Thumbnail
  • დეტროიტმა რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი მოიგო და პლეი ოფში გავიდა
  • პისტონსი კონფერენციის მეოთხედფინალში მილუოკის დაუპირისპირდება
  • პლეი ოფის ყველა წყვილი - ვინ ვის ეთამაშება

NBA-ს რეგულარული სეზონის უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, რომელშიც ზაზა ფაჩულიას დეტროიტი ნიუ იორკ ნიქსს სტუმრობდა და პლეი ოფში მოსახვედრად გამარჯვება სჭირდებოდა, პისტონსის ფანებმა ცუდი ამბავი შეიტყვეს: გაირკვა, რომ გადამწყვეტ თამაშში გუნდის უმთავრესი ლიდერი ბლეიკ გრიფინი მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა.

კენარდი და ფაჩულია

35 წლის ქართველი ცენტრის გუნდისთვის საბედნიეროდ, გრიფინის არყოფნით არაფერი დაშავდა - პისტონსმა ნიქსი 115:89 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფში გავიდა, სადაც კონფერენციის გამარჯვებულ მილუოკი ბაქსს შეხვდება.

დეტროიტმა მთელი მატჩი მაქსიმალური კონცენტრაციით ჩაატარა. ფაჩულიას გუნდმა პირველივე მეოთხედში მოიპოვა უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. გრიფინის არყოფნაში შესანიშნავი იყო ლიუკ კენარდი, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. რეჯი ჯექსონის ანგარიშზე 21 ქულა და 7 პასი იყო, ხოლო ანდრე დრამონდმა კი რეგულარულის ბოლო მატჩშიც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 18 მოხსნა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: ქართველმა პარკეტზე 15:37 წუთი გაატარა და თავის გუნდს 6 ქულით, 5 მოხსნითა და 3 პასით დაეხმარა. ზაზამ 4 მცდელობიდან 2 ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. მას 3 მოხსნა დაცვაში ჰქონდა, ორი კი - შეტევაში.

ზაზამ 5 მოხსნა გააკეთა - 3 დაცვაში, 2 შეტევაში

საბოლოოდ, დეტროიტმა რეგულარული სეზონი 41 მოგებითა და ამდენივე მარცხით დაასრულა, რაც აღმოსავლეთში მე-8 ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა. პისტონსმა პლეი ოფს მიღმა მაიამი ჰიტი (39/43) და შარლოტ ჰორნეტსი (39/43) დატოვა. ფაჩულიას გუნდი იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკისთან აშკარა აუტსაიდერი იქნება. სამწუხაროა, რომ დეტროიტმა მხოლოდ მე-8 ადგილი დაიკავა - ზაზას გუნდს ჰქონდა შანსი, რომ მე-7 ან მე-6 ადგილზე გასულიყო და შემდეგ ბედი ტორონტოსთან, ან ფილადელფიასთან ეცადა, თუმცა დეტროიტს ამ გუნდებთანაც მცირე შანსი ექნებოდა.

📺 ვიდეო: ნიუ იორკ ნიქსი 89:115 დეტროიტ პისტონსი (მიმოხილვა)

ამრიგად, NBA-ს რეგულარული სეზონი დასრულდა და, შესაბამისად, ცნობილია, ვინ ვის და როდის ხვდება პლეი ოფში.

პლეი ოფის ყველა წყვილი

აღმოსავლეთ კონფერენცია

🏀 მილუოკი ბაქსი (1) V დეტროიტ პისტონსი (8)
🏀 ტორონტო რეპტორსი (2) V ორლანდო მეჯიქი (7)
🏀 ფილადელფია სიქსერსი (3) V ბრუკლინ ნეტსი (6)
🏀 ბოსტონ სელტიკსი (4) V ინდიანა პეისერსი (5)

დასავლეთ კონფერენცია

🏀 გოლდენ სტეიტ უორიორსი (1) V ლოს ანჯელეს კლიპერსი (8)
🏀 დენვერ ნაგეთსი (2) V სან ანტონიო სპურსი (7)
🏀 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი (3) V ოკლაჰომა სითი თანდერი (6)
🏀 ჰიუსტონ როკეტსი (4) V იუტა ჯაზი (5)

 

კომენტარები

ბოლო ამბები