Thumbnail

‘ეს ის ფორმულა 1 აღარ არის!’ - სებასტიან ფეტელი წასვლაზე ფიქრობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სებასტიან ფეტელმა ფორმულა 1-ზე და საკუთარ მომავალზე ისაუბრა
  • გერმანელი, შესაძლოა, კონტრაქტის დამთავრების შემდეგ წავიდეს

სებასტიან ფეტელს ფერარისთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. რა მოხდება 2021 წლიდან? ეს ჯერ არავინ იცის. 31 წლის გერმანელი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კარიერას არ დაასრულებს. მიზეზი: ფეტელს მიაჩნია, რომ Liberty Media-ს ხელში ფორმულა 1 არასწორი მიმართულებით ვითარდება.

“კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე მაქვს გაფორმებული. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ წელს და გაისად აუცილებლად ვიასპარეზებ. მერე კი უკვე აღარ ვიცი, რადგან არავინ იცის, რა მოხდება რეგლამენტთან დაკავშირებით. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ 2021 წელსაც ფორმულა 1-ში ვიქნები მარტო იმიტომ, რომ ფორმულა 1-ში ვიყო,” - განაცხადა ფეტელმა ‘Sunday Times-თან’ ინტერვიუში.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ფორმულა 1-ის წესების ხშირი ცვლილება არაერთხელ გაუკრიტიკებია. მას V6-ჰიბრიდ-ტურბო ძრავებს V8 ატმოსფერული ძრავები ურჩევნია და ამას არასდროს მალავდა. ფეტელი ყოველთვის ამბობს, რომ ფორმულა 1-ის ბოლიდებში ბატარეის ადგილი არ არის. სებაზე რომ იყოს დამოკიდებული, გასწრების დამხრმარე სისტემა DRS-ს ახლავე გააუქმებდა.

'ფორმულა 1 ახლა უფრო მეტად შოუ და ბიზნესია, ვიდრე სპორტი...'

“ფორმულა 1-ში ადრე გაცილებით მეტი ღირებულებები იყო, დღეს კი ამ ღირებულებების საკმაოდ დიდი ნაწილი გამქრალია. ფორმულა 1 ახლა უფრო მეტად შოუ და ბიზნესია, ვიდრე სპორტი. შესაძლოა, იგივეს სპორტის სხვა სახეობებზეც უნდა ვამბობდეთ, მაგრამ სხვა სპორტებში სპორტსმენებს ეს ყველაფერი ისე ძალიან არ შეეხო, როგორც ჩვენ, ფორმულა 1-ის მრბოლელებს. უბრალოდ, უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა და რა გვჭირდება. თუ ვიტყვით, რომ შოუ გვინდა, შოუ გავაკეთოთ,” - ამბობს ფეტელი.

კომენტარები

ბოლო ამბები