Thumbnail
  • 📅 10 აპრილი | ⌚ 23:00 | ⚽ აიაქსი V იუვენტუსი | 📺 SILK SPORT 1
  • აიაქსი ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში 16 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს
  • ტურინელებს ამსტერდამული მატჩის წინ კრიშტიანო რონალდო დაუბრუნდათ

ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ¼-ფინალში იუვენტუსისა და აიაქსის გზები გადაიყარა და წინ ნამდვილი ევროპული კლასიკა გველოდება, გარკვეულწილად მივიწყებული, მაგრამ კვლავაც აქტუალური. ეს კლუბები ჩემპიონთა თასისა თუ ლიგის გადამწყვეტ მატჩში ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ჯამში ერთად 6-ჯერ მოიგეს მთავარი ევროპული საკლუბო ჯილდო, 15-ჯერ ითამაშეს ფინალში, გასული საუკუნის 90-იანებში "ბებერ კონტინენტზე" საფეხბურთო ამინდს ქმნიდნენ...

ვან გაალის აიაქსი და ლიპის იუვე

1995 წლის გაზაფხულზე, ლუის ვან გაალის აიაქსმა მთავარი ევროტურნირის ფინალში მილანს მოუგო, მომდევნო სეზონში კი ლიგის საგზური იტალიიდან იუვენტუსმა მიიღო და მორიგი იტალიურ-ჰოლანდიური ფინალი კიდევ უფრო დრამატული გამოვიდა. მაშინ რომის ოლიმპიურ სტადიონზე მარჩელო ლიპის გუნდმა, ფრედ 1:1 დასრულდებული ძირითადი და დამატებითი ტაიმების შემდეგ, პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

იარი ლიტმანეი 1996 წლის ფინალში გატანილ გოლს ზეიმებს

ერთი წლის შემდეგ ეს მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ. დელ პიეროსა და ზიდანის იუვენტუსმა აიაქსს დამაჯერებლად სძლია (სტუმრად 2:1, შინ 4:1) და საბოლოოდ იმ სეზონში ტიტულიც მოიგო. "ბებერმა ქალბატონმა" მომდევნო წლების ფინალებიც ითამაშა, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა - დორტმუნდის ბორუსიასთან (1:3) და რეალთან (0:1).

მას შემდეგ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე აღარც იუვენტუსი ყოფილა და აღარც აიაქსი, თუმცა ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში კიდევ სამჯერ ითამაშეს: 2003, 2015 და 2017 წლებში. თუკი ტურინულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის ყოველთვის ასახელებდნენ (გამონაკლისი 2000-იანებში გუნდის დასჯა და სერია B-ში დაქვეითების პერიოდი იყო), აიაქსის შემთხვევაში კი ისე ჩანდა, რომ ამსტერდამული გუნდი, თანამედროვე ფეხბურთში წარმატებისთვის აუცილებელი კომერციული პირობების გარეშე, ვეღარასდროს დაუბრუნდებოდა ძველ სიმაღლეს. დიახ, ბოლო დროს ჰოლანდიური კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლაც იშვიათობა გახდა და ევროპალიგის 2016/17 წლების ფინალიც მართალია მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც ერთჯერად წარმატებად შეფასდა. 

1996 წელი - იუვენეტუსს ჩემპიონთა ლიგა მას შემდეგ აღარ მოუგია

მაგრამ ამ სეზონში ამსტედამის აიაქსმა კვლავ გაიბრწყინა ევროპულ არენაზე. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჯგუფში აჯობა აეკ-ს, ბენფიკას და არ წააგო ბაიერნთან, ⅛-ფინალში კი ტურნირის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა - ბოლო სამი სეზონის ტრიუმფატორი რეალი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაამარცხა - 4:1. 
 
შარშან ტურინელებმა კრიშტიანო რონალდოს დამატებით, კურსი ჩემპიონთა ლიგის ტიტულისკენ თამამად აიღეს, ⅛-ფინალში ატლეტიკოსთან მძიმე დუელმა კი ამ მიზნის მისაღწევად პორტუგალიელის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.  
 
ფაქტია, იუვენტისისა და აიაქსის მორიგი დაპირისპირება მხოლოდ სტაჟიანი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ნოსტალგიურად ამაღელვებელი სანახაობა არაა. წინ ორი უმაღლესი დონის შეხვედრა გველის. მართალია, "ბებერი ქალბატონი" ამ წყვილის ფავორიტად მოჩანს, როგორც მთლიანად ტურნირის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აიაქსისგან მორიგი სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ.

აიაქსის მოტივაცია  

ამსტერდამელებს მომავალ დაპირისპირებაში ტრავმირებული მხოლოდ ფორვარდი ჰასან ბანდე ჰყავთ, დისკვალიფიკაციის გამო კი ნახევარმცველი ნუსაირ მაზრაუი დააკლდებათ. 
 
"იუვენტუსის წინააღმდეგ საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ, მთავარი კი ხვალინდელ მატჩში შედეგია. ახლა მხოლოდ მომავალ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. ბრწინვალე ნახევარდაცვის ხაზი გვაქვს, კარგად ვფლობთ ბურთს, მაგრამ როდესაც ის არ გვექნება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ. ტაქტიკურად ძლიერები ვართ და შეგვიძლია მოთამაშეების პოზიციების ვარირება. მეტოქე გამოცდილია, რომელსაც თამაშში სხვადასხვა ტაქტიკური სქემის გამოყენება შეუძლია. ეს კიდევ ერთი გრანდია, ბაიერნისა და რეალის შემდეგ და კარგად უნდა წავიკითხოთ მეტოქის თამაში"
, - ამბობს თამაშის წინ აიაქსის თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი. 

