Thumbnail
  • ლეონარდო ბონუჩიმ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა
  • იტალიელი მცველი ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ რასიზმის წინააღმდეგია

თითქმის ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც იუვენტუსის და იტალიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა მოიზე კინმა კალიარისთან სტუმრად 2:0 მოგებულ მატჩში გატანილი გოლი პროვოკაციულად აღნიშნა მას მერე, რაც ადგილობრივი გულშემატკივრები მას რასისტულად შეურაცხყოფდნენ, რაზეც ტურინული გრანდის მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ბევრისთვის მოულოდნელი კომენტარი გააკეთა. 31 წლის ბონუჩიმ მას მერე ბოდიში არაერთხელ მოიხადა, ახლა კი კიდევ ერთხელ შეეხო ამ თემას.

კალიარის შემდეგ, მოიზე კინმა მილანსაც გაუტანა

კალიარისთან მატჩი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ბონუჩიმ თქვა, რომ სარდინიელ ფანებს და მოიზე კინს მომხდარში ბრალი თანაბრად მიუძღოდათ და 50:50-ზე ახსენა. იტალიელი მცველი ამის გამო ბევრმა გააკრიტიკა - მათ შორის რაჰიმ სტერლინგმა, ლილიან ტიურამმა, ხოლო თანამემამულე მარიო ბალოტელი კი სულაც დაემუქრა.

“ბონუჩიმ არასწორი ინტერპრეტაციით ისაუბრა, ასე ნამდვილად არ უნდა ეთქვა, მაგრამ მალევე მოიხადა ბოდიში და თავისი მოსაზრება განმარტა,” - იცავს გუნდის დაცვის ლიდერს იუვეს მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი.

ბონუჩიმ ტელეკომპანია Italia 1-ის ეთერში კიდევ ერთი განმარტება გააკეთა: “ყველას ჰქონდა იმის უფლება, რომ ჩემს ნათქვამზე გაბრაზებულიყო. რასიზმი სკანდალია და 2019 წელს არ უნდა არსებობდეს. პირადად მე 100 პროცენტით რასიზმის წინააღმდეგი ვარ და მინდა, რომ კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში ყველას, ვინც ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო,” - აღნიშნა ლეონარდომ.

ლეონარდო ბონუჩი და მოიზე კინი

იტალიელი მცველი განმარტავს: “რასიზმის ყველანაირ ფორმას და გამოვლინებას ვგმობ. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუკი მოიზე თავის გოლს ჩვენთან ერთად და სხვანაირად იზეიმებდა. რაც შეეხება ჩემი კოლეგების გამოხმაურებას - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გაბრაზების და ჩემი გაკრიტიკების უფლება ყველას ჰქონდა. მე ყველა მიყვარს, მათ შორის ტიურამიც. ლილიანს ტელეფონითაც ვესაუბრე და ავუხსნი, რას ვგულისხმობდი.”

კომენტარები

ბოლო ამბები