Thumbnail
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • პისტონსმა შინ მემფისს 22 ქულა ამოუქაჩა და წაგებათა 4-მატჩიანი სერია შეწყვიტა
  • დეტროტელებს ბოლო შეხვედრაში ნიუ იორ ნიქსის დამარცხება სჭირდებათ 

ზაზა ფაჩულიას გუნდმა დეტროიტ პისტონსმა (40-41) NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში შინ მემფისი (32-49) მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 100:93 დაამარცხა. პისტონსმა ამ გამარჯვებით წაგებათა 4-მატჩიანი სერია დაასრულა და პლეი ოფში თამაშის კარგ შანსს ფლობს. ახლა ფაჩულიას გუნდს აღმოსავლეთ კონფერნეციის 8 საუკეთესო გუნდს შორის ადგილის გარანტირებულად შესანარჩუნებლად, ბოლო მატჩში სტუმრად ნიუ იორკ ნიქსთან გამარჯვება სჭირდება (თუ მისი კონკურენტებიც მოიგებენ).

მემფისთან წარმატების მიღწევა კი დეტროიტელებს საკმაოდ გაუჭირდათ. სტუმრებმა თავიდანვე შეძლეს ანგარიშში წინ გასვლა, მეორე მეოთხედში კი 22-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ. პისტონსმა ჩამორჩენის გაბათილება მხოლოდ ბოლო მეოთხედის შუაში მოახერხა და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

📺 მატჩის ჰაილაითები

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 7 წუთი დაჰყო, რა დროშიც მის ანგარიშზე 3 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში) და ერთი ჩაჭრა იყო. ქართველმა ცენტრმა ფარს ორქულიანით 4-ჯერ შეუტია და ერთხელ ჩააგდო, პლუს, ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა.

თამაშში ყველაზე მეტი, 22 ქულა მასპინძელთა მცველმა იშ სმიტმა მიითვალა. ორმაგი დუბლით კი დეტროიტის მთავარი ცენტრი ანდრე დრამონდი გამოირჩა - 20 ქულა, 17 მოხსნა. მემფისს 15 ქულით ბრაზილიელმა ბრუნო კაბოლკომ ულიდერა.

ანდრე დრამონდმა ორმაგი დუბლი მიითვალა

თავ-თავიანთი შეხვედრები მოიგეს, პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში დეტროიტ პისტონსის მეტოქეებმა მაიამიმ და შარლოტმა. ჰიტმა შინ ფილადელფიას ანგარიშით 122:99 სძლია, ხოლო ჰორნეტსმა სტუმრად კლივლენდს აჯობა - 124:97. 

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღის მატჩები 11 აპრილს გაიმართება. დეტროიტი ნიქსს ესტუმრება, შარლოტი ორლანდოს მიიღებს, ხოლო მაიამი ბრუკლინში ჩავა. იქამდე კი ფაჩულიას გუნდს მეტოქეებზე ერთით მეტი, 40 მოგება აქვს და მე-8 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები