Thumbnail
  • ბარსელონას ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრის მოლოდინშია
  • ბრაზილიელს ოლდ ტრაფორდზე გულშემატკივრების რეაქციის არ ეშინია
  • კოუტინიო თავის ყოფილ კლუბთან, ლივერპულთან დაპირისპირებაზე ოცნებობს 

ბარსელონას ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალური დაპირისპირების მოლოდინშია. 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი, რომელიც წლების განმავლობაში ლივერპულის ღირსებას იცავდა, "ოლდ ტრაფორდის" გულშემატკივრებისგან არცთუ სასიამოვნო დახვედრას მოელის. კოუტინიოს აზრით, იგივე ელოდება ლივერპულის კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელს - ლუის სუარესსაც.

ჩემპიონთა ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედისა და ბარსელონას პირველი ¼-ფინალური შეხვედრა 10 აპრილს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, საპასუხო დაპირისპირება კი კატალონიის დედაქალაქში 16 აპრილს შედგება.

"არ გამიკვირდება, თუ "ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივრები მე და ლუის სუარესს სტვენას დაგვიწყებენ. ჩვენ ხომ თავის დროზე ლივერპულში გამოვდიოდით. მაგრამ ჩემზე ეს სრულებითაც არ იმოქმედებს. მეტიც, ეს დამატებითი სტიმული იქნება უკეთესად თამაშისთვის. ლივერპულში გატარებულ პერიოდში მივხვდი, რომ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულია. ეს ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდაა აღბეჭდილი და მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად სხვა კარიერულ ეტაპზე ვარ, მაინც ორმაგად ბედნიერი ვიქნები, თუკი ბარსელონა იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდებს", - ამბობს ნახევარმცველი

კოუტინიო ოლდ ტრაფორდზე დე ხეასთვის გატანას კიდევ ერთხელ შეეცდება

თუკი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედის ბარიერს დაძლევს, ხოლო ლივერპული პორტუს აჯობებს, ½-ფინალში ერთმანეთს სწორედ კოუტინიოს ამჟამინდელი და ყოფილი გუნდები შეხვდებიან. 

"ვიცი, რომ ამ დაპირისპირების დროს ლივერპულის გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, მაგრამ მათ ისიც იციან, რომ შემდეგ შეიძლება ჩვენ მოგვიხდეს "ენფილდზე" შეხვედრა და იქაც გამარჯვების სურვილით ჩავალ. ლივერპულში კიდევ ერთხელ თამაში - ეს ოცნებაა, ემოციების აფეთქება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვამჯობინებდი ერთმანეთს ფინალში შევხვედროდით", - აბობს ბრაზილიელი.

ფილიპე კოუტინიო ლივერპულის ღირსებას 2013-18 წლებში იცავდა, რის შემდეგაც ბარსელონაში 142 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა.

26 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე ლა ლიგის 29 მატჩში ითამაშა (19 ძირითადში), გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები