Thumbnail
  • ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი ბუნდესლიგის ისტორიაში
  • როგორ დაასისხლიანეს ოლივერ კანი ფრაიბურგის ფანებმა
  • ფოლკერ ფინკეს გუნდი თამაშს ლევან კობიაშვილის მაგარი გოლით იგებდა

2000 წლის 12 აპრილს, ზუსტად 20 წლის წინ, ბუნდესლიგაში ძალიან საინტერესო და სკანდალური მატჩი გაიმართა. გერმანიის ჩემპიონობისთვის მიუნხენის ბაიერნი და ლევერკუზენის ბაიერი იბრძოდნენ. 29-ე ტურის წინ, ლევერკუზენი რეკორდმაისტერს 2 ქულით უსწრებდა. ბაიერნი ფრაიბურგს ესტუმრა, სადაც ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ლევან ცქიტიშვილი თამაშობდნენ.

ფრაიბურგი 1:2 ბაიერნი

გოლები: 1:0 კობიაშვილი (11), 1:1 იანკერი (23), 1:2 შოლი (87-პენ)

ფრაიბურგი (4-4-2): გოლცი - ვილი (60. ვაისჰაუპტი), მიულერი, დიარა, კობიაშვილი - რამდანე (82. ბენ სლიმანი), ჰერმელი, ცაიერი, ბაია - სელიმი (74. ბრუნსი), იაშვილი.

ბაიერნი (3-4-3): კანი - ლინკე, იერემისი, კუფური - სალიჰამიჯიჩი, ფინკი, ეფენბერგი, ლიზარაზუ - პაულო სერჟიო (88. ბაბელი), იანკერი (74. შოლი), ელბერი (74. სანტა კრუსი).

გაძევება: კუფური (17. ბაიერნი)

ფოლკერ ფინკეს გუნდი მატჩს ლევან კობიაშვილის გოლით იგებდა - დღეს უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ოლივერ კანს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა. 23-ე წუთზე კარსტენ იანკერმა ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად იმისა, რომ მე-17 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ (კუფური გააძევეს), ბაიერნმა თამაშის მოგება მაინც შეძლო - გამარჯვების გოლი მეჰმეთ შოლმა 87-ე წუთზე, პენალტით გაიტანა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა სკანდალური ფაქტი, რომელიც ოლივერ კანს არასდროს დაავიწყდება - ფრაიბურგის ქომაგები ბაიერნის მეკარეს მანამდეც ესროდნენ სხვადასხვა საგნებსა და ბანანებს, მატჩის მიწურულს კი თავში გოლფის ბურთი მოარტყეს და დაასისხლიანეს.

არადა, ამ თამაშის წინ, ფრაიბურგს უეფას ფეარ პლეის პრიზი და 12 500 მარკა გადასცეს. თამაშის დროს მომხდარი ინციდენტის გამო, ეს თანხა, შემდეგ ოლივერ კანს გადაეცა და ქველმოქმედებაში დაიხარჯა.

📺 ვიდეო: 2000 წლის 12 აპრილი: ფრაიბურგი 1:2 ბაიერნი

 

კომენტარები

ბოლო ამბები