Thumbnail
  • დეტროიტი პლეი ოფში წესით, უპრობლემოდ უნდა გასულიყო
  • რეგულარული სეზონის ბოლოს პისტონსის კრიზისი აშკარაა
  • შარლოტთან მარცხი (91:104) ზედიზედ მეოთხე წაგება იყო
  • ზაზა ფაჩულიას გუნდს მე-8 ადგილის სანატრელი გაუხდა

თუ დეტროიტი NBA-ს პლეი ოფში ვერ გავა (შანსი ახლა უკვე ძალიან მაღალია), ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შარლოტთან ეს დუელი იქნება - ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამ სეზონში ჰორნეტსთან უკვე მეოთხედ წააგო!

ამავდროულად, პისტონსისთვის ეს უკვე ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო, რაც გუნდს, რეგულარული სეზონის ბოლოს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. შარლოტმა კი პირიქით, ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და პლეი ოფში გასვლის თითქმის დაკარგული შანსი დაიბრუნა. არადა, როგორ ემზადებოდნენ დეტროიტელები ზეიმისთვის…

კემბა უოკერი უნდა გაგვეჩერებინაო, თქვა მატჩის შემდეგ პისტონსის მთავარმა მწვრთნელმა დუეინ კეისიმ. ვერ გააჩერეს! კემბამ 31 ქულა ჩააგდო და ამას 8 მოხსნა და 7 პასიც დაამატა. მარტო პირველ ტაიმში მას უკვე 20 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. თუმცა შარლოტის გამარჯვება მხოლოდ მისი დამსახურება არ არის - ფრანკ კამინსკიმ 24 ქულა მიითვალა, ჯერემი ლემბმა - 17. პირველი ტაიმის შემდეგ შარლოტი უკვე 20 ქულით იგებდა. მართალია, მესამე პერიოდში პისტონსმა თამაში გამოასწორა, მაგრამ საბოლოოდ თამაშის შეტრიალებისგან შორს იყო.

ბლეიკ გრიფინმა ითამაშა, მაგრამ აშკარაა, რომ ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს - მან მხოლოდ 16 ქულის დაგროვება შეძლო. ყველაზე მეტი ქულა იშ სმიტის ანგარიშზეა (20), ანდრე დრამონდმა კი უბრალოდ თავისი საქმე გააკეთა - 15 ქულა, 23 მოხსნა. ზაზა ფაჩულიას, სამწუხაროდ, არ უთამაშია.

ანდრე დრამონდმა ორმაგი დუბლი შეასრულა

აღმოსავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელი 3 გუნდის ვინაობა იყო გასარკვევი - ორი უკვე გარკვეულია: ორლანდო მეჯიქმა (116:108 ბოსტონთან) და ბრუკლინ ნეტსმა (108:96 ინდიანასთან) პლეი ოფში თამაში გაინაღდეს. დარჩა ერთადერთი, მე-8 ადგილი, რომლისთვისაც დეტროიტი, მაიამი და ახლა უკვე შარლოტიც იბრძვიან. სამივეს 2-2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ფაჩულიას გუნდი დანარჩენებზე ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია - ორივეზე ერთით მეტი მოგება აქვს.

მომდევნო ‘ფინალი’ დეტროიტს 10 აპრილს ექნება - მემფისთან მოგება აუცილებელია.

📺 ვიდეო: დეტროიტი 91:104 შარლოტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები