Thumbnail

კარგი ამბავი იუვესთვის - კრიშტიანო რონალდო გუნდთან ერთად ვარჯიშობს

  • 34 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ტრავმა სრულებით მოირჩინა
  • კრიშტიანო ამსტერდამში აიაქსთან თამაშისთვის საერთო ჯგუფში ემზადება
  • პირველ 1/4-ფინალურ შეხვედრაში საეჭვო ჯორჯო კიელინის თამაშია  

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო, აიაქსთან ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის პირველი მატჩისთვის გუნდთან ერთად, ჩვეულებრივ ემზადება. Football Italia-ს ცნობით, 34 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი, რომელმაც ტრავმა სანაკრებო მატჩის დროს მიიღო, სრულებით გამოჯანმრთელდა და მზადაა, ტურინელებს ამსტერდამში დაეხმაროს.

ტურინელთა საერთო ჯგუფში კრიშტიანოს ვარჯიშის ფოტოსურათებს ტურინის იუვენტუსი ოფიციალური საიტსა და სოციალურ ქსელებშიც ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ დაზიანება 25 მარტს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სერბეთის ნაკრებთან მატჩში (1:1) მიიღო. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ტრავმის გამო მოედანი უკვე 29-ე წუთზე დატოვა. შიშობდნენ, რომ კრიშტიანო ჩემპიონთა ლიგის მომავალი შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა.

იუვენტუსი აიაქსთან პირველი დაპირისპირებისთვის ემზადება

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელებს შესაძლოა აიაქსთან პირველ მატჩში ჯორჯო კიელინი ვერ დაეხმაროს. ტურინელთა კაპიტანმა დაზიანება ორშაბათს ვარჯიშზე მიიღო და ვინაიდან ამსტერდამში ვერ ითამაშებენ მცველები: მარტინ კასერესი და ანდრეა ბარძალი, მასიმილიანო ალეგრის შესაძლოა კიელინის შეცვლა დანიელე რუგანით მოუხდეს.

ტურინის იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში ამსტერდამის აიაქსს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ამსტერდამში 10 აპრილს ჩატარდება, საპასუხო კი ტურინში - 16 აპრილს.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ფორვარდმა იუვეს მაისურით 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა. ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში ატლეტიკო მისი ჰეთ თრიკის წყალობით დაამარცხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები