Thumbnail
  • ლოკომოტივის თავკაცმა ზენიტთან მატჩში ხვიჩას თამაში შეაფასა
  • იური სიომინი 18 წლის ქართველ ნახევარმცველს უფრთხილდება
  • მწვრთნელს სჯერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია პროგრესს გააგრძელებს
  • კვარაცხელიას და კვერკველიას მოსკოვში ვლადიმირ ვაისი ქომაგობდა

18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი ხშირად აქებს და ნელ-ნელა სულ უფრო მეტ ნდობას უცხადებს. რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, ზენიტთან (1:1), სიომინმა ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სულაც სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. 

შეხვედრა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, ტრადიციულად სრულად ჩაატარა მოსკოველთა მცველმა საბა კვერკველიამ, კვარაცხელია კი მწვრთნელმა მეორე ტაიმში შეცვალა. საინტერესოა, რომ მოსკოვის "რზდ არენაზე" თამაშს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო.

საქართველოს ნაკრების თავკაცი ტრიბუნაზე რუსმა ფოტოკორესპონდენტებმა დააფიქსირეს

თამაშის შემდეგ რუსეთის ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩას თამაში შეაფასა.

"ხვიჩამ ზენიტთან მატჩში თავისი საქმე კარგად შეასრულა, ითამაშა დანარჩენი ფეხბურთელების დონეზე. თავიდანვე ვგეგმავდით, რომ ერთ ტაიმს ის ჩაატარებდა, მეორეს კი - ფერნანდეში. შესაბამისად, შესვენებაზე კვარაცხელია შევცვალეთ. 

კვარაცხელია 18 წლისაა და ამ მხრივ გაფრთხილება სჭირდება. მას დიდად ჯერ არ დავტვირთავთ, ზოგჯერ შეცვლაზე შემოვა, ზოგჯერ მას შევცვლით. ხვიჩა ძირითადის მოთამაშეა, რომელიც მიუხედავად თავისი ასაკისა, გუნდს ეხმარება. 

ვის შევადარებდი მას პოტენციალით ლოკომოტივის ყოფილი ქართველი ფეხბურთელებიდან?  დიახ, ჩემთან მართლაც უთამაშით დემეტრაძეს, აშვეთიას, ჯანაშიას, ასათიანს. ხვიჩას უდიდესი პოტენციალი აქვს და იმედი გვაქვს, ის თამაშიდან თამაშამდე პროგრესს გააგრძელებს", - განუცხადა იური სიომინმა Sport24-ს.

იური სიომინი ქართველი ფეხბურთელებისადმი თავისი დამოკიდებულებით ცნობილია

ზაზა ჯანაშიამ მოსკოვის ლოკომოტივში 1996-2001 წლებში ითამაშა და მასთან ერთად რუსეთის თასი 4-ჯერ მოიგო, 3-ჯერ კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. მიხეილ აშვეთიამ ამ კლუბის ღირსება 2003-05 წლებში დაიცვა, 2004 წელს კი რუსეთის ჩემპიონობა მალხაზ ასათაიანთან ერთად იზეიმა, რომელიც რკინიგზელებში 2003-2010 წლებში გამოდიოდა და ჩემპიონობის გარდა, რუსეთის თასისა და სუპერთასის (2-ჯერ) მფლობელიც გახდა. გიორგი დემეტრაძე ლოკომოტივში 2002 წელს იჯარით გამოდიოდა. 

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივში 2017 წლიდან გამოდის და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონობა და თასი აქვს მოგებული.

საბა კვერკველიამ თანაგუნდელი ვლადისლავ იგნატიევი გოლის შემდეგ ხელში აიატაცა

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი რუსთავთან აკავშირებს, მოსკოვის ლოკომოტივში კი სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის. ნახევარმცველს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია და მის ანგარიშზე 25 მატჩში 17 გოლია.

მოსკოვის ლოკომოტივს რუსეთის პრემიერლიგაში გასული 22 ტურის შემდეგ, 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები