Thumbnail

ყველასათვის მოულოდნელად: მეჯიქ ჯონსონი გადადგა! რა ელის ლეიკერსს?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსის პრეზიდენტი მეჯიქ ჯონსონი მოულოდნელად გადადგა
  • მან გადაწყვეტილების შესახებ კლუბის მფლობელებს არაფერი შეატყობინა

მიუხედავად იმისა, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სეზონი ჩააგდო და თავი შეირცხვინა, ირვინ 'მეჯიქ' ჯონსონის ეს გადაწყვეტილება მაინც ძალიან მოულოდნელი იყო. ლეიკერსის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა!

პოსტის დატოვების შესახებ მეჯიქმა განცხადება NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩის წინ გააკეთა, რომელიც ლეიკერსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან 101:104 წააგო. ეს ამბავი თვით კლუბის მფლობელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა - როგორც გაირკვა, მეჯიქს მათთვისაც არაფერი ჰქონდა ნათქვამი.

“ახლა, ეს ყველაფერი ვინმემ ჩემს ბოსსაც უნდა უთხრას. მე ამას ვერ შევძლებდი, მას ვერ ვეტყოდი,” - განაცხადა 59 წლის ლეგენდამ.

ამრიგად, მეჯიქ ჯონსონი მხოლოდ 26-თვიანი მუშაობის შემდეგ გადადგა და ამ გადაწყვეტილების მიზეზზეც ისაუბრა: “მე თავისუფალი ვარ, თავისუფლება მიყვარს და ხელბორკილები დამადეს. ეს კი არ მიყვარს. მინდა, რომ ისევ სიამოვნებას ვიღებდე,” - აღნიშნა ლეიკერსის ექს-პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მის გადაწყვეტილებას კლუბის შეფ ჯენი ბასთან კავშირი არ აქვს: “ასეთი გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა ადამიანი ისე ძალიან გიყვარს, როგორც მე მიყვარს ჯენი. მინდა, რომ მასთან ასეთი კარგი ურთიერთობა შევინარჩუნო.”

მეჯიქ ჯონსონის გადადგომის მიზეზი, დიდი ალბათობით, ლეიკერსის ჩაგდებული სეზონია. ლოს ანჯელესელებმა სეზონის წინ სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი გადაიბირეს და უმაღლეს მიზნებზე ფიქრობდნენ, საბოლოოდ კი, ლეიკერსმა NBA-ს პლეი ოფშიც კი ვერ გააღწია. გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე გავიდა. ლეიკერსმა ზედიზედ მეექვსედ ვერ შეძლო პლეი ოფში გასვლა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ გუნდის კრიზისის გამო მეჯიქ ჯონსონს არავინ აკრიტიკებდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუკ უოლტონს გაათავისუფლებდნენ. ლეიკერსი ზაფხულში გუნდის გაძლიერებას აპირებს და ენტონი დევისის მსგავსი ვარსკვლავების ხელში ჩასაგდებად იბრძოლებს. ამერიკელ ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ლოს ანჯელესელები მწვრთნელს მალე გაუშვებენ. მანამდე კი, კლუბმა ახალი პრეზიდენტი უნდა დანიშნოს - თუ, რა თქმა უნდა, თვითონ ლებრონ ჯეიმსმა არ მოისურვა პრეზიდენტობა...

კომენტარები

ბოლო ამბები