Thumbnail

‘მეტი შემეძლო!’ - ქართველმა ხარმა ევროპის ჩემპიონატი შეაფასა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კოტე ჯანაშიამ კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა
  • 13-16 ივლისს, ფლორიდაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება

პროფესიონალმა სტრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ მანჩესტერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა. 'ქართველი ხარი' მხოლოდ ისლანდიელ ჰაფტორ ბიორნსონს და პოლონელ მატეუს კიელისკოვსკის ჩამორჩა, თუმცა კოტეს პირველი ადგილის დაკავებაც თავისუფლად შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ბიორნსონი მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი, მისი პოპულარობა კი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 'სამეფო კარის თამაშებში' მაუნთინის როლი შეასრულა.

📺 ატლასის ქვები - ამ მოძრაობაში კოტე ჯანაშიამ დაჩაგრა მეტოქე

მოკლედ, კონსტანტინე ჯანაშია პირველ ადგილს უმიზნებდა და ბრინჯაოს მედლით ბოლომდე კმაყოფილი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ მანჩესტერში კარგი შედეგი აჩვენა. 'ქართველმა ხარმა' ტურნირზე მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

დეტალი, რომელმაც ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტა

'მანჩესტერში კარგ ფორმაში ჩავედი და 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ საუკეთსო სამეულში მოვხვდებოდი, მიზანი კი ჩემპიონობა იყო. სამწუხაროდ, ჩემი და მსაჯების შეცდომების შედეგად, ბრინჯაოს მედალს დავჯერდი,' - ამბობს კონსტანტინე ჯანაშია.

📺 პირველი მოძრაობა, რომელმაც მთელი შეჯიბრის ბედი განსაზღვრა

კონსტანტინე ჯანაშია: 'სტრონგმენი სპორტის ისეთი სახეობაა, სადაც წვრილმან დეტალს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. პირველ მოძრაობაში, მოუხერხებელი მორი მხოლოდ ერთხელ უნდა ამეწია, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო, 190 კილოს აწევა მეორედაც მომიწია, რამაც დიდი ენერგია წაიღო და ამან შემდეგ მოძრაობაზეც იქონია გავლენა. როდესაც პირველი ხარ ცხრილში, ახალ მოძრაობაზე ბოლო გიწევს გამოსვლა, რაც დიდ უპირატესობას იძლევა, რადგან უყურებ კონკურენტებს და ცდილობ მათზე ერთი ნაბიჯით მეტი გააკეთო. გარდა იმისა, რომ დიდი ენერგია სულ ტყუილად დავხარჯე, ბოლოს გამოსვლის უპირატესობაც ბიორნსონს დავუთმე. ასეთი დეტალები წყვეტს ჩემპიონობის ბედს.'

მესამე ადგილი მსოფლიო რეიტინგში

'მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობა შემეძლო, შედეგი ცუდი არ არის. ევროპის ჩემპონატის სამეულში მოხვედრა დიდ მიღწევაა. უკვე მაქვს კონტინენტის პირველობის ვერცხლი და ბრინჯაო, ოქროს მედლისთვის კი მომავალში ვიბრძოლებ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მანჩესტერში გამართული ტურნირის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე ვარ.'

📺 კონსტანტინე ჯანაშიამ ჰერკულესის სვეტები 40.02 წამი შეიმაგრა

წინ მსოფლიოს ჩემპიონატია

'წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც 13-16 ივლისს ფლორიდაში გაიმართება. ეს კიდევ უფრო მასშტაბური ტურნირია, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდება და 18 მოძრაობას მოიცავს. ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენებს მხოლოდ 5 მოძრაობაში გვიწევს გამოსვლა. კონკურენცია იზრდება, თუმცა არა ისე რომ ჩემპიონობისთვის ვერ ვიბრძოლო. ჩემი მთავარი კონკურენტები ისევ ჰაფტორ ბიორნსონი და მატეუს კიელისკოვსკი იქნებიან, თუმცა მათთან ერთად უკვე ამერიკელი ბრაიან შოუც უნდა მოვიაზროთ. ივლისამდე დრო მაქვს, ძალიან მაგრად მოვემზადები და უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ.'

ქართველი ხარი - 🍿 POP ისტორია

👊 ქართველი ხარი - ძალიან ძლიერი კაცი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს 👉 ინტერვიუ სრულად - bit.ly/BULL_PS 👉 ბრინჯაოს ევროპის ჩემპიონატზე - bit.ly/BullEU_PS Georgian BULL

Posted by popsport on ორშაბათი, 08 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები