Thumbnail

NBA | ცრემლები და სამმაგი დუბლი - დუეინ ვეიდი ღირსეულად წავიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დუეინ ვეიდისა და დირკ ნოვიცკის სახით, NBA-ს ორმა ლეგენდამ კარიერა დაასრულა
  • უკანასკნელ მატჩში ‘ფლეშმა’ სამმაგი დუბლი შეასრულა
  • ვეიდის ბოლო თამაშს კარმელო ენტონი, კრის პოლი და ლებრონ ჯეიმსიც დაესწრნენ

NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულებასთან ერთად, ორი უდიდესი ეპოქაც დამთავრდა - დირკ ნოვიცკიმ და დუეინ ვეიდმა კარიერის უკანასკნელი მატჩები ჩაატარეს. გერმანელმა ბოლო შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა (94:105 სან ანტონიოსთან), ვეიდმა კი - სამმაგი დუბლი (94:113 ბრუკლინთან).

25 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი - ‘ფლეში’ კალათბურთის დიდი სცენიდან ღირსეულად წავიდა. ემოციებით დატვირთული საღამო ოდნავადაც არ გააფუჭა იმ ფაქტმა, რომ ვეიდმა 13 სამქულიანი ესროლა და მხოლოდ 3 ჩააგდო, კარიერაში კი ყველაზე ცუდი +/- კოეფიციენტი ჰქონდა (-17). თანაგუნდელები ვეიდს მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ, რომ იმდენი ესროლა, რამდენიც უნდოდა და დუეინმაც თავს ამის უფლება მისცა.

📺 ვიდეო: დუეინ ვეიდის ბოლო თამაში და სამმაგი დუბლი

ეს ყველაფერი ვეიდის უახლოესი მეგობრების, ლებრონ ჯეიმსის, კრის პოლისა და კარმელო ენტონის თვალწინ ხდებოდა. 37 წლის ვეიდი უდიდესი ოვაციების ფონზე გააცილეს, თავად ‘ფლეშმა’ კი, რა თქმა უნდა, ცრემლები ვერ შეიკავა.

“ჩვენ ძმებივით ვართ. ეს უფრო მეტია, ვიდრე კალათბურთი,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა.

კარმელო ენტონი, დუეინ ვეიდი, კრის პოლი და ლებრონ ჯეიმსი 'ფლეშის' ბოლო თამაშზე

აღსანიშნავია, რომ მაიამი ჰიტი NBA-ს პლეი ოფში ვერ გავიდა. აი, ბრუკლინმა კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი დაიკავა, რასაც თვით ნეტსის ფანებიც კი არ ელოდნენ. პლეი ოფის პირველ რაუნდში ბრუკლინი ფილადელფიას შეხვდება.

NBA-ს რეგულარული სეზონი დასრულდა და, შესაბამისად, ცნობილია, ვინ ვის და როდის ხვდება პლეი ოფში.

პლეი ოფის ყველა წყვილი

აღმოსავლეთ კონფერენცია

🏀 მილუოკი ბაქსი (1) V დეტროიტ პისტონსი (8)
🏀 ტორონტო რეპტორსი (2) V ორლანდო მეჯიქი (7)
🏀 ფილადელფია სიქსერსი (3) V ბრუკლინ ნეტსი (6)
🏀 ბოსტონ სელტიკსი (4) V ინდიანა პეისერსი (5)

დასავლეთ კონფერენცია

🏀 გოლდენ სტეიტ უორიორსი (1) V ლოს ანჯელეს კლიპერსი (8)
🏀 დენვერ ნაგეთსი (2) V სან ანტონიო სპურსი (7)
🏀 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი (3) V ოკლაჰომა სითი თანდერი (6)
🏀 ჰიუსტონ როკეტსი (4) V იუტა ჯაზი (5)

კომენტარები

ბოლო ამბები