ერიკ ტენ ჰაგი იუვესთან საკუთარი თამაშის ჩვენებას ითხოვს

ამსტერდამელთა ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი კი მიიჩნევს, რომ აიაქსი არაფრითაა ნაკლები იუვენტუსზე:

"ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში აქამდე ჩვენთვის ყველაფერი ბრწყინვალედ წარიმართა. გავიარეთ საკვალიფიკაციო სამი ეტაპი, შემდეგ ჯგუფური ეტაპი, გავედით ¼-ფინალში, რეალთან გამარჯვება კი ყველაზე კაშკაშა მომენტი იყო. ყველას ვუჩვენეთ, რა შეგვიძლია და იმედი მაქვს, ამას იუვენტუსთანაც შევძლებთ. უდიდეს მოტივაციას ვგრძნობთ და იმედი მაქვს, ტურინელების წინააღმდეგ ვაჩვენებთ, რომ მასზე მეტი თუ არა, არანაკლები ვართ". 

ფრენკი დე იონგმა ბარსელონასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა

პლუს რონალდო, მინუს კიელინი

ამსტერდამული მატჩის წინ ტურინელებს კრიშტიანო რონალდო დაუბრუნდათ. 34 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი, რომელმაც ტრავმა სანაკრებო მატჩის დროს მიიღო, სრულებით გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ჩვეულებრივად ივარჯიშა. 

სამაგიეროდ, იუვენტუსს ჯორჯო კიელინი ვერ დაეხმარება. კაპიტანმა დაზიანება ორშაბათს ვარჯიშზე მიიღო და ამსტერდამში ვერ ითამაშებს. ტრავმა აქვს მარტინ კასერესსაც და დიდი ალბათობით, დაცვის ხაზში კიელინის ადგილს მასიმილიანო ალეგრი ახლახან გამოჯანმრთელებულ ანდრეა ბარძალის ჩააბარებს. "იოჰან კრუიფ არენაზე" სტუმართა რიგებში არ უნდა ველოდოთ ემრე ჯანის, დუგლას კოშტასა და მატია პერინის გამოჩენას.

კრიშტიანომ ლიგაში იუვეს მაისურით 4 გოლი შეაგდო, აქედან 3 - ატლეტიკოსთან

საინტერესო ფაქტები

⚽ ამსტერდამის აიაქსს ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) 4-ჯერ აქვს მოგებული, კიდევ 2-ჯერ კი ფინალში დამარცხდა.

⚽ ტურინის იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) 2-ჯერ აქვს მოგებული, ფინალში კი 7-ჯერ დამარცხდა (რეკორდია).

⚽ ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ ტურნირის ფინალში. 1973 წელს, ბელგრადში, აიაქსმა იუვეს მოუგო (1:0), 23 წლის შემდეგ კი ტურინელებმა რევანში რომში აიღეს (1:1, პენ: 4:2).

⚽ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, საკუთარ არენაზე აიაქსის მოუგებელი სერია 6 მატჩს შეადგენს (3 ფრე, 3 მარცხი). ბოლოს კლუბმა წარმატებას შინ დორტმუნდთან მიაღწია (1995/96).  

⚽ აიაქსს სერია A-ს კლუბებთან უკანასკნელი 9 საშინაო მატჩიდან არცერთში გაუმარჯვია. ბოლოს ამსტერდამელებმა შინ იტალიურ გუნდს 2002 წელს მოუგეს - რომას (2:1).

⚽ წარმატების შემთხვევაში, იუვე ½-ფინალში ბოლო ხუთ სეზონში მესამედ გავა. აიაქსს ამ ეტაპზე აღარ უთამაშია 1996/97 წლების შემდეგ, როდესაც სწორედ ტურინელებთან წააგო.

⚽ აიაქსმა იუვენტუსთან ევროთასების 12 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და არცერთი 1974 წლის შემდეგ. 

⚽ იუვენტუსმა აიაქსთან ყველა ორმატჩიანი დაპირისპირება მოიგო. ბოლოს ეს 2009/10 წლების ევროპალიგის 1/16-ფინალში მოხდა - 2:1 ამსტერდამში, 0:0 ტურინში.

⚽ ტურინელებმა ამსტერდამში გამართული ბოლო სამივე მატჩი მოიგეს, აქედან ორი ჩემპიონთა ლიგაში - 2:1 ნახევარფინალში (1996/97) და 1:0 ჯგუფურ ეტაპზე (2004/05).

⚽ იუვენტსს ჰოლანდიურ კლუბებთან ბოლო 6 მატჩიდან არცერთი წაუგია (4 მოგება, 2 ფრე). ბოლოს ტურინელები ლიგის ჯგუფში (1997/98) ფეიენოორდთან დამარცხდნენ - 0:2.

ოთხშაბათს იოჰან კრუიფ არენაზე ანშლაგი იქნება

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): ონანა - ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო - შიონე, დე ბიიკი, დე იონგი - ზიეხი, ტადიჩი, ნერეში.  

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, ბარძალი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი - ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები