Thumbnail

‘მოლაპარაკებები კარგად მიდის’ - ოლივერ კანი ბაიერნისთვის მზადაა! 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ოლივერ კანის ბაიერნში დაბრუნებამ კონკრეტული ფორმები მიიღო
  • ყოფილმა მეკარემ რეკორდმაისტერთან მოლაპარაკებები დაადასტურა

ოლივერ კანი მიუნხენის ბაიერნში დაბრუნებას უახლოვდება - ლეგენდარულმა მეკარემ ამ თემაზე კონკრეტულად ისაუბრა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბავარიულ გრანდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“საქმე წინ მიდის!” - განაცხადა კანმა შაბათს, ტელეკომპანია ZDF-ის გადაცემა ‘Aktuelle Sportstudio-ში’ და დასძინა: “ეს იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭომ უკვე თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ კლუბში ვიმუშავო.”

ოლივერ კანი ბაიერნში დაბრუნდება

49 წლის კანმა ბაიერნში დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე უნდა შეცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლი რეკორდმაისტერის გენერალური მენეჯერი გახდება, თუმცა მანამდე, კანს სამეთვალყურეო საბჭოში დაასაქმებენ, რუმენიგეს კი ახლო მომავალში შეცვლის.

“ბაიერნში დაბრუნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვევა იქნებოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამისთვის უკვე მზად ვარ. ბოლო წლებში ბევრი რამ ვისწავლე და შევცვალე. ასეთ გამოწვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ მივხვდები, რომ ამისთვის ნამდვილად მზად ვარ.” - დაამატა კანმა.

რაც შეეცება კოვაჩს

ოლივერ კანმა ხსენებულ გადაცემაში არა მარტო ბაიერნში დაბრუნებაზე, არამედ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის შესახებაც ისაუბრა.

კარლ-ჰაინც რუმენიგე და ნიკო კოვაჩი

“ნიკო კარგი მწვრთნელია, რომელიც ბაიერნში დამატებით გამოცდილებას იძენს. ის ახლა მძიმე წნეხის ქვეშაა, რაც ლოგიკურია. მის ადგილზე ნებისმიერ მწვრთნელი წნეხის ქვეშ იქნებოდა, რადგან ყოველთვის ასე ხდება, როცა ბაიერნი ჩემპიონთა ლიგიდან ვარდება და ბუნდესლიგაში დიდი უპირატესობით არ ლიდერობს. მე მას ვურჩევდი, რომ გულთან ახლოს არ მიიტანოს ყველაფერი, რაც პრესაში იწერება,” - განაცხადა კანმა.

შაბათს, ბაიერნმა ბუნდესლიგის სეზონის მთავარ მატჩში, უმთავრესი კონკურენტი დორტმუნდის ბორუსია 5:0 გაანადგურა და ლიდერობა დაიბრუნა.

კომენტარები

ბოლო ამბები