Thumbnail

UFC-ში რომან დოლიძის სადებიუტო ბრძოლა დაიგეგმა - აშშ-ში, ბრაზილიელთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი მებრძოლი აპრილში რუსეთშიც უნდა გამოსულიყო, მაგრამ ვიზა არ მისცეს
  • 30 წლის სპორტსმენი  მინეაპოლისში გასამართ UFC Fight Night-ის ტურნირში გამოვა
  • რომან დოლიძის მეტოქე 29 წლის ბრაზილიელი მებრძოლი ვინისიუს კასტრო იქნება

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი რომან დოლიძე UFC-ში პირველ ბრძოლას აშშ-ში გამართავს. 30 წლის ქართველი სპორტსმენი მონაწილეობას UFC Fight Night-ის ტურნირში მიიღებს. რომელიც მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, 30 ივნისს ღამით გაიმართება.

ქართველი სპორტსმენი ზაფხულში Target Center-ში იბრძოლებს

ცნობილია, რომ რომან დოლიძის პირველი მეტოქე UFC-ის ოქტაგონზე 29 წლის ბრაზილიელი მებრძოლი ვინისიუს მორეირა (კასტრო) იქნება (9 მოგება, 2 მარცხი). ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური საიტი იუწყება.

ბრაზილიელმა 9 მოგებული ბრძოლიდან 8-ში მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა

ქართველმა მებრძოლმა UFC-ში გადასვლის შესახებ ამ წლის დასაწყისში გამოაცხადა. მოგვიანებით შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა ჩემპიონმა ნახევრადმძიმე წონაში, ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა, რომან დოლიძე ერთ-ერთ საუკეთესო გრეპლერად დაასახელა.

დოლიძეს UFC-ში სადებიუტო ბრძოლა 20 აპრილს, რუსეთში უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი შეხვედრა რუს ჰაჯიმურად ატინგულოვთან, რუსეთის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ჩაეშალა.

ნახევრადმძიმე წონაში შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში გაატარა, სადაც ორგანიზაცია World Warriors Fighting Championship-ში გამოდიოდა. მის ანგარიშზე ექვსიდან ექვსი მოგებაა. დოლიძემ ბოლო შეხვედრა WWFC-ში მიხალ პასტერნაკთან გამართა და მეტოქე მესამე რაუნდში დაანოკაუტა.

კომენტარები

ბოლო ამბები