Thumbnail

გიუნდოგანი ბაიერნში? რამდენად რეალურია ილქაის ბუნდესლიგაში დაბრუნდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ილქაი გიუნდოგანი, შესაძლოა, გერმანიაში დაბრუნდეს
  • მისი გადაბირება მიუნხენის ბაიერნს სურს

როგორც ჩანს, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერ სიტისთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. დღეს, ინგლისურ და გერმანულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ 28 წლის გიუნდოგანი, შესაძლოა, ბუნდესლიგაში დაბრუნდეს - ოღონდ, არა დორტმუნდის ბორუსიაში, სადაც ადრეც თამაშობდა, არამედ მიუნხენის ბაიერნში!

რეკორდმაისტერის გიუნდოგანის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისეთი სოლიდური გამოცემები წერენ, როგორებიცაა “ფოკუსი”, “მიუნხენერ აბენდცაითუნგი”, “სქაი” და “მირორი”. ეს უკანასკნელი წერს, რომ ბაიერნის ხელმძღვანელებს გიუნდოგანის გადაბირების დიდი იმედი აქვთ და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ცენტრალური ნახევარმცველი დაითანხმონ.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ბოლო დროს რამდენჯერმე თქვა, რომ მანჩესტერ სიტის შუა ხაზში უდიდესი კონკურენციაა. გიუნდოგანს სურს, რომ უფრო ხშირად და დიდხანს თამაშობდეს. “დიდი შანსია, რომ ჩემი მომდევნო კონტრაქტი უკანასკნელი იყოს და კარიერა იმ კლუბში დავასრულო, რომელთანაც ხელშეკრულებას გავაფორმებ,” - აღნიშნა მან ცოტა ხნის წინ.

თუმცა, ექნება თუ არა გიუნდოგანს ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. საქმე ისაა, რომ ბავარიულ გრანდს ნახევარდაცვის ცენტრისთვის ლეონ გორეტცკა, კორენტენ ტოლისო, ხამეს როდრიგესი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა და რენატო სანჩესი ჰყავს. ამ ფეხბურთელებიდან გიუნდოგანს, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, მხოლოდ რენატო სანჩესთან შედარებით აქვს უპირატესობა.

ილქაი გიუნდოგანს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება და თუკი მის გახანგრძლივებას არ აპირებს, მომავალი ზაფხული სიტისთვის უკანასკნელი შანსია, რომ გერმანელი უფასოდ არ დაკარგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები