Thumbnail

რეგულარული სეზონის 82 თამაშიანი მარათონი დასრულდა. შაბათს პლეი ოფი იწყება, თამაშები, რომელსაც მთელი სეზონი ველოდით, ეტაპი, როდესაც გუნდებს შეცდომის უფლება აღარ აქვთ.

წლევანდელი რეგულარული საინტერესო გამოდგა - ვნახეთ 2004/05 წლის შემდეგ პირველი სეზონი, როდესაც ლებრონ ჯეიმსმა პლეი ოფში ვერ გააღწია, ვნახეთ ახალი სუპერვარსკვლავების დაბადება - იანისის მილუოკი და ჯოელ ემბიიდის ფილადელფია წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, ვნახეთ, ჩვეულებისამებრ, სტაბილური გოლდენ სტეიტი და ჯეიმს ჰარდენის ეპოქალური სეზონი. მთავარი ამბები კი შაბათიდან იწყება...

პლეი ოფის წინ სპეციალისტები ითვლიან გუნდების საჩემპიონო შანსებს, აანალიზებენ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და მთავარ გამოწვევებს, ჩვენც დაგეხმარებით პლეი ოფს მომზადებულები რომ შეხვდეთ.

აღმოსავლეთი - სხვა რეალობა ლებრონის გარეშე

წლევანდელი სეზონი აღმოსავლეთში გამორჩეული იყო. პირველად 2010 წლის შემდეგ ფინალში ლებრონის ჯეიმსის გუნდი არ ითამაშებს, გასული სეზონის წინ ლებრონი კალიფორნიაში გადაბარგდა და ამან სხვა გუნდებს სუპერფინალისკენ გზა გაუხსნა. 2010 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც აღმოსავლეთში ჩემპიონობაზე პრეტენზია 'დიდი სამეულის' ბოსტონს, დუაიტ ჰოვარდის ორლანდოს და ლებრონის კლივლენდს ჰქონდათ, აღმოსავლეთში ერთდროულად ამდენი კარგი გუნდი აღარ ყოფილა. მას შემდეგ ლებრონის დამარცხებას ხან ჩიკაგო ცდილობდა, ხან ბოსტონი ან ინდიანა, ხანაც ყველა თანხმდებოდა, რომ ლებრონის გუნდებთან (მაიამი, კლივლენდი) თამაშს აზრი არ აქვს. ეს ისე არ გაიგოთ, რომ ლებრონის კალიფორნიაში წასვლამ აღმოსავლეთი დაასუსტა. პირიქით, პირველად ბოლო ბევრ წელიწადში ერთდროულად ოთხ გუნდს - იანისის მილუოკის, ლეონარდის ტორონტოს, ემბიიდის ფილადელფიას და კაირი ირვინგის ბოსტონს რეალური საჩემპიონო ამბიცია აქვთ.

ლეონარდი სან ანტონიოდან ტორონტოში გადმოვიდა, იანისი და ჯოელ ემბიიდი კი სუპერვარსკვლავებად იქცნენ - მოკლედ, წელს დიდი კონკურენციაა, აღმოსავლეთის ყურება ღირს.

მილუოკი ბაქსი [60-22]

იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკი სეზონის მთავარ აღმოჩენად იქცა. მილუოკი 60 მოგებით რეგულარულის საუკეთესო გუნდია. ბაქსის ასეთი პროგრესი ორი მიზეზით არის განპირობებული: ამ სეზონში იანისი საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ სუპერვარსკვლავად, რომელსაც სამართლიანი პრეტენზია აქვს, ლიგის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნეოდეს და მათი მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი. ბუდენჰოლცერმა ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც იანისს საუკეთესო სათამაშო პირობებს უქმნის. მილუოკი თამაშში ჩაგდებული 118.1 ქულით საუკეთესოა ლიგაში, ხოლო მათი დაცვა მხოლოდ 109 ქულას იღებს, რაც 30 გუნდს შორის მეათე შედეგია - იმის ფონზე, რომ მილუოკი ძალიან სწრაფად თამაშობს (მესამე ლიგაში სისწრაფით, 103.2 პოზიცია თამაშში), ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.

წაიკითხეშეშლილი ბერძენი, რომელიც NBA-ს დაიპყრობს

იანისს პირველ წრეში ღირსეული მეტოქე ელოდება. დეტროიტის ანდრე დრამონდი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, რომელიც სამწამიანს ძალიან კარგად იცავს. იანისის და დრამონდის დუელი სამწამიანისათვის პირველ წრეში მილუოკისა და დეტროიტის მთავარ ინტრიგად უნდა იქცეს.

თუმცა, მილუოკი მხოლოდ იანისი არ არის. ბუდენჰოლცერის გუნდი თამაშში ჩაგდებული 13.5 სამქულიანით NBA-ში მეორე ადგილზეა, შეტევის ეფექტურობითა და სიზუსტით (55 % ზუსტი სროლები) მხოლოდ გოლდენ სტეიტს ჩამოუვარდება.

იანისი ქულების აბსოლუტურ უმრავლესობას ორქულიანიდან იღებს

მილუოკი ძალიან კარგად ამოძრავებს ბურთს და იანისის გარდა სამქულიანებს მთელი გუნდი ისვრის. მათ შორის ბრუკ ლოპესი და ნიკოლა მიროტიჩი - ნომინალური ცენტრი და მძიმე ფორვარდი. ეს იმას ნიშნავს, რომ დრამონდს, გრიფინს და ფაჩულიას ხშირად მოუწევთ პერიმეტრზე თამაში, რაც მათი ძლიერი მხარე საერთოდ არ არის. მილუოკის შანსებს ზრდის ბლეიკ გრიფინის ტრავმის ფაქტიც. რეგულარულში ბაქსმა ოთხივე თამაში მოუგო დეტროიტს.

სავარაუდოდ, პირველ წრეს მილუოკი უპრობლემოდ გადალახავს, თუმცა შემდეგ მათ ბოსტონი, ფილადელფია ან ტორონტო ელოდებათ. სამივე ეს გუნდი მილუოკიზე უფრო გამოცდილი და უფრო ვარსკვლავურია. მილუოკის წარმატების შანსი მხოლოდ ის არის, რომ იანისმა ზეადამიანურ დონეზე უნდა ითამაშოს, რადგან, ჩვეულებრივ, პლეი ოფში შედეგს ვარსკვლავები დებენ და ბუდენჰოლცერის სისტემის მიუხედავად, მილუოკი ხარისხობრივად აღმოსავლეთით თავის კონკურენტებს ჩამოუვარდება.

ტორონტო რეპტორსი [58-24]

ტორონტოს მენეჯმენტმა ამ სეზონში ყველაფერი გააკეთა, რომ კანადელებს საჩემპიონო შანსი ჰქონოდათ. ეს სეზონი ტორონტოს უახლეს ისტორიაში შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს - ტორონტომ გუნდში კავაი ლეონარდი (26.6 ქულა თამაშში) მიიყვანა, სუპერვარსკვლავი, რომელსაც კანადელები სულ მცირე კრის ბოშის შემდეგ ელოდებოდნენ. ლეონარდს კალიფორნიაში თამაში და ცხოვრება სურს და ამ სეზონის შემდეგ ტორონტოსთან კონტრაქტი უმთავრდება. კანადელთა პროგრამა მაქსიმუმი წელს ჩემპიონობაა, სულ მცირე კი, მათ ლეონარდი უნდა დაარწმუნონ, რომ პირველად ისტორიაში ტორონტოს ისეთი გუნდი ჰყავს, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა სტაბილურად შეუძლია. სხვა შემთხვევაში კავაი გუნდში არ დარჩება.

ტორონტოს შემადგენლობა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მათ კავაის გარეშე თამაშის პრობლემაც არ აქვთ. კანადელთა რიგებშია კაელ ლოური აღმოსავლეთით ერთ-ერთი საუკეთესო გარდი, სერჯ იბაკა ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ცენტრებსა და მძიმე ფორვარდებს შორის და მარკ გასოლი, ვეტერანი ცენტრი, რომელიც კარგად ისვრის. მთავარ აღმოჩენად კი პასკალ სიაკანი (16.9 ქულა, 6.9 მოხსნა) იქცა, რომელიც დიდი ალბათობით წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის პრიზსაც მიიღებს.

ტორონტო მთელი გუნდით უტევს, გუნდში სროლა ყველამ იცის და შემთხვევითი არ არის, რომ კანადელები სროლის 47.4 პროცენტით მეხუთე ადგილზე არიან NBA-ში.

ტორონტოს პირველ წრეში ორლანდო შეხვდა, რომელთანაც კანადელებმა რეგულარულში ორი თამაში წააგეს, თუმცა, ამის მიუხედავად, რთული წარმოსადგენია, რომ ორლანდოს ახალგაზრდულმა გუნდმა მათ პრობლემა პლეი ოფშიც შეუქმნას. შემდეგ კი დიდი ალბათობით ფილადელფია და ბოსტონი ან მილუოკი დაელოდებათ.

ფილადელფია სიქსერსი [51-31]

ფილადელფია ის გუნდია, რომელსაც შემდეგი წლების მანძილზე მუდამ პრეტენზია ექნება აღმოსავლეთით ლიდერი იყოს. სიქსერს ერთდროულად ოთხი ვარსკვლავი ჰყავს - ახალგაზრდა ბენ სიმონსს და ჯოელ ემბიიდს ტობიას ჰარისი და გამოცდილი ჯიმი ბატლერი დაემატათ. ამ ტრეიდების შემდეგ ფილადელფია უკვე აღარ მიიჩნევა ზედმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელ გუნდად. თამაშში 115.1 ქულით სიქსერსი მეოთხე ადგილზეა თამაშში ჩაყრილი ქულების რაოდენობით.

ფილას ორი მთავარი პრობლემა აქვს. მათი დაცვა თამაშში 112.5 მიღებული ქულით მხოლოდ მე-18-ა ლიგაში და ჯოელ ემბიიდის, მათი მთავარი ვარსკვლავის გარეშე, სიქსერს ძალიან უჭირს.

პირველ წრეში ბრუკლინს ფილასთან შანსი არ ექნება, თუმცა მეორე წრეში დიდი ალბათობით სიქსერსი ტორონტოს შეხვდება. ორივე ეს გუნდი თავის ტრავმატულ ლიდერებს (ლეონარდი, ემბიიდი) ან ასვენებს ან წუთებს უზღუდავს ხოლმე, თუმცა კანადელთაგან განსხვავებით ფილადელფიას თამაში ემბიიდის გარეშე მკვეთრად უარესდება. ეს შესაძლოა მათთვის მთავარ პრობლემად იქცეს.

ტორონტო ლეონარდის გარეშე უკეთესია, ვიდრე ფილა ემბიიდის გარეშე

ტრავმატული, 213 სანტიმეტრიანი და 113 კილო წონის მქონე ემბიიდისგან შეუძლებელია თამაშში 40-45 წუთ მაღალი ხარისხის კალათბურთს ველოდეთ. პლეი ოფში ფილამ ემბიიდის გარეშეც უნდა შეძლოს მაღალი ხარისხის კალათბურთის ჩვენება.

ბოსტონ სელტიკსი [49-33]

ბოსტონი აღმოსავლეთით მთავარ იმედგაცრუებად მიიჩნევა. სპეციალისტები სელტიკისგან მეტს ელოდნენ, მათ კი 33 თამაში წააგეს და მეხუთე პოზიციაზე მყოფ ინდიანას მხოლოდ 1 თამაში გაასწრეს. დიდი ალბათობით, სელტიკსი ინდიანას პირველ წრეში მაინც მოუგებს - ბოსტონმა მეტოქეს რეგულარულის 4-დან 3 თამაშში სძლია, მათ შორის ორში ბოლო ათ დღეში, თუმცა შემდეგ რთული სათქმელია, რა მოხდება. ბოსტონი დაცვაში თამაშში 108 ქულას იღებს, რაც მერვე შედეგია ლიგაში, შეტევაში კი ძირითადად კაირი ირვინგის იმედზე არიან (23.8 ქულა თამაშში).

ბოსტონის მთავარი ძალა ის არის, რომ ბრედ სტივენს ძალიან ბევრი მოთამაშე ჰყავს - ერთდროულად 7 მოთამაშე (ირვინგი, ტეიტუმი, მორისი, ჰანტერი, ჰორფორდი, ბრაუნი, ჰეივუდი) თამაშში 10-ზე მეტ ქულას ყრის. მეტოქისთვის ბოსტონის სრულად შეჩერება ძალიან რთული იქნება.

სელტიკსის მთავარ პრობლემად ამ სეზონში გუნდის შიგნით არეული ურთიერთობები იქცა, რაც გუნდურ ქიმიაზე აისახა. კაირი ირვინგი თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით გუნდიდან წავა. კაირის ახალგაზრდებთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს - ბრედ სტივენსის სისტემაც უფრო მეტად გუნდურ კალათბურთზე დგას, ვიდრე სუპერვარსკვლავებზე. სპეციალისტები იქამდეც კი მივიდნენ, რომ არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ სელტიკსი ირვინგის გარეშე უფრო უკეთ თამაშობს, მით უმეტეს, რომ გასულ წელს ირვინგის ტრავმის მიუხედავად, ბოსტონმა კონფერენციის ფინალს მაინც მიაღწია. შედეგად, ბოსტონს არასტაბილური რეგულარული გამოუვიდა, თუმცა თუ სელტიკსი მობილიზებას შეძლებს მათი კლასისა და გამოცდილების გათვალისწინებით, აღმოსავლეთის მოგების შანსი ექნებათ.

დასავლეთი - ვინ შეაჩერებს გოლდენ სტეიტს?

ოთხი წელია დასავლეთით მთავარი კითხვაა, თუ ვინ შეაჩერებს გოლდენ სტეიტს. ამ კითხვაზე პასუხთან ყველაზე ახლოს გასულ სეზონში ჰიუსტონ როკეტსი მივიდა. წელს კალიფორნიელების ამ ფორმაციის გუნდისთვის ალბათ ბოლო სეზონია - მათი კონტრაქტებიდან გამომდინარე, არავინ იცის, თუ შემდეგ სეზონში გოლდენ სტეიტში კვლავ ითამაშებენ კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი და დრეიმონდ გრინი. მოკლედ გოლდენ სტეიტი ყველაფერს იზამს, რომ წლევანდელი სეზონიც მათი ტრიუმფით დასრულდეს. მთავარი კონკურენტები კვლავ ჯეიმს ჰარდენი და მისი ჰიუსტონი იქნებიან. ტექსასელებმა ცუდი სტარტის და ტრავმების შემდეგ სეზონის მეორე ნახევარში ძალიან მოუმატეს.

მათ გარდა, დასავლეთით კიდევ რამდენიმე საინტერესო გუნდია, რომელთაგანც პლეი ოფში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ: სეზონის მთავარი აღმოჩენა - ნიკოლა იოკიჩის დენვერი, ტრადიციულად სტაბილური - დემიენ ლილარდის პორტლანდი და გუნდი ორი სუპერვარსკვლავით - ვესტბრუკის და პოლ ჯორჯის ოკლაჰომა. მოკლედ, წელს დასავლეთითაც დიდი ბრძოლები იქნება.

გოლდენ სტეიტი [58-24]

გოლდენ სტეიტი იმ დონეზეა, რომ რეგულარულის შედეგებზე ბევრს აღარ დარდობს. მთელი სეზონი კალიფორნიელებმა ენერგიის დაზოგვის რეჟიმით ითამაშეს, 24 თამაში წააგეს, თუმცა დასავლეთში მაინც პირველები იყვნენ. არავის შეპარვია ეჭვი, რომ როცა კალიფორნიელებს უნდათ მათ ყველაზე მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში. გოლდენ სტეიტი თამაშში 117.7 ქულით მეორე ადგილზეა შეტევაში და მხოლოდ მილუოკის ჩამოუვარდება, თუმცა 100 პოზიციაზე 115.9 ქულით ეფექტურობის მხრივ სტივ კერის გუნდი კვლავ საუკეთესოა - 56.5 ზუსტი სროლების პროცენტით გოლდენ სტეიტი ყველაზე კარგად ისვრის ლიგაში.

უფრო პრობლემატურად სტივ კერის გუნდის დაცვა გამოიყურება - თამაშში მიღებული 111 ქულით კალიფორნიელები მხოლოდ მე-15 ადგილზე არიან. გოლდენ სტეიტის მთავარი გამოწვევაა, თუ როგორ მოახერხებს დემარკუს კაზინსი სტივ კერის სისტემაში ინტეგრაციას. კალიფორნიელებს ყოველთვის დაცვითი ცენტრები ჰყავდათ - ფაჩულია, ბოგუტი, ლუნი. კაზინსი დაცვაში ცუდად გამოიყურება, განსაკუთრებით ცუდად პერიმეტრს იცავს, სამაგიეროდ იგი ძალიან მაგარია შეტევაში, თუმცა კალიფორნიელთა შეტევა მის გარეშეც ეფექტურია და საერთოდაც სტივ კერი შეტევას ცენტრებზე არ აგებს. შემთხვევითი არ არის, რომ დაცვითი ტიპის კევონ ლუნისთან ერთად გოლდენ სტეიტი უფრო ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე კაზინსთან.

ლუნისთან ერთად ვორიორსს უკეთესი შედეგი აქვს

სტივ კერი კაზინსს სკამზე იოლად ვერ დასვამს, თუმცა, ამის მიუხედავად პლეი ოფში ვარსკვლავური ცენტრის ყოლა, გოლდენ სტეიტისთვის დამატებითი ოფციაა, რაც სტივ კერს დამატებით იარაღს აძლევს.

ჰიუსტონ როკეტსი [53-29]

გოლდენ სტეიტის მთავარი კონკურენტი ისევ ჰიუსტონ როკეტსი იქნება. ცუდი სტარტის და კრის პოლის ტრავმის შემდეგ ჰიუსტონი საუკეთესო იყო დასავლეთით და ცხრილის ბოლოდან მესამე პოზიციამდე ამოვიდა.

ეს ყველაფერი ჯეიმს ჰარდენის დამსახურებაა (36.1 ქულა თამაშში - საუკეთესო შედეგი ლიგაში). გასულ წელთან შედარებით ჰიუსტონი კიდევ უფრო მეტად იქცა ჰარდენის გუნდად. ჰარდენის იზოლაციები ტექსასელთა მთავარი იარაღია. ჯეიმს ჰარდენი თავისი ქულების ნახევარს მარტო, იზოლაციების შედეგად იღებს.

ჰარდენი ბევრად მეტს ყრის იზოლაციებით, ვიდრე ლებრონი, პოლი და დეროზანი ერთად

ჰიუსტონი ლიგაში სისწრაფით 26 ადგილზეა და თამაშში 97.9 პოზიციით ერთ-ერთი ყველაზე ნელი გუნდია, თუმცა ჰარდენის წყალობით ისინი მეორე ადგილზე არიან შეტევის ეფექტურობის მიხედვით - 115.5 ქულა 100 პოზიცაზე. ანუ ჰიუსტონი ნელა თამაშობს, ცოტა შემტევი პოზიციები აქვს, თუმცა ძალიან კარგად ყრის. ტექსასეკები სწორედ ამიტომ არიან გოლდენ სტეიტისთვის უხერხული მოწინააღმდეგე - ისინი კალიფორნიელებს თამაშის ტემპს უგდებენ და ცდილობენ თავისი თამაში მოახვიონ მათ. დიდი ალბათობით, დასავლეთით მთავარ სერიაs - ჰიუსტონი -გოლდენ სტეიტი უკვე კონფერენციის ნახევარფინალში ვიხილავთ.

ტრევორ არიზას წასვლის შემდეგ ტექსასელთა დაცვა დასუსტდა, შეტევაში კი ყველაფერი ჯეიმს ჰარდენზეა - მან უნდა შეძლოს და პლეი ოფშიც რეგულარულის დონეზე ითამაშოს. სხვა შემთხვევაში დე ანტონის გუნდს გოლდენ სტეიტთან ბევრი შანსი არ ექნება.

წაიკითხე | რატომ ვერ აჩერებენ ჯეიმს ჰარდენს? ლიგის საუკეთესო შემტევის თამაში

მეორე ეშელონი - პორტლენდი, იუტა, ოკლაჰომა და დენვერი

გოლდენ სტეიტის და ჰიუსტონის გარდა დასავლეთით რამდენიმე გუნდია, რომელთაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. პირველივე წრეში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გარდების - დემიენ ლილარდის პორტლენდი და დონოვან მიტჩელის იუტა ჰიუსტონს და ოკლაჰომას ხვდებიან.

თითოეული მათგანს შეუძლია სენსაცია შემოგვთავაზოს და ჰიუსტონი ან მით უმეტეს ოკლაჰომა გააგდოს. პორტლენდი ძალიან კარგად უტევს და წლებია სტაბილურად პლეი ოფში ხვდება, იუტას კი ლიგის საუკეთესო მცველი რუდი გობერი ჰყავს, რომელიც სამწამიანს ძალიან კარგად იცავს და ჯეიმს ჰარდენს მაქსიმალურად ბევრ პრობლემას შეუქმნის.

ამ ორის გარდა გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო გუნდი ოკლაჰომაა. გუნდს ორი სუპერვარსკვლავი ჰყავს და რომ არა პოლ ჯორჯის ტრავმა ოკლაჰომას კარგი შანსი ჰქონდა, რომ ოთხეულშიც მოხვედრილიყო. იმ ფონზე, რომ გოლდენ სტეიტი და ჰიუსტონი ერთ გზაზე დგანან, ოკლაჰომას კარგი შანსი აქვს კონფერენციის ფინალს მიაღწიოს. პირველ წრეში პორტლენდის დამარცხების შემთხვევაში მათ შემდეგ ეტაპზე გამოუცდელი დენვერი ან დასუსტებული სან ანტონიო უნდა დაამარცხონ.

წლის მთავარი ტაქტიკური სიახლე ალბათ ის არის, რომ ოკლაჰომა თავისი თამაშის აქცენტებს ცვლის - ვესტბრუკი უფრო გამთამაშებლად გვევლინება, შეტევის მთავარი ოფცია კი პოლ ჯორჯია - გადამწყვეტი პოზიციებიც სწორედ ჯორჯის სათამაშოა.

ამასვე გვაჩვენებს სტატისტიკა - ჯორჯის გუნდში მოსვლის შემდეგ რასელ ვესტბრუკის სროლებისა და ქულების რაოდენობა კლებულობს, პოლ ჯორჯის კი იმატებს. რაც ვესტბრუკი სუპერვარსკვლავია არ ყოფილა, რომ მას ასე ცოტა სროლა და ქულები ჰქონოდა. 

სენსაციური სეზონი დადო დენვერ ნაგითსმა. კოლორადოელები თავის კონფერენციაში მოულოდნელად მეორე ადგილზე გავიდნენ, მათი ლიდერი ნიკოლა იოკიჩი კი სეზონის აღმოჩენად იქცა. რეგულარულში წარმატების მიუხედავად, დენვერის შემადგენლობა კონკურენტებთან შედარებით სუსტია და იოკიჩის გუნდს პლეი ოფში წარმატებით თამაში ძალიან უნდა გაუჭირდეს.

წლევანდელმა პლეი ოფმა ორ მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - მოახერხებს თუ არა ვინმე გოლდენ სტეიტისთვის კონკურენციის გაწევას და ვინ შეძლებს აღმოსავლეთით ლებრონის წასვლის შემდეგ ლიდერობის მოპოვებას.

დიდი ხანია, ლიგაში ამდენი ძლიერი გუნდი ერთად არ ყოფილა, კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა და წელს მაყურებელს ბევრი მიზეზი აქვს პლეი ოფს, რომ უყუროს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები