Thumbnail

ჟოზე მოურინიო თუ ანტონიო კონტე? რაზე ვერ თანხმდებიან მილანის ინტერში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სავარაუდოდ, ლუჩანო სპალეტი ნერაძურის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს
  • მილანურ კლუბში სპალეტის სავარაუდო შემცვლელად ორი კანდიდატი განიხილება
  • ინტერის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს განსხვავებული ხედვები აქვთ

მილანის ინტერის ხელმძღვანელობაში უთანხმოებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ჩაიბაროს გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ. ცნობილია, რომ ნერაძურიში უკმაყოფილონი არიან ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის მუშაობით და სეზონის დასრულების შემდეგ მასთან გამოთხოვებას აპირებენ.

Le10sport.com-ის ინფორმაციით, მილანური კლუბის პრეზიდენტს სტივენ ჩჟანს გუნდში ჟოზე მოურინიოს მიწვევა სურს, რომელსაც ინტერში 2008-2010 წლებში წარმატებით უმუშავია. ჩინელი ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მოურინიო კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, რომელსაც გასული წლის დეკემბერში დაშორდა და ამ დრომდე დაუსაქმებელია. ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ინტერმა ორჯერ სერია A მოიგო (2008/09 და 2009/10 წლების სეზონებში), თითოჯერ - იტალიის თასი (2009/10), იტალიის სუპერთასი (2008) და ჩემპიონთა ლიგა (2009/10).

ლუჩანო სპალეტის ინტერთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს

ჩჟანის იდეას არ იზიარებს ინტერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა, რომელიც ანტონიო კონტეს კანდიდატურისკენ იხრება. მაროტა კონტეს იუვენტუსში ერთობლივად გატარებული პერიოდიდან კარგად იცნობს.

49 წლის ანტონიო კონტე, რომელიც ბოლოს ლონდონის ჩელსის წვრთნიდა (2016-18 წლებში), შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, უკლუბოდაა. კონტეს ხელმძღვანელობით იუვენტუსი ზედიზედ სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (2011/12, 2012/13, 2013/14), ორჯერ კი იტალიის სუპერთასის (2012, 2013) მფლობელი.

მილანის ინტერს სერია A-ში ჩატარებული 31 მატჩის შემდეგ, 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. სპალეტის ხელმძღვანელობით გუნდმა ევროთასებზე წარუმატებლად იასპარეზა - ჯერ ჩემპიონთა ლიგას, ხოლო შემდეგ ევროპალიგას გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები