Thumbnail

დაბრუნება 4 წლის შემდეგ - ფიორენტინა ისევ ვინჩენცო მონტელამ ჩაიბარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 44 წლის სპეციალისტმა ფლორენციულ გუნდში სტეფანო პიოლის ადგილი დაიკავა
  • იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ფიორენტინას 2012-2015 წლებშიც წვრთნიდა

ფიორენტინას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვინჩენცო მონტელა დაბრუნდა. ამის შესახებ ფლორენციულმა კლუბმა ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა. კლუბმა და 44 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი 2021 წლის ზაფხულამდე მოაწერეს.

მონტელამ ამ თანამდებობაზე სტეფანო პიოლი შეცვალა, რომელმაც "იების" მთავარი მწვრთნელის პოსტი სამშაბათს, 9 აპრილს დატოვა.

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ფიორენტინას უკვე წვრთნიდა - 2012 წლის ივნისიდან 2015 წლის ივლისამდე. სპეციალისტის ხელმძღვანელობით "იებმა" 153 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 81 მოიგეს, 32 ფრედ დაასრულეს და 40 დათმეს. მონტელას ყველაზე დიდი მიღწევა ფიორენტინაში, 2013/14 წლების სეზონში გუნდის იტალიის თასის ფინალში გაყვანა იყო.

ვინჩენცო მონტელას სხვადასხვა დროს ასევე უმუშავია რომაში, კატანიაში, სამპდორიასა და მილანში. მისი ბოლო კლუბი კი სევილია იყო. ესპანური კლუბიდან ის გასული წლის აპრილში დაითხოვეს.

 ფიორენტინა, რომელსაც სერია A-ში 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (4 ფრე, 3 მარცხი), ამჟამად 39 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდი პირველ მატჩს 14 აპრილს, შინ ბოლონიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები