაშეები არ იყვნენ იმ კონდიციაში, რომ ტოლსწორად ეთამაშათ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან. მეტიც, იმ რეალობით, რომლითაც შვეიცარიასთან მატჩს შევხვდით, ერთად ლიგაზეც კი გაგვიჭირდებოდა ჯგუფის მოგება. აქ გათვალისწინებულია ტრავმები და სათამაშო კონდიცია და არა ის, რომ ცუდი ფეხბურთლები გვყავს.

რაც შეეხება ჩემს ხელშეკრულებას, კბილებით ნამდვილად არ ვებღაუჭები ამ თანამდებობას. ფედერაციის მესვეურებმა მითხრეს, რომ ხედავენ პროგრესს და სურთ, რომ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა. მეც მივიღე ეს გამოწვევა. ყველა მარცხზე ვიღებ პასუხისმგებლობას, თუმცა ცხოვრება გრძელდება და უნდა ვეცადოთ, რომ გავაუმჯობესოთ თამაში.

ვფიქრობ, რომ მე ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს საქართველოს ნაკრების ბოლო მწვრთნელებს შორის. თუ ვიგრძნობ, რომ ჩემი ადგილი საქართველოში არაა, ხვალვე ვიყიდი ბილეთს და დავტოვებ პოსტს. 

ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის შესარჩევში პირველი ორი მატჩი წააგო

მოსკოვის ლოკომოტივის თამაშს დაესწარით. როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ხვიჩა კვარაცხელიამ?

ვაისი: კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეა. ღირსეულად ითამაშა, შიშის გარეშე და კმაყოფილი ვარ მისი თამაშით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ 18 წლისაა. თუ ასე გააგრძელა, ვიხილავთ მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. აქვე ვიტყვი, რომ საბა კვერკველიამ ითამაშა შესანიშნავად. 

არაბიძემ ახალგაზრდულ ნაკრებში მაღალ დონეზე ითამაშა. ხომ არ აპირებთ მის დაბრუნებას ეროვნულ ნაკრებში?

ვაისი: არაბიძე დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ ეს საკლუბო დონეზე უნდა დაამტკიცოს. უკვე 20 წლისაა და ამ ასაკში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშია საჭირო. ფეხბურთი მარტო შეტევა არაა, დაცვასაც უნდა დაეხმარო, რადგან სწორედ ეს არის თანამედრივე ფეხბურთი. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობას კლუბებში პრობლემები აქვს. იმედია, ვითარება გამოსწორდება როგორც არაბიძის, ისე სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში.

საქართველოში ვარ, ეროვნული ლიგის მატჩებს ვესწრები, რომ ვიპოვო საინტერესო ფეხბურთელები. არიან კიდეც ასეთები, მაგალითად აკაკი შულაია, რომელიც მაღალ დონეზე ასპარეზობს.

ვაისმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კვერკველიამ თვითონ იცის, რატომ არ ითამაშა შვიცარიასთან ძირითად შემადგებლობაში. იყო შემთხვევა, როდესაც ჯანო ანანიძე ტრავმის გამო გამოაკლდა ნაკრებს, სამი დღის შემდეგ კი მან კლუბში ითამაშა. რამდენად ჯანსაღია ვითარება ნაკრებში?

იაშვილი: ეროვნულ ნაკრებში ჯანსაღი ვითარებაა და აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი დიდი პატივისცემით არის განწყობილი მთავარი მწვრთნელის მიმართ. არის პატარა გადაცდომები, რაც იყო თავის დროზე იგივე არაბიძის შემთხვევაში და მას შეეხო კიდეც სანქცია. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა. რაც შეეხება ანანიძეს, მას ბოლომდე ვენდობით და გარწმუნებთ, რომ მას არასდროს აურიდებია თავი ნაკრებში თამაშისთვის.

ვაისი: ჯანო ანანიძესთან პირადად მქონდა საუბრები და მის ქმედებში საეჭვო არაფერია. გუნდი ერთსულოვანია და ერთი მიზნის ქვეშაა გაერთიანებული. ჩვენ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ ქართველ გულშემატკივრებს იმედი გავუჩინეთ, 2020 წლის მარტში კი გადამწყვეტი მომენტი დადგება. თუმცა, ჩვენ იქამდეც გვაქვს სათამაშო და უნდა მივიდეთ ამ მატჩამდე. 

გიორგი ჩაკვეტაძე ნაკრებს შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებში ვერ დაეხმარა

გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. რა მდგომარეობაა დღეს?

იაშვილი: დღეს ვესაუბრე გიორგის, რომელმაც მითხრა რომ საერთოდ აღარ აწუხებს მუხლი. უკვე ითამაშა 20 წუთი და მომდევნო შეხვედრაში მეტი დრო მიეცემა. საბედნიეროდ, ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით, ყველაფერი რიგზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები