Thumbnail

ლეგენდა დაგვემშვიდობა - დირკ ნოვიცკის დალასში ძეგლს დაუდგამენ

  • დალასის ვეტერანმა კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ კარიერა დაასრულა
  • 40 წლის გერმანელი გულშემატკივარს ფინიქსთან მატჩის დროს დაემშვიდობა
  • მავერიკსის მფლობელი დირკს დაპირდა, რომ არენის წინ ძეგლს დაუდგამს

დალას მავერიკსის ვეტერანმა კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ კარიერა დაასრულა. 40 წლის გერმანელი გულშემატკივარს ფინიქსთან, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო საშინაო მატჩის (120:109) დროს დაემშვიდობა. 
 
"მადლობელი ვარ ყველა გულშემატკივრის, რომლებიც მხარში მედგნენ როგორც აღმავლობის, ისე წარუმატებლობის პერიოდში. მადლობა ჩემს თანაგუნდელებსა და ოჯახს. ფიზიკური თვალსაზრისით, ეს წელიწადი ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ თქვენ ყოველთვის მეხმარებოდით". 

დალას მავერიკსის მფლობელი მარკ კუბანი გერმანელს დაპირდა, რომ არენის წინ მისი ბრინჯაოს ძეგლი აღიმართება: "გპირდები, რომ ჩვენი არენის წინ ყველაზე დიდ და მაგარ ძეგლს დაგიდგამთ".

ფინიქსთან შეხვედრაში დირკ ნოვიცკიმ 30 ქულა მიითვალა, რასაც 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დაუმატა.

ამ მატჩში სამმაგი დუბლით გამოირჩა მისი თანაგუნდელი ლუკა დონჩინი, რომლის ანგარიშზე 21 ქულა, 16 მოხსნა და 11 პასი იყო. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტუმართა 39 წლის მცველი ჯამალ კროუფორდი გახდა (51 ქულა), რომელმაც 13-იდან 7 სამქულიანი ჩააგდო. 

ასე გააცილეს დალასელებმა გერმანელი ლეგენდა

41. 21. 1

41 - სათამაშო ნომერია, რომელიც დალას მავერიკსში დირკ ნოვიცკისთან სამუდამოდ ასოცირდება.

21 - სეზონების რაოდენობაა NBA-ში, რომელიც სარეკორდოა (ნოვიცკი ამ რეკორდს კიდევ 4 მოთამაშესთან იყოფს).

1 - ეს არ არის არც ტიტულების და არც MVP-ის ჯილდოების რაოდენობა. ეს უფრო მნიშვნელოვანს აღნიშნავს დღევანდელ სპორტულ სამყაროში - გუნდების რაოდენობას, რომლის ღირსებასაც დირკი NBA-ში 1998-2019 წლებში იცავდა.

გერმანელმა ფორვარდმა NBA-ში 21 სეზონი გაატარა. 1998 წლიდან მოყოლებული, ნოვიცკი მხოლოდ დალასის ღირსებას იცავდა, ერთხელ კი გუნდთან ერთად მან ჩემპიონის ტიტულის მოგებაც შეძლო (2011 წელს).  გერმანელმა 14-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", 12-ჯერ კი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა. 2007 წელს დირკი გახდა პირველი ევროპელი, რომელიც NBA-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს. ამ დროისთვის ის ლიგის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერებს შორის მეექვსეა, ხოლო პირველი - ევროპელთა შორის.

ზაზა ფაჩულია და დირკ ნოვიცკი თანაგუნდელები იყვნენ

აღსანიშნავია, რომ დირკ ნოვიცკი და ზაზა ფაჩულია დალას მავერიკსში 2015/16 წლების სეზონში ერთად თამაშობდნენ და აქამდე მეგობრობა აკავშირებთ.

დალას მავერიკსმა, რომელიც ჩემპიონატს 11 აპრილს, სტუმრად სან ანტონიო სპურსთან შეხვედრით დაასრულებს, პლეი ოფში გასვლა ზედიზედ მეშვიდე სეზონში ვერ შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